„აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც დიალოგისთვის ლოჯისტიკურად ყველაზე მოსახერხებელი თბილისია და ჩვენ მუდმივად უნდა შევთავაზოთ მათ თბილისის პლატფორმა“

„აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც დიალოგისთვის ლოჯისტიკურად ყველაზე მოსახერხებელი თბილისია და ჩვენ მუდმივად უნდა შევთავაზოთ მათ თბილისის პლატფორმა“

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტი ორი დღეა მიმდინარეობს. რეგიონის მშვიდობისთვის რომ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება აუცილებელია, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.

სახელმწიფო მეთაურმა, იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით, 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგისთვის ორივე ქვეყნისთვის ლოჯისტიკურად ყველაზე კარგი ადგილი თბილისია. მისივე თქმით, შემდგომ ამ ორ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული, თბილისმა თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სტაბილურობა დამკვიდრდეს. პრინციპში ახლა შეგვიძლია რაღაც როლის თამაში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინტერესი ორივე მხრიდან წამოვა. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვავითაროთ ის ფორმატი, რომელსაც ერთხელ უკვე ადგილი ჰქონდა, როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ერთმანეთს შეხვდა. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ახლა უმთავრესი პრობლემაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის თუნდაც საწყისი კომპონენტების ჩამოყალიბება. ნდობის ჩამოყალიბება კი შესაძლებელია მაშინ, როდესაც ეს ორი მხარე ერთმანეთს ყოველგვარი მესამე მონაწილის გარეშე ხვდება. აზერბაიჯანისთვისაც და სომხეთისთვისაც დიალოგისთვის ლოჯისტიკურად ყველაზე მოსახერხებელი თბილისია. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ჩვენ მუდმივად უნდა შევთავაზოთ თბილისის პლატფორმა. შემდგომ, ამ ორ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული თუ რა როლი შეიძლება თბილსმა ითამაშოს“ - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

საგარე საქმეთა ურთიერთობის საკითხებში ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ საქართველოს მედიატორის როლის შესრულება არ შეუძლია და ამას შემდეგნაირად ხსნის: „სომხეთსა და აზერბაიჯანს ჯერჯერჯობით არ აქვთ ასეთი განზრახვა, რომ მაინც და მაინც საქართველო მათი მედიატორი იყოს. საქმე იმაშია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა შეგვიძლია ჩვენი ტერიტორია შეხვედრის ადგილისთვის შევთავაზოთ. რაც შეეხება მედიაციას, ამისთვის ცოტა მეტია საჭირო. მედიატორი აუცილებლად ორივე მხარეზე გავლენას უნდა ფლობდეს. ასეთი გავლენა რუსეთს, ევროკავშირს, ამერიკასა და თურქეთს გააჩნია, მაგრამ არა საქართველოს. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია მოდიატორობა შევითავსოდ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ძალიან მკაფიოდ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს“.