საქართველო სცილასა და ქარიბდას შორის (პირველი ნაწილი)

საქართველო სცილასა და ქარიბდას შორის (პირველი ნაწილი)

რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა. 2007 წელს პრეზიდენტი  ვლადიმირ პუტინი მიუნხენში აგრესიული სიტყვით გამოვიდა. 2008 წლის აგვისტოში იყო რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი. 2014 წელს რუსეთმა მიიერთა ყირიმი და  იქ ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. 2022 წლის 24 თებერვალს კი დაიწყო რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც შვიდი თვეა გრძელდება და არავინ იცის როდის დასრულდება. 

რუსეთის დაპირისპირება დასავლეთთან

ისტორიის ეს თხუთმეტწლიანი მონაკვეთი რუსეთის დასავლეთ სამყაროსთან დაცილებისა და დაპირისპირების ეტაპიც არის. თუ 2014 წელს ყირიმის მიერთების შემდეგ წარმოთქმულ მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა საჭიროდ ჩათვალა კეთილი სიტყვით მოეხსენებინა გერმანია და მისი კანცლერი ანგელა მერკელი, ამჯერად დაპირისპირება შეურიგებელია და კრემლი აღმოსავლეთისაკენ სრული სტრატეგიული ბრუნისათვის არის მზად. აქ უპირველეს ყოვლისა ჩინეთი იგულისხმება, თუმცა აზია მრავალ სხვა არჩევანსაც გულისხმობს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკონომიკურად უძლიერესი რეგიონია, გარკვეული პერსპექტივა ამგვარ მიდგომას, ცხადია, აქვს. 

და მაინც, ამ კონფლიქტის დროს კრემლი, უპირველეს ყოვლისა, ევროპაზე ფიქრობს. მას სწორედ აქ სურს საკუთარი პოზიციების დაბრუნება და განმტკიცება. ამ მიზნის მისაღწევად კი მზად არის გარკვეული (არცთუ მცირე) დროით სტრატეგიული სიმარტოვის პოზიციაში დადგეს. რუსეთს სურს აღიდგინოს ევრაზიული იმპერიის სტატუსი და უკრაინაში ომი სწორედ ამას ისახავს მიზნად - ევროპის ე.წ. დიდ ველზე გასვლას. 

მართლაც, თუკი რუსეთი აზიურ სახელმწიფოდ დარჩება, მას ძალზე გაუჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მიღწევა. ჩინეთთან, ინდოეთთან და აგრეთვე აზიის სხვა მრავალრიცხოვან და განვითარებულ ქვეყნებთან ჭიდილში სერიოზულ წარმატებაზე იგი ვერც იოცნებებს. სულ სხვაა, თუ ეს ქვეყანა მოახერხებს ერთდროულად მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს როგორც ევროპაზე, ისე აზიაზე.

ცხადია, ამგვარი გეგმის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური მოსკოვი ძალზე სერიოზულად არის დაეჭვებული ევროპის სიმტკიცე და ერთიანობაში. იგი, რასაკვირველია, დარწმუნებული იყო, რომ შეძლებდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეურიგებელი დაპირისიპირების გაღვივებას, რა მიზნითაც აქტიურად გამოიყენებდა ენერგეტიკულ ბერკეტებს, რომელიც მას ასე წინდახედავად ჩაუგდეს ხელში. დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკა ძალიან არის დამოკიდებული საკუთარი მოქალაქეების მოკლე და საშუალოვადიან განწყობაზე. ენერგეტიკული და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისი ევროპის ქვეყნებს უნდა აიძულებდეს მშვიდობიანი გამოსავლის ძიებას, თუნდაც დათმობების ფასად, რაც რუსეთს სტრატეგიულ უპირატესობას ჰპირდება. 

მეორეს მხრივ, აშშ-ს პოლიტიკის მარცხმა შუა აღმოსავლეთში (ერაყი, სირია), განსაკუთრებით კი, მსოფლიოს პირველი ქვეყნის სამარცხვინო გამოქცევამ ავღანეთიდან, რუსეთი დაარწმუნა, რომ სწორედ ეხლა არის დრო ღია აგრესიაზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პიროვნულ ფაქტორებს. ჩათვალეს, რომ დასავლეთში ახლა არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც გაუძლებენ მკაცრ (ცხელ) პრესინგს. ცივი ზამთრის მოლოდინი პანიკაში ჩააგდებს მათ და უკან დახევას აიძულებს.კრემლში არ უნდა იყვნენ მაღალი წარმოდგენისა ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტზეც.

და ბოლოს, - ჩინეთი. მოსკოვი, რასაკვირველია, ითვალისწინებს იმას, რომ დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ-ს დასუსტება ჩინეთის ინტერესებში შედის. ბარაკ ობამა იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ამერიკის უპირველესი მეტოქე არის ჩინეთი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად სწორედ მოსკოვი გახდება დასავლეთის პირველი მტერი, ჩინეთი მოიგებს ძვირფას დროს და კიდევ უფრო განამტკიცებს საკუთარ პოზიციას მსოფლიოში. ამ კონფლიქტში რუსეთის შესაძლო  წარმატების შემდეგ კი (არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ნგრევის შემთხვევაში), ჩინეთს გაუჩნდება რეალური შანსი ტაივანის მიერთებისა. ცხადია, ყურადღების მიღმა არ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიც არის იაფი გაზი და ნავთობი პეკინისათვის.

იმპერიის აღდგენის მცდელობა

შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებისას რუსეთს ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა იმპერიის აღდგენის ფორმის შესახებ. აშკარაა, რომ კრემლი აღარ აპირებს მიერთებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭოს (საბჭოთა კავშირის მსგავსად). პირიქით, იქ მიიჩნევენ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის ერთ ერთი უპირველესი მიზეზი სწორედ მისი შემადგენელი რესპუბლიკების თავისუფლების დიდი ხარისხი იყო. ამ შეცდომის გამეორებას აღარავინ აპირებს. მიერთებულ ტერიტორიებს მისცემენ მინიმალურ ავტონომიას, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური საფანელი თუ ექნება და ისიც ძალიან მყიფე. ასე რომ, როდესაც რუსი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, მასში მხოლოდ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ საზრისს დებენ (უპირობო გავლენის მოპოვება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე) და არა საბჭოთა პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის რეგენერაციას. ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი უფრო მოდერნული პროექტი იყო, ვიდრე ის, რასაც კრემლი დღეს გვპირდება. სწორედ ამიტომ ითქვა მოსკოვმა უარი ს.ნ.გ. სისტემაზე, რომელიც ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს.

რუსი პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგოსები, რასაკვირველია, არ მოელოდნენ შეიარაღებული დაპირისპირების  იმ სცენარს, რაც სადღეისოდ გვაქვს სახეზე (ამას საერთოდ ცოტა ვინმე თუ მოელოდა მსოფლიოში). ომში დროის ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, ვინაიდან არსებული რესურსების მობილიზება და, განსაკუთრებით, სხვა ქვეყნებისაგან ეფექტიანი დახმარება მიღება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამ დროის განმავლობაში ომში ჩაბმულმა ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს საფრთხეს. ეს უკრაინამ წარმატებით მოახერხა, რაშიც უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების თავდადების გარდა, რუსულმა თავდაჯერებულობამ და ვითარების არასწორმა შეფასებამ ითამაშა როლი. მართლაც, უკრაინის დამორჩილება 185-ათასიანი სამხედრო დაჯგუფებით ძალზე ოპტიმისტური და იმავდროულად არასწორი გადაწყვეტილება იყო.

უეჭველია, რომ თავდაპირველად კრემლი სწორედ კიევის აღებას და მოწინააღმდეგის სრულ კაპიტულაციას ესწრაფვოდა, რაც არსებული ძალებით შეუძლებელი აღმოჩნდა. შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ დნეპრის მარცხენა ნაპირის უკრაინისათვის ბრძოლაში ორივე მხრიდან 4 მილიონი სამხედრო მონაწილეობდა. ცხადია, რომ კრემლს ძირითადად საკუთარი მეხუთე კოლონის იმედი ჰქონდა, რომელსაც ისე უნდა მოემზადებინა ვითარება, რომ უკრაინის მოსახლეობა პურმარილითა და ყვავილებით დახვედროდა „განმათავისუფლებელ“ არმიას. ამას ადასტურებს ის მოვლენები, რაც შემდგომ განვითარდა. მაღალი ჩინის რუსი მოხელეები, რომლებსაც ამ მნიშვნელოვანი დავალების აღსრულება ევალებოდათ, ციხეში აღმოჩნდნენ. ასეთი სულისკვეთებისა იყო რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პროპაგანდაც („ორ- სამ დღეში კიევში ვიქნებით“). შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დაემსგავსა იმ ქოსატყუილას, რომელმაც მთელ სოფელში სიცრუე გაავრცელა, შემდეგ კი თვითონვე დაიჯერა საკუთარი ნათქვამი, შესაბამისადაც მოიქცა და მძიმე მატერიალური და რეპუტაციული დანაკარგი განიცადა.

გარკვეული დროის შემდეგ მოსკოვი მიხვდა საკუთარ შეცდომას და ძირითადად საავიაციო და საარტილერიო ცეცხლით ცდილობს წარმატების მიღწევას. ავიაცია ძალიან სერიოზული პრობლემა იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროსაც და ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უკრაინული მხარის მიერ (2008 წელს ქართული ცა სრულიად დაუცველი აღმოჩნდა). იყო სხვა შეცდომებიც (მაგალითად, სამხრეთ უკრაინის არასაკმარისი დაცვა), თუმცა მთავარი ამოცანა პირველ ეტაპზე შესრულდა. რუსული შემოტევა მოგერიებულ იქნა, კიევის აღების საშიშროება განეიტრალდა, ხოლო მოწინააღმდეგის არმიამ სამხრეთისაკენ დაიხია და იძულებული გახდა ბრძოლის სტრატეგია  შეეცვალა. მოგებული დრო საკმაოდ ეფექტურად იქნა გამოყენებული - სადღეისოდ უკრაინა იღებს სამხედრო დახმარებას, რომლის მოცულობა და ხარისხი  განუხრელად იზრდება.

დაპირისპირების მოცემულ ეტაპზე აშკარა ხდება რუსული იარაღის დაბალი ეფექტურობა, აგრეთვე ამ ქვეყნის არმიის არასაკმარისი მზადყოფნა. ვფიქრობთ, რუსეთის ძირითადი სისუსტე მაინც სხვა მიმართულებით უნდა ვეძიოთ. თუკი ეს ქვეყანა მართლაც აპირებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოებას, მან ამ ქვეყნებს რაღაც უფრო სერიოზული უნდა შესთავაზოს ვიდრე შიშველი სამხედრო ძალის დემონსტრირებაა - „დამემორჩილეთ, თორემ დაიღუპებით“ არ არის პერსპექტიული გზავნილი. იმპერიამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და თანამედროვე ცხოვრება პოლიტიკური ელიტისთვის მაინც. არაფერს მსგავსს რუსეთი არ აპირებს. მას არ გააჩნია მეტ-ნაკლებად ღირებული პოლიტიკურ-სამართლებრივი, ეკონომიკური, ან კულტურული პროექტი რომელსაც შესაძლო უმცროს პარტნიორებს შესთავაზებს. ამ გაგებით პუტინს სურს 21-ე საუკუნის ჩინგიზ ყაენი იყოს და თანაც წარმატებული. სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა, ვისაც რეალურად ემუქრება რუსულ „სამოთხეში“ მოხვედრა, ცდილობს ნებისმიერ ფასად თავი დააღწიოს მას. ფართო გაგებით სწორედ მიმზიდველობის არარსებობის გამო არ შედგა ე.წ. „რუსული სამყარო“, ხოლო უკრაინის რუსი ეროვნების მოქალაქეთა დიდი ნაწილი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ან გაიქცა ქვეყნიდან, ან იარაღით ხელში წინ აღუდგა „დედა სამშობლოს“. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მკვეთრად წარმოაჩინა აგრესორის სამხედრო სისუსტეები, ცხადი გახდება ის ფუნდამენტური შეცდომები, რომლებიც რუსეთმა დაუშვა ომის დაწყებისას პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიის არჩევის დროს.

ომი უკვე შვიდი თვეა მიმდინარეობს. მისი მასშტაბებიც იზრდება. სწორედ იმიტომ, რომ ვითარება  გლობალური დაძაბულობის  ხასიათს იძენს, უნდა განვიხილოთ ყველა ძირითადი მოთამაშის ქცევა და მათი შესაძლო შედეგები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიაზროთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები და ქართული პოლიტიკის დღევანდელი ავ-კარგი.

ჩრდილოეთ ატლანტიკური კავშირი (ნატო)

კონფლიქტის განვითარების ამ ეტაპზე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება აპოგეას აღწევს. თანდათანობით რუსეთ-უკრაინის ომი კრემლსა და დასავლეთს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს რა თქმა უნდა, ზრდის საფრთხეს არა მარტო უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვისაც. თუმცა ამავდროულად გარკვეულ პერსპექტივებსაც აჩენს რუსეთის დაშოშმინების თვალსაზრისით, მისი აგრესიულობის განეიტრალების კუთხით.  

დასავლეთის ქვეყნებმა ომის დიპლომატიის ფარგლებში შექმნეს რამშტეინის ფორმატი, რისი საშუალებითაც უფრო ეფექტურად ამარაგებენ უკრაინას იარაღით. ცხადია,რომ ნატოს სრული ჩართვა ამ საქმეში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას გაართულებდა და შეაყოვნებდა. გარკვეული, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ევროკავშირშიც. აშკარაა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად გრძნობენ რუსულ საფრთხეს (თუნდაც გეოგრაფიული ფაქტორის გამო), აქტიური ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები არიან (უპირველეს ყოვლისა პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, აქვე შეიძლება მოვიაზროთ რუმინეთი, რომელსაც მოქმედებისაკენ მოლდოვას პრობლემა უბიძგებს, ბულგარეთი, საიდანაც ამას  წინათ 71 რუსი დიპლომატი გააძევეს ჯაშუშობის ბრალდებით). ევროკავშირის ძველი წევრები კი (მათ შორის საფრანგეთი და, უკანასკნელ დრომდე, გერმანია) უფრო „დაბალანსებული“ პოლიტიკის მომხრეებად გვევლინებიან. თუმცა მოვლენათა განვითარების ლოგიკა მათაც აიძულებს თანდათანობით შეურიგებელ პოზიციებზე დადგნენ.

ძალზე საინტერესოა ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის როლი. პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაასრულა ბრექსიტი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას სწორედ ეს ქვეყანა გვევლინება წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერად. ბორის ჯონსონის პოლიტიკა გულისხმობდა აღმოსავლეთ ევროპის შემოკრებას დიდი ბრიტანეთის გარშემო გარკვეული ალიანსის ჩამოყალიბების ფორმით. ეს მიდგომა მიზნად ისახავდა ევროპის კონტინენტზე კიდევ ერთი გაერთიანების გაჩენას ანგლო-საქსების უშუალო მეთაურობით (დიდი ბრიტანეთის უკან ცხადია, აშშ მოიაზრება). ასეთ შემთხვევაში ევროპის კონტინენტზე ფაქტობრივად გაჩნდებოდა ორი ურთიერთგადამკვეთი გაერთიანება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადღეისოდ ბირთვული იარაღი მხოლოდ საფრანგეთს გააჩნია. მეორე ალიანსის ფორმირების შემთხვევაში კი ბირთვული იარაღი ამ უკანასკნელსაც ექნება (დიდი ბრიტანეთი და პოტენციურად აშშ). იმ პირობებში, როდესაც კრემლი ღიად ლაპარაკობს ტაქტიკური ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენებაზე და თან ვითარებაც უკიდურესად დაძაბულია, ბირთვული ძალმოსილების საკითხი წინა პლანზე გამოდის.

რასაკვირველია, ორივე ამ გაერთიანებაში (რეალურშიც და ჰიპოთეტურშიც), უკრაინა თავის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ვფიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა შესთავაზეს, სწორედ ზემოხსენებული გარემოება იყო. ევროკავშირს, რასაკვირველია, არ სურს ამ კონტინენტზე ალტერნატიული გაერთიანების წარმოქმნა. გერმანიის პოზიციის ცვლილებაც (რუსეთთან შეურიგებელი დაპირისპირების მიმართულებით), ამ ვითარებასთან  უნდა იყოს დაკავშირებული. ბორის ჯონსონის მიერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გაურკვევლობის ხარისხმა მოიმატა, ზემოთ ხსენებული პროექტის რეალიზაცია კი შეჩერდა. თუმცა, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ბრიტანეთმა გადაუხვიოს აღებულ კურსს. ბრექსიტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ საკუთარი გეოპოლიტიკური განზომილებაც გააჩნია (არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბრიტანეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რამდენად წარმატებულად, ამას მომავალი გვიჩვენებს).

ყოველივე ზემოთქმული კი ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინასთან სტრატეგიული (და სხვა ხასიათის) კავშირი. ომის დიპლომატიას თავისი სირთულეები ახლავს და ისინი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. რასაკვირველია ევროპაში მოსალოდნელია კრიზისი, საკმაოდ გრძელვადიანი, როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა სანახევროდაც რომ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, ევროპის უსაფრთხოების არსებული სისტემიდან არაფერი დარჩება. შესაბამისად, საჭირო გახდება ყველაფრის თავიდან დაწყება, ახალი გაუკვალავი გზების ძიება და ეს ყოველივე განვითარდება უდიდესი რუსული სამხედრო საფრთხის ფონზე. რასაკვირველია, ამგვარი ვითარების დაშვება ევროპისათვის მომაკვდინებელია, რაც ახლა უკეთ ესმით ბრიუსელში, პარიზსა და ბერლინში. იმედია - სხვაგანაც. ვიმეორებთ: ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს ძველი კონტინენტისათვის. ევროპის ქვეყნებმა, თუკი მათ თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩენიათ, ამ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ და შესაბამისი ფასიც გადაიხადონ.

კონფლიქტის სადღეისო ფაზა დაპირისპირების საკმაოდ მაღალ დონეს გულისხმობს და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი დოზით არის მასში ჩართული, რაც არ არის მოულოდნელი. აშშ-ს სერიოზული საფუძველი გააჩნია ამგვარი პოზიციის დასაკავებლად:

•    ეს ქვეყანა ევროპისათვის ბრძოლას ვერანაირად ვერ განერიდება;

•    მას არა აქვს უფლება აღმოსავლეთში განცდილი მარცხის (ავღანეთი) შემდეგ კიდევ ერთი დიდი წარუმატებლობა იგემოს, ისიც - შუაგულ ევროპაში.

სწორედ ამიტომ (და რიგი სხვა მიზეზების გამოც), აშშ საკმაოდ აქტიურად მოქმედებს ანტირუსული კოალიციის შექმნისა და ამოქმედების თვალსაზრისით. ლენდ-ლიზის პროგრამის გააქტიურებაც ამის დასტურია. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი და მისი ლიდერი მზად არიან ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის. ლენდ-ლიზის რეალური ამოქმედება გარკვეულ დროს მოითხოვს (მეორე მსოფლიო ომში ამას წელიწადზე მეტი დასჭირდა), და ამგვარი ნაბიჯის გადადგმისას ქვეყნის ხელმძღვანელობას ზუსტად უნდა სცოდნოდა, რომ ეს დრო მას აქვს, და უკრაინის შეიარაღებული ძალები ქმედით წინააღმდეგობას გაუწევენ აგრესორს საშუალო პერსპექტივაში მაინც.

ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა რაც აშშ-სა და ევროპას გააჩნია ამ ომში ისაა, რომ ძირითადად მათზეა დამოკიდებული კონფლიქტის განვითარების ინტენსივობა, ხასიათი და ხანგრძლივობა. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს - უკრაინის არმიის სამხედრო მზადყოფნა და თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდების სწორი რეგულაცია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა დაბალი მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთება.

ჩინეთი

ყოველივე ზემოთქმული ომის დიპლომატიისა და ეკონომიკის აქსიომაა. თუმცა არის მომენტები, რომლებიც დამატებით განსჯასა და განმარტებას ითხოვს. ასეთია ამერიკის კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოზის ამასწინანდელი ვიზიტი ტაივანში. ოფიციალური რიტორიკის მიუხედავად ეს ვიზიტი, რასაკვირველია, შეთანხმებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საღი აზრი ომის დროს იმგვარ მოქმედებას მოითხოვს, რომ მტრის რიგები კიდევ ერთი ძალზე სახიფათო მოწინააღმდეგით არ გაზარდო. ვიზიტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩინეთში და ამ ქვეყანას ფრონტის ხაზზე დასავლეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ჩადგომის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტი მისცა. ისე ჩანს, რომ ქალბატონი პელოზის ვოიაჟი არ იყო დროული. ამასთან, არის გარემოებები, რომლებიც დამატებით ყურადღებას იმსახურებენ. 

ზემოთ ჩვენ უკვე მივუთითეთ იმ უპირატესობაზე, რასაც მოიპოვებს ჩინეთი დასავლეთ-რუსეთის მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივი კონფლიქტის შემთხვევაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას და გადაწყვეტილების მიღება არც ისე იოლია. მართლაც, ჩინეთი დღეს მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა და თუ ასე გაგრძელდა, ორი-სამი თაობის შემდეგ (50-70 წელი) დიდი შანსია, პირველიც გახდეს. მსოფლიოში სადღეისოდ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვან პერსპექტივებს შლის ჩინეთის წინაშე. თუმცა, იმავდროულად მკვეთრად ზრდის გაურკვევლობის ხარისხს, აჩენს გლობალური „ცხელი“ დაპირისპირების შესაძლებლობას. ერთი სიტყვით, გვპირდება „საინტერესო დროს“, რომელში ცხოვრებაც, როგორც ცნობილია, ჩინელებს არ უყვართ. თავის დროზე „ჩინური საოცრების“ არქიტექტორმა დენ სიაოპინმა ორი ხელმძღვანელი მითითება დაუტოვა შთამომავლობას: 

•    ჩინეთის სათავეში შეიძლება იყვნენ ადამიანები მხოლოდ ორი ხუთწლიანი ვადით და თანაც 60-დან 70 წლამდე ასაკისა. აქამდე ჩინეთის კომუნისტური პარტია ზუსტად იცავდა ამ მითითებას. ძიან ძემინი და ლი პენი, შემდეგ ჰუ ძინტაო და ვენ ძიაბაო, ახლა კი სი ძინპინი და ლი კეციანი აქამდე ზუსტად იცავდნენ ათწლიან ციკლს. 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა, სადაც ამხანაგი სი, სავარაუდოდ, შეეცდება პირველად დაარღვიოს ეს წესი და კიდევ ხუთი წლით დარჩეს ხელისუფლებაში (ეს წესი პლენუმზე უკვე გააუქმეს, მაგრამ ყრილობამ უნდა დაამტკიცოს).

•    მეორე მითითება გულისხმობს ჩინეთის მიერ თავდაჭერილი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოებას. რეფორმატორი ლიდერი თვლიდა, რომ 2050 წლამდე ჩინეთმა არ უნდა განაცხადოს პრეტენზია პირველობაზე. აშკარაა, რომ თუკი ეს ქვეყანა მოინდომებს ჰონკონგის სტატუსის სრულ გაუქმებას, აქტიურად ჩაებმება კონფლიქტში, ძალის გამოყენებით  მიიერთებს ტაივანს (და ზოგადად გამოავლენს ექსპანსიონიზმს), მაშინ დაირღვევა ეს წესიც და ჩინეთი დროზე ადრე განაცხადებს პრეტენზიას პირველობაზე, რაც მრავალ წინააღმდეგობას,  გაურკვეველ ვითარებას, და მასთან დაკავშირებულ დიდ რისკს გულისხმობს.

(დასასრული იქნება)