ომის მესამე ფაზა, რომლის ინიციატივა უკრაინელებმა რუსებს ხელიდან გამოსტაცეს

ომის მესამე ფაზა, რომლის ინიციატივა უკრაინელებმა რუსებს ხელიდან გამოსტაცეს

*უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს - 6 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის 388 დასახლება გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია დაახლოებით 8,500 კვ. კმ და ასევე, დაახლოებით 150 000 ადამიანი. უკრაინა ოფიციალურ ინფორმაციას განთავისუფლებული დასახლებების შესახებ შეგნებულად, დაგვიანებით ავრცელებს. ფრონტის ხაზი ამჟამად 2500 კილომეტრია, საიდანაც 1 300 კილომეტრზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

სიახლეებია ხერსონის ფორნტის მიმართულებითაც. ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის ოლექსანდრ სამოილენკოს განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს.

„ოკუპანტები პანიკაში არიან, ადგილობრივი მოსახლეობა კი მოლოდინის მდგომარეობაშია“, - განუცხადა სამოილენკომ უკრაინულ მედიას.

ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი უკრაინის თავდაცვის უწყებას არ დაუდასტურებია.

კისელივკა ხერსონის აეროპორტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც რუსული ძალების სამეთაურო პუნქტად და ბაზად გამოიყენებოდა.

„კრემლმა ხარკოვის ოლქში მარცხი აღიარა, რაც მოსკოვის მიერ უკრაინაში განცდილი მარცხის აღიარების პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, -  „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, კრემლის ოფიციალური პირები და სახელმწიფო მედიის პროპაგანდისტები ინტენსიურად განიხილავენ ხარკოვის ოლქში რუსეთის მარცხის მიზეზებს, რაც შესამჩნევი ცვლილებაა რუსეთის „გაზვიადებული ან შეთითხნილი წარმატებების გაშუქების წინა მოდელისგან“.

ორგანიზაციის შეფასებით, კრემლის მიერ მარცხის აღიარება იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანი წარუმატებლობით გამოწვეული კრიტიკის პრეზიდენტ პუტინიდან თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ხელმძღვანელობაზე გადატანაა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთს ახლა არა აქვს იმის რესურსი, რომ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება შეძლოს. მას არ ჰყავს კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა, რის გამოც ისინი ხარკოვს გაქცევით ტოვებენ. პოლკოვნიკი ამბობს, რომ პუტინმა მობილიზაციაც რომ გამოაცხადოს, ეს მხოლოდ ქაღლდზე დაწერილი სიტყვები იქნება, რადგან ამ ხალხს მომზადება სჭირდება, ასევე შესაბამისი ტექნიკით და იარაღით აღჭურვა, რისი პრობლემაც რუსეთს აქვს.

„უკრაინის წვრთნასა და მომზადებაში ლამის მთელი ნატოს ბლოკია ჩართული. რუსებმა მობილიზაციაც რომ გამოაცხადონ, ვინ უნდა მოამზადოს ეს ხალხი? უკრაინელების მომზადებაში გერმანია, ბრიტანეთი, ამერიკა, ესპანეთიც ერთვება. მერე მათ რუსებისგან განსხვავებით ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ. ისინი საკუთარ მიწას იცავენ. ესენი კიდევ ქუჩიდან მოკრეფილი ხალხია. ის რეგულარული არმია და გამოცდილი მებრძოლები დაიღალნენ, დაიღუპნენ, ეს ადამიანური რესურსია, რომელიც პუტინმა უკვე გაფლანგა. ასევე უკრაინელებს აღმოჩნდა, რომ რუსებისგან განსხვავებით ყველაზე ძლიერი გენერალიტეტი ჰყავს. გენერლები, რომლებიც ემოციის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად ტაქტიკურ გათვლებს აკეთებენ, რომლითაც რუსებს ატყუებენ. რუსეთი დიდია, მაგრამ ის არ არის ძლიერი. რატომ მოხდა იზიუმის და კუპიანსკის მიმართულებით ასეთი ჩავარდნა, ამას მარტივად ავხსნი, სადღაც 10 დღის წინ ამ ჩავარდნამდე, ხერსონის მიმართულებაზე სერიოზული საფრთხე რუსებმა იგრძნეს და დიდი ძალები იზიუმი- კუპიანსკის მიმართულებიდან მოხსენს და ხერსონიკსენ გადაისროლეს. ჩათვალეს, რომ ამ მიმართულებით საფრთხე ნაკლები იყო. იქ ძალები მოასუსტეს და ძირითადი ხერსონის მიმართულებაზე გადაიყვანეს. ვერ გათვალეს, რომ უკრაინელები ყველა მიმართულებით დაწოლას შეძლებდნენ. უკრაინამ კი სადაც სუსტი წერტილი დაინახა, იქ დაარტყა. ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებაზე იპოვა სუსტი რგოლი და შედეგიც სახეზე გვაქვს“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, რომ რუსეთის გენერალიტეტს თავზე დიქტატორი აზის და ისინი ელემენტარულ გათვლებსაც კი ვერ აკეთებენ. მათი მოწინააღმდეგე უკრაინის გენერალიტეტი კი სრულიად ხელფეხგახსნილია, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბოლომდე ენდობა. სამხედროები სამხედრო გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. მათ საქმეში პოლიტიკოსები არ ერევიან. რუსეთში კი სიტუაცია სრულიად სხვაგვარია.

„უკრაინელები ჯერ მარტო 20 000-მდე სამხედროს, სხვადასხვა მიმართულებით, ამერიკაში ამზადებდნენ. დეტალებს ვერ ვიტყვი რა მიმართულებებზე. ევროპაში კი საერთოდ ცალკე დანაყოფებია წასული. რუსეთს ახლა სჭირდება ძალები, რომ ეს ოკუპაცია შეინარჩუნოს. ამის საკმარისი ძალები არ ჰყავს. რუსებმა ახლა რაღაცა ტერიტორია უნდა აირჩიონ, სადაც ძალების კონცენტრაციას შეძლებენ. სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის გათავისუფლების პირობებში ინგრევა ის რუსული გაგება, რომ მათ ლუგანსკი ბოლომდე გაათავისუფლეს. ხარკოვი შედარებით ადვილი დასათმობია, მაინც უკრაინაში ითვლებოდა“, - ამბობს პოლკოვნიკი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინელების მიერ დაწყებული კონტრშეტევებით ომის მესამე ფაზა დაიწყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ამ მესამე ეტაპს რუსები დაიწყებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ რუსებს ამის ძალა არ ეყოთ და ეს ინიციატივა უკრაინამ აიღო.

„რუსებს ჯარის გადაჯგუფება, მომზადება და შევსება უნდა მოეხდინათ, გარკვეული ოპერატიული პაუზა აეღოთ და მესამე ფაზისთვის მომზადებულიყვნენ, თუმცა ეს არ გააკეთეს. ამიტომაც შეცდნენ და ბრძოლა გააგრძელეს, ეს კი რაც დაუჯდათ ვხედავთ. უკრაინამ შეტევა თავდაპირველად სამხრეთის მიმართულებაზე დაიწყო. შეტევა მიმდინარეობდა ზაპროჟიეს მიმართულებაზე, უკრაინელებმა აქ რუსების თავდაცვა გაარღვიეს, თუმცა რუსებმა უკრაინელების შეჩერება შეძლეს. ამიტომ უკრაინელებმა ბლიცკრიკის ეფექტით ჩრდილო -აღმოსავლეთის მიმართულებით წმენდა დაიწყეს. თამამად უნდა ითქვას, რომ რაც ვერ გააკეთეს რუსებმა, ის უკრაინელებმა შეძლეს. ასევე იყო ყურადღების გადატანის ეფექტი -  რუსებს ეგონათ დარტყმა ხერსონზე იქნებოდა და საბოლოო ჯამში ხარკოვზე მოხდა. ეს ერთგვარი მანევრია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს. უკრაინელები ფრონტის ხაზის შიდა წრიდან მოქმედებენ, ეს კი მათ უპირატესობას აძლევს, რომ მოულოდნელად და სწრაფად რუსებს თავს დაესხან და სპეცოპერაციის სახით მათი განდევნა მოახერხონ. მოწინავე რაზმებით მოქმედებდნენ, ტანკების გარეშე, ძალიან სწრაფად მსუბუქი დაჯავშნილი ტექნიკით. ვინაიდან აქ არ არსებობდა უწყვეტი ფრონტის ხაზი, ადვილად აღწევდნენ სიღრმეებში, ქაოს და პანიკას ქმნიდნენ რუსულ ჯარში“, - ამბობს გენერალი.

მისივე თქმით, ამჟამად უკრაინელებმა ფაქტიურად ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს. რუსების საზღვართან გავიდნენ. გენერალი ამბობს, რომ კუპიანსკის აღებით უკრაინელებმა ყველა საკვანძო ხაზის კონტროლი დაიწყეს. თუმცა რუსებმა ხიდი ააფეთქეს და მდინარის გასწვრივ განლაგდნენ. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ახლა გარკვეულ პაუზას უკრაინელები აიღებენ, რადგანაც მათ ტერიტორია უკვე დაიკავეს. ამიტომ დაკავებული ადგილების გამაგრება და გაფართოვება მოუწევთ. ამას ასევე საკომენდატო სამსახურის ამუშავება დასჭირდება, რაც გარკვეულ რესურს მოითხოვს.

„კუპიანსკი ეს ის ქალაქია, სადაც თავის დროზე რუსებს ჩაბარდნენ. აქ მოსახლეობის ნაწილს რუსული პასპორტებიც აღებული ჰქონდა, ამიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო. ვფიქრობ, რომ საშუალო უკრაინელი სამხედრო გაცილებით მომზადებულია, ვიდრე რუსების, დაწყებული გენერლებიდან რიგითებამდე დასრულებული. უკრაინელებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტაქტიკური მანევრები, რის შედეგადაც მაღალი სამხედრო განათლება და პროფესიონალიზმი აჩვენეს. ძალიან კარგად იყენებენ დაზვერვას, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის მიწოდებული. კარგად იყენებენ ამ ტერიტორიის ლანდშაფტს, რომელიც სამხრეთისგან განსხვავდება. აქ არის მთები და ტყე. იყენებდნენ ნისლიან დილას, რათა ფარულად გადაადგილებულიყვნენ“, - ამბობს გენერალი.