მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა გაისადაც იქნება

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა გაისადაც იქნება

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა პოზიტიური შედეგები მოიტანა. პროგრამა 2013 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყო და სულ ბენეფიციარებს 161 209 318 ლარის ღირებულების ბარათი დაურიგდათ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, პროექტის სირთულეს ძირითადად მიწის მესაკუთრეთა ბაზების შედგენა წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლებამ პრობლემების აღმოფხვრა და 710 000 ოჯახის დახმარება მაინც შეძლო.

მინისტრი ადასტურებს, რომ ამ დარგის ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძლედება და ამას ხელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც შეუწყობს, მათ შორის, კოოპერაციის შესახებ კანონის მიღება, ინფრასტრუქტურის განვითარება, გასარწყავიანება, დაბალპროცენტიანი აგროსესხების გაცემა და ახალი ბაზრების ათვისება, მათ შორის, რუსეთის ბაზრის.

„რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება, აქამდე ამ კუთხით არანაირი სტატისტიკა არ არსებობდა. სიებში გამორჩენილი იყო გლეხების და ფერმერების გარკვეული რაოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში სოფელიც კი. მომავალში ჩვენ გვექნება გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები, ვინაიდან ინფორმაცია ამ ადამიანების, ბენეფიციარების შესახებ უკვე არსებობს. შესაძლოა, ფორმატი მომავალ წელს ცოტა შეიცვალოს, თუმცა პროექტი ძალაში რჩება.

ვფიქრობ, ჯერ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია გაგვაჩნია და მომავალში ეს პროექტი გაცილებით ეფექტური იქნება“, - აცხადებს შალვა ფიფია.

თუმცა მთელი პროგრამის მიმდინარეობისას არაერთი პრობლემა დაფიქსირდა და განსაკუთრებით ეს ეხებოდა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დაფიქსირებულ დარღვევებს. როგორც პროექტის მენეჯერმა დავით კიკნაძემ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში, ყველაზე ხშირად, ფასის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები იქმნება და ამ მიმართულებით მათ 258 ჯარიმა გამოწერეს. საინტერესოა რა მექანიზმით ცდილობს ხელისუფლება მაღაზიების გაკონტროლებას?

„დარღვევა ყველაზე ხშირად ფასის ზრდასთან დაკავშირებით არის, თუმცა ჩვენი მონიტორინგის სამსახური ძალიან მკაცრად აკონტროლებს მაღაზიებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, - აცხადებს კიკნაძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 884 სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაა წარმოდგენილი და წინასწარი მონაცემებით, ფერმერები ყველაზე ხშირად (70%) შხამ-ქიმიკატებს ითხოვენ.

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა კომბინირებული და ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები. ნომინალური ბარათი  ფერმერებს  საშუალებას აძლევს სასოფლო-სამეურნეო  მაღაზიებში შეიძინონ ნებისმიერი სახის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და საქონელი.

ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი,  საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო  მაღაზიებს  ყოველდღიურად ამოწმებს”, - აცხადებს კიკნაძე.

სამომავლოდ პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, მაღაზიების შემოწმებაც გაგრძელდება. ფასების ხელოვნური ზრდის გამო სავაჭრო ობიექტების მფლობელებს კვლავაც დააჯარიმებენ.