პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ფაქტია, ვიღაცის ინტერესი იყო, ყასაბი, ხორცის დახლიდან, ყოველგავარი სპეციალური შესწავლის გარეშე დაესვა მაღალ თანამდებობაზე. შესაბამისად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გასაგები უნდა იყოს, რა ხდება სოსო გოგაშვილის ბრალდებების უკან - ეს არის მისი თვითშემოქმედება იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს თუ არის სიმართლის მარცვალი? მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი სიტყვების თუნდაც 10% არის სიმართლე, ეს 10% საზოგადოების წინაშე უნდა იყოს გამოტანილი.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
გოგაშვილი უმძიმეს ბრალდებას უყენებს ხელისუფლებას, რომელიც თავისთავად არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს. ერთია რას ამბობს ხელისუფლება და მეორეა ბრალდების შინაარსი. რასაკვირველია, გოგაშვილის მიმართ ნდობის ფაქტორი არ არსებობს, მაგრამ ბრალდების პოლიტიკურ ნაწილს როგორ შეაფასებდით?
რამაზ საყვარელიძე: ტრიბუნა რატომ აქვს? გასაგებია, როგორც წესი, ყველა პატიმრის შემთხვევაში, ოჯახი ლაპარაკობს, მაგრამ აქ თვითონ პატიმარია გაჯგიმული და ის ლაპარაკობს. ამდენი პატიმარია ქართულ ციხეში და ასეთი უნიკალური უფლებები რატომ აქვს მხოლოდ გოგაშვილს?!
ლეგიტიმური კითხვაა, რომელზეც პასუხი ალბათ სასჯელაღსრულებამ უნდა გასცეს...
- არ ვიცი - სასჯელაღსრულებამ, თუ მმართველმა პარტიამ. იმის მიუხედავად, გოგაშვილის ნათქვამის სჯერათ თუ არა, ხელისუფლება - პარტია „ქართული ოცნება“ მას აძლევს საუბრის საშუალებას, ეს უკვე იწვევს „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას და თან ძალიან ძლიერს.
ამ შემთხვევაში რა გზა აქვს „ქართულ ოცნებას“? ცხადია, რომ ბრალდებები, რომელსაც გოგაშვილი ახმოვანებს, მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ...
- უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ არ დადასტურდება ბრალდება, ასეთ შემთხვევაში, ცრუ ბრალდებისთვის აღიძარას სისხლის სამართლის საქმე გოგაშვილის წინააღმდეგ. და თუ დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში - პირიქით, თავად გოგაშვილმა უჩივლოს გომელაურს, რა უშლის ხელს? თუ თვლის, რომ მან დააშავა, მაშინ უნდა წარადგინოს ბრალდება. ძალიან ორღობის მდგომარეობა გამოდის, ან ბოლშევიკების სტილი - მე, ტალახს შევასხამ და მერე თვითონ მიხედოსო. აი, ტალახის შესხმის დონეზე მიდის ეს პროცესი და ტალახი, როგორც ჩანს, ბევრია.
ხშირად, პარტიის წევრები ამბობენ, რომ ასე არ მაწყობს, იმიტომ რომ მე დამიშავდება. ასეთი დამოკიდებულების ყველაზე ცნობილი ილუსტრაცია იყო რეიგანის ფრაზა - „ის ვიცით, რომ მამაძაღლია, მაგრამ ჩვენი მამაძაღლია“. რეიგანი და ამერიკა სხვა ძალის პატრონია, მაგრამ თუკი პარტია ხელს აფარებს იმიტომ, რომ ერთ დროს მისიანი იყო, მაშინ ეს წამგებიანი იქნება მომავალ არჩევნებზე. თუკი გოგაშვილის ბრალდებების ტალღა მიჩქმალა „ქართულმა ოცნებამ“ და არ შეჰყვა მარტო იმიტომ, რომ მასთან დაახლოებული პირები შეიძლება აღმოჩდნენ ეჭვის ქვეშ, წამგებიანი იქნება. ჯობია, გამოამჟღავნონ ასეთი ადამიანები.
გოგაშვილის განცხადებების შინაარსი ადასტურებს ერთ რამეს - ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იდგა და დგას ქვეყნის უსაფრთხოება. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი აქვს სოსო გოგაშვილს და ვის ინტერესებს ემსახურება ის ბრალდებები რომელსაც ახმოვანებს?
- კლასიკა არის ოტელო. მიუხედავად იმისა, რომ დეზდემონასთან უღრუბლო იყო ოტელოს ურთიერთობა, იაგომ მოახერხა და ეჭვი გაუჩინა, მეტი არაფერი. ამიტომ, რეალობას არ აქვს მნიშვნელობა, ეჭვი უკვე იწყებს მუშაობას. გოგაშვილი ამ ეჭვების გაჩენას ცდილობს. მერე უკვე ეს ეჭვი გამოღრნის ნდობას ხელისუფლების მიმართ - ეს არის ამოცანა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გოგაშვილი მარტო ქართული პოლიტიკური ბრძოლის ფიგურანტია. არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. ბევრი ამბობს, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან არის კავშირში, მაგრამ აგერ შემოტრიალდა და აქეთ წამოაყენა ბრალდება. ამას კი, მოვლა უნდა. თუ არ დაამტკიცებენ, მაშინ შედეგს გამოიღებს.
ბატონო რამაზ, თავისთავად საინტერესოა გოგაშვილის კარიერული წინსვლა. უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ყოველგვარი შესწავლის გარეშე ბაზარში მოვაჭრე ადამიანი ხდება ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი და რაც საინტერესოა, არც შესაბამისი განათლება არ ჰქონდა. ჩანს თუ არა, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო გოგაშვილი ძალოვან სისტემაში მოხვედრილიყო და ვინ არის ეს ვიღაცა?
- მარტო მე არ მიჩენდება ეს კითხვა - როგორ მოხდა მისი დაწინაურება? ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მომხრე სვამს ამ კითხვას. გოგაშვილი შავი ლაქაა „ქართული ოცნებისთვის“ და ლაქად დარჩება თუ არ მოიწმინდა. ლაქა, იმის ლაქაა, რომ ის იზრდება და ფარავს ტერიტორიას. ასე დაფარა გოგაშვილმა თავისი ტალახით მთელი რიგი სტრუქტურები, უწყებები და ადამიანები. ამიტომ, გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის რა ხდება ამ ბრალდებების უკან - ეს არის გოგაშვილის თვითშემოქმედება იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს, თუ არის რაღაცა სიმართლის მარცვალი? იმ შემთხვევაში, თუ მისი სიტყვების თუნდაც 10% არის სიმართლე, აი, ეს 10% უნდა იყოს საზოგადოების წინაშე გამოტანილი.
საქართველო რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მოწყვლადი ქვეყანაა, ცხადია და ასე იყო გამსახურდიას პერიოდიდან. ვიცით ძალოავანი უწყების პირველი პირები, რომლებიც რუსეთმა შეიფარა - კიტოვანი, ხაბურძანია, გიორგაძე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, გოგაშვილი იყო რუსეთის სპეცსამსახურებისთვის საინტერესო ფიგურა, რომელიც გააკეთებდა იმას, რაც მათ ინტერესებში შედიოდა? ფაქტია, რომ იწერდა ყველას და ყველაფერს, ჩვენ ხომ არ ვიცით რა ინფორმაცია გაიტანა ქვეყნიდან, რას აკეთებდა ქვეყნის წინააღმდეგ? ფაქტია, რომ სახელწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა...
- გამადიდებელი შუშით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ვხედავთ, რომ რუსული სპეცსამსახურების გავლენა უკრაინაში დღემდე პრობლემაა. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ზოგადი უბედურებაა. იყო დიდი საბჭოთა კავშირი, რომელსაც უამრავი სისტემა გააჩნდა, ერთ-ერთი იყო უშიშროება. ყველა სხვა სისტემისგან განსხვავებით უშიშროების სისტემები და ჯარი ხაზგასმით რუსული იყო, ვინაიდან სწორედ უშიშროებას და ჯარს უნდა დაეცვა რუსული ინტერესები. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს სწორედ უშიშროების სისტემები უწყოდა ხელს საბჭოთა კავშირის დაშლას იმისთვის, რომ რუსეთი გადარჩენილიყო. ძირითადი ბირთვი იყვნენ რუსები, მაგრამ შემსრულებლები იყვნენ ადგილობრივები. ამიტომ, ვინ, რომელ ქვეყნას ემსახურებოდა, ხშირად ბუნდოვანი იყო ყველგან და მათ შორის ჩვენთან, საქართველოში.
მახსოვს, დამირეკა ედუარდ შევარდნაძემ და როგორც პრეს-მდივანს მითხრა ასეთი რამ: „გადაეცი ვარდიკო ნადიბაიძეს რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრია და არა რუსეთის“. როცა ვკითხე რა მოხდა, მიპასუხა, რომ ჯერ იმას ურეკავს, ანუ რუსეთის პრეზიდენტს და მერე მეო. ასე მუშაობდა შევარდნაძის დროს მთელი მინისტრთა კაბინეტი. ჯერ მოსკოვში რეკავდნენ და მერე შევარდნაძესთან. ამ პერიოდში უშიშროება ყველაზე უფრო საშიში იყო. ერთი პერიოდი მთელი მინისტრთა კაბინეტი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არ შედიოდნენ, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ იყვნენ დანიშნულნი.
ბაუტინმა შევარდნაძისგან მიიღო თხოვნა დახმარებაზე, ამ დახმარების საფასურად რუსეთმა შევარდნაძეს დაუდო სიები და ამ სიებით დასმული ხალხი მართავდა დიდხანს ქვეყანას. იმ წარსულიდან ვინ შერჩა და რამდენად გაიწმინდა, ძნელი სათქმელია. მე არ შემიძლია გოგაშვილს პირდაპირ დავაბრალო რუსეთის აგენტობა, ეს შეიძლება დიდი პატივი იყოს მისთვის, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ გოგაშვილი ყველაფერზე იქნებოდა თანახმა, გააჩნია, ვინ რას შესთავაზებდა. ფაქტია, რომ ვიღაცის ინტერესი იყო ყასაბი, ხორცის დახლიდან, ყოველგავარი სპეციალური შესწავლის გარეშე დაესვა მაღალ თანამდებობაზე.
თვითონ გოგაშვილი იხსენებს, რომ ვამოწმებდით ელჩების კანდიდატურებს და ორზე არ მივეცით თანხმობაო. ე.ი. ელჩების კანდიდატურების შემოწმება სპეცსამსახურების მიერ კანონით ხდებოდა, მაშინ თვითონ გოგაშვილმა რატომ არ გაიარა ასეთი შემოწმება? ე.ი. ვიღაცა იყო დაინტერესებული და ყოველგვარი შემოწმების გარეშე ამ საზღვარზე ისე გადაატარა გოგაშვილი, რომ აღმოჩდა ძალოვან სტურქტურაში.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც სუს-ის ყოფილი მაღალაჩინოსანი ახმოვანებს, ეს არის ხელისუფლების პრორუსულობა. ის, რომ საქართველოს მართავს პრორუსული ხელისუფლება, ამას ამბობს ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გოგაშვილს „რეჟიმის“ მსხვერპლს უწოდებს. ბატონო რამაზ, არის ეს ხელისუფლება პრორუსული და სად, რა ნაწილში ჩანს მისი პრორუსულობა?
- გოგაშვილი თითქოს იძლევა მაგ ფაქტებს, როცა იძახის, რომ ვიღაცა ვიღაცას შეხვდა და, რომ საზღვარი შეიძლება ისე გადაეკვეთა რაღაც ტვირთს, არ დარეგისტრირებულიყო და ა.შ. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ ბრალდებებისთვის არის ალაპარაკებული გოგაშვილი. ხელისუფლება საყვედურობს ევროპელებს და უკრაინელებს, რომ დაგვიდეთ ფაქტები, რომელიც ადასტურებს „ქართული ოცნების“ პრორუსულობას, მაგრამ ისინი ვერ დებენ ამ ფაქტებს. იქნებ, გოგაშვილის ფუნქცია სწორედ ეგ არის, რომ ასეთი ფაქტები დადოს - შეთხზული, თუ რეალური, ეს უკვე გასარკვევია.
რაც შეეხება გოგაშვილის გარეშე ამ საკითხს?
- რა ფაქტები გამოჩნდება არ ვიცი. მაგრამ შევხედოთ ლოგიკას - ჩინეთი, რომელიც თავისი სიძლიერით მეორეა მსოფლიოში, იმასაც არ სურს რუსეთთან ურთიერთობა. ვნახეთ, რომ ჩინეთმა არ მისცა რაკეტები რუსეთს და ჩრდილოეთ კორეიდან მოუწია შეძენა. ანალოგიურად, ბევრ რამეს თავს არიდებს თურქეთი, ამერიკიდან მოდის სანქციების ახალი პაკეტი. როცა ამდენი ქვეყანა ზურგს აქცევს რუსეთს, რომელიც გარიყული ქვეყანაა, ამ პირობებში საქართველოს რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, რომ განამტკიცოს რუსეთთან ურთიერთობი? ეს იმ ფონზე, როდესაც ვნახეთ რა მდგომარეობაში ჩააგდო სომხეთი - დაუთმო აზერბაიჯანს. ასეთ რუსეთთან, მით უმეტეს სომხური მაგალითის ფონზე, რატომ უნდა უნდოდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლა, ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?! მაგრამ ლოგიკა არავის არ აინტერესებს.