სარეკლამო ბაზარი მონოპოლიისგან გათავისუფლდა

სარეკლამო ბაზარი მონოპოლიისგან გათავისუფლდა

სამთავრობო ცვლილებებიდან მალევე სარეკლამო სექტორში ძირფესვიანი ცვლილებები მოხდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სარეკლამო ბაზრი შეისწავლა და სპეციალური კვლევა წარმოადგინა.

„ჯენერალ მედია“ - მონოპოლისტი კომპანია, რომელიც ნაციონალურ არხებზე რეკლამას ყიდდა, აღარ არსებობს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც 2011 და 2012 წლებში რამდენიმე უმსხვილეს სარეკლამო კომპანიას აკონტროლებდა, რამაც ბაზრის პოლიტიზება და მაღალი კონცენტრაცია გამოიწვია, სარეკლამო სექტორში აღარ ფიგურირებს. მისი კუთვნილი რამდენიმე კომპანია წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა.

ბაზრის მოთამაშეები, რომელთაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ ამ არხებზე სარეკლამო შემოსავლის საგრძნობი ზრდა, ნაწილობრივ, იმ ემოციური რეაქციის შედეგი იყო, რომელიც კომპანიებმა პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ გამოავლინეს და არა ბაზრის კვლევის, სატელევიზიო პროდუქტის ხარისხისა და რეიტინგის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება.

ინვესტორებს კვლავაც აფიქრებთ პოლიტიკური არასტაბილურობა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. 2013 წლის პირველი სამი თვის მწირი სარეკლამო დანახარჯებისა და ასევე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული შენელებული ეკონომიკური ზრდის გამო, ბაზრის ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ წელს მთლიანი სარეკლამო დანახარჯების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

„სარეკლამო დანახარჯების ზრდაზე საუბარი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ადგილობრივი და უცხოური ბიზნესები თავდაჯერებულობას აღიდგენენ და ინვესტირებას გაზრდიან. ბევრ მედიასაშუალებას ჯერაც არ ჰყავს სარეკლამო გაყიდვების სპეციალისტი, რომელიც რეკლამის დამკვეთთა მოზიდვას ეცდებოდა“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი მათიას ჰუტერი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეკლამაზე გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა 2012 წელს დაახლოებით 54 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამაზე დახარჯული მინიმუმ 8 მილიონი დოლარიც. სარეკლამო დანახარჯების ყველაზე დიდი ნაკადი - 72% სატელევიზიო სექტორში მიედინება. ამ თანხების, თითქმის, 95 პროცენტი კი თბილისში დაფუძნებულ ტელევიზიებზე მოდის. სარეკლამო დანახარჯების 11 პროცენტი გარე რეკლამაზე, 10 პროცენტი კი რადიო რეკლამაზე მიდის. პრესა სარეკლამო დანახარჯების 5 პროცენტს იზიდავს.

რაც შეეხება ინტერნეტ რეკლამას, ზრდის ტენდენციების მიუხედავად, მისი წილი მთლიან სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, ეს კი 1.5 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებია.

მაშინ, როცა 2012 წელს „რუსთავი-2“-სა და „იმედის“ სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, „მაესტროს“, „კავკასიისა“ და „მეცხრე არხის“ სარეკლამო შემოსავლებმა საგრძნობლად იმატა, თუმცა დეკემბრიდან ამ ტელეკომპანიების ყოველთვიურმა სარეკლამო შემოსავალმა კვლავ იკლო.

2012 წელს გარე რეკლამაზე წმინდა სარეკლამო დანახარჯმა 6 მილიონი დოლარი შეადგინა, ონლაინ მედიაზე - 1.2 მილიონ დოლარი, ხოლო ბეჭდურ მედიაზე - 2.8 მილიონ დოლარი. რადიოსადგურების შემოსავალი დაახლოებით 5.8 მლნ დოლარი.

ჰუტერის შეფასებით, რადგანაც პოლიტიკა სარეკლამო ბიუჯეტების განსაზღვრისას გადამწყვეტ როლს აღარ თამაშობს, ამიტომ მედიასაშუალებებმა ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რომლებიც მაღალი ხარისხი პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს, მარკეტინგს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.