ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, თბილისის მიმართულებით მოძრავი „ბე-ემ-ვე“–ს მარკის ავტომანქანა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადავიდა და გზისპირა რკინის ჯებირს შეეჯახა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომანქანაში 5 ადამიანი იჯდა, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი, რომელთაგან ორი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და კრიმინალისტიკური სამსახური. დაშავებული მოზარდი გადაყვანილია მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.

წინასწარი ინფრორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ზუსტი მიზეზების დასადგენად ტარდება სატრანსპორტო და ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით).