სუსტდება თუ არა რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და როგორ შეიძლება კავკასიაში ძალთა თანაფარდობა გადანაწილდეს? ვის ინტერესებში შედის ახლა აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტის განახლება და როგორ უნდა მოიქცეს საქართველო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე?
ანალიტიკსოები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ კონფლიქტის განახლება აწყობს როგორც რუსეთს, ასევე თურქეთს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 13 სექტემბერს განახლებულ დაპირისპირებაში ორივეს წვლილი დიდი იყოს. პუტინს სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის თავიდან მოშორება ყველაზე მეტად აწყობს. ხოლო თურქეთი შექმნილი სიტუაციით სარგებლობას ცდილობს და სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნა სურს. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ პუტინმა კავკასია ერდოღანს უკრაინის სანაცვლოდაც დაუთმოს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კი უკვე 25 საათია ცეცხლი შეწყვეტილია. მიღწეული შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით, განცხადებები, ჯერჯერობით, არც ოფიციალურ ბაქოს და არც ერევანს არ გაუკეთებია. საზღვარზე არსებულ მდგომარეობას უახლოეს დღეებში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისია შეისწავლის. ამ საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი, პირისპირ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 14 სექტემბერს 20:00 საათზე შევიდა. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა.
მოცემულობა მიუღებელია სომხეთის მოსახლეობისთვის, რომელმაც გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი გამოსვლას კიდევ გეგმავს. ამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა 35-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ფაშინიანის შეურაცხყოფამ პარლამენტში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლებს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მთავრობის წარმომადგენლები აზერბაიჯანთან დათმობაზე წავიდნენ და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოფიციალური ბაქოსთვის ტერიტორიების გარკვეული ნაწილის გადაცემას ითვალისწინებს, რასაც ნიკოლ ფაშინიანი კატეგორიულად უარყოფს.
შიდა დაპირისპირება სომხეთში ორი დღის წინ აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულმა სიტუაციამ გამოიწვია. ერევანი ბაქოს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებდა. ბრალდებას ბრალდებით უპასუხა აზერბაიჯანმა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი ჯარისკაცები ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდნენ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროცესი არ შეწყვიტეს. ამას ორმხრივი სროლა მოჰყვა. შედეგად სომხეთის დანაკარგი, ოფიციალური ინფორმაციით, 105-ს შეადგენს. ბაქოს ცნობით კი - 71 ჯარისკაცი დაკარგეს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ კავკასიაში მოვლენები იცვლება და ფაქტი სახეზეა, რომ რუსეთი უკან იხევს. კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთის სისუსტეს ყველაზე ადრე ერდოღანი და თურქეთი მიხვდა, ამიტომაც აზერბაიჯანი წააქეზა და უთხრა - როდემდე უნდა ელოდოს რუსეთს. ახლა მისი დროა და 30 წლის განმავლობაში რუსების ტყუილს წერტილი უნდა დაუსვას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს, ჯერ ერთი, აღარ აქვს არანაირი სამხედრო დახმარების რესურსი და მეორეც, ის თურქეთს და ერდოღანს ანგარიშს უწევს. მან კარგად იცის ერდოღანი ვინც არის, ამიტომ ახლა უკრაინასთან წარუმატებელი ომის ფონზე, თურქეთთან სომხეთის გამო დაპირისპირება არ უნდა.
„უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ყველამ კარგად დაინახა რუსეთი როგორი ძლევამოსილი ქვეყანაც არის. ამიტომ ერდოღანმა შექმნილი სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტა და აზერბაიჯანი წააქეზა. ყველამ კარგად იცის ამ კონფლიქტის უკან მთავარი მოთამაშე ერდოღანია. ის კავკასიაში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს და ამით რუსეთის განდევნა უნდა. რუსეთი ახლა ყველაზე მძიმე მდგოამრეობაშია, ამიტომაც პუტინმა სომხეთს დახმარებაზე უარი უთხრა. ახლა საჭადრაკო დაფაზე რუსეთი შავი ფიგურაა, ხოლო თეთრი თურქეთი. ის იწყებს სვლას, ხოლო რუსეთი იძულებულია უპასუხოს. კავკასიაში ნატოს წევრი ქვეყნის გაძლიერება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს. ამიტომაც ახლა ყველა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ის, რაც ახლა რუსეთმა სომხეთთან დაკავშირებით გააკეთა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არანაირი ძლევამოსილი სახელმწიფო არ არის და კავკასიაში ახალი რეალობა შეიძლება დადგეს“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი.
რაც შეეხება საქართველოს როლს ამ კონფლიქტში და გავლენას, რომელიც შესაძლოა, კავკასიაში ძალთა გადანაცვლებამ გამოიწვიოს, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ახლა საქართველო რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ მაინც დამალვას და გაჩუმებას ვამჯობინებთ.
„ახლა რაც ჩვენს თავს ხდება, ეს არის ციხეში მყოფი კაცის ამბავი, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავი ამ ციხიდან დაიხსნას. ახლა საქართველო პირდაპირ თურქეთს უნდა ელაპარაკებოდეს და მისი მთავარი მოკავშირე იყოს. ამაზე არაერთხელ დამიწერია, რომ ერდოღანი კავკასიაში თურქეთის გაძლიერებას შეძლებდა. ასეც ხდება და ამ დროს ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიყურებით. საქართველო და თურქეთი არიან როგორც შავ ზღვაში, ასევე კავკასიაში. სომხეთი არ არის შავ ზღვაში და უკრაინა კავკასიაში. ამიტომ ჩვენი როლი ყველაზე დიდია. ამას კი ვერ ვიყენებთ, რადგან ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან რაღაცაზეა შეთანხმებული.
არადა ამ დროს ისტორიულ შანსებს ხელიდან ვუშვებთ. ამის პარალელურად ჩვენი ხელისუფლება აფხაზებს და სომხებს უნდა ელაპარაკებოდეს, ეუბნებოდეს, მოდი დავილაპარაკოთ, რუსეთს მძიმე დღე უკვე დაუდგა და რაღაცაზე მოვრიგდეთ. ამიტომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რათა ჩვენს ქვეყანას მიეცეს საშუალება, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს და ეს უნიკალური შანსი ხელიდან არ გავუშვათ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამ კონფლიქტის განახლებაში, როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის ინტერესებს ხედავს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ვარაუდობს, რომ პუტინი და ერდოღანი უკრაინა - კავკასიით ვაჭრობენ, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პუტინი ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებულ არეულობას მის თავიდან მოსაშორებლად იყენებდეს.
„ერთადერთი, ვისაც დღეს სომხეთის არჩეული ხელისუფლების შეცვლა აწყობს, ეს პუტინია. ამიტომაც აქ ორივეს ხელს ვხედავ, როგორც თურქების, ასევე რუსების. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ორივეს ინტერესი მკაფიოდ იკითხება. საქმე იმაშია, რომ ერდოღანი კარგად ხვდება, რუსეთის ძალა როგორი მილევადია და ეს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც კარგად აჩვენა. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი სამხრეთ კავკასიაზე ხელს ასე ადვილად აიღებს. ამიტომ მაინც ვეჭვობ, რომ ეს არის ფაშინიანის მოსაშორებლად წამოწყებული პორვოკაცია, რომელიც ფაქტია, თურქეთსაც აწყობს. თუმცა არსებობს მეორე ეჭვიც, რომ დასავლეთისგან სრულად ზურგნაქცევი პუტინი ერდოღანს სამხრეთ კავკასიას უთმობდეს და ამის სანაცვლოდ უკრაინასთან დაკავშირებით დახმარებას ან მხარდაჭერას ელოდებოდეს. თურქეთი რომ კავკასიაში მოძლიერებას ცდილობს, ეს ახალი არ არის და უკვე რამდენიმე წელია ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. თუმცა არც პუტინი და არც ერდოღანი ბოლომდე ერთმანეთს არ ენდობიან. არავინ იცის, საბოლოოდ მოვლენები როგორ შეიძლება შეიცვალოს. ფაშინიანი საკამოდ ტრაგიკული ფიგურაა, რომელიც ამ დიდ თამაშში შესაძლოა გაიწიროს. საბოლოო ჯამში, სომხებიც ხვდებიან, რომ რუსები სანდო პარტნიორები არ არიან“, - ამბობს ბენდიანიშვილი.