„ძლივს რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობები ეწყობა და რომ რევოლუცია ქვეყნისთვის დამღუპველია, ამას დიდი მკითხაობა არ უნდა, მაგრამ ასეთი ოპოზიცია გვყავს“

„ძლივს რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობები ეწყობა და რომ რევოლუცია ქვეყნისთვის დამღუპველია, ამას დიდი მკითხაობა არ უნდა, მაგრამ ასეთი ოპოზიცია გვყავს“

ქართულ მხარეს ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს მიცემული. რეკომენდაციების შესრულებაზე პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან, მაგრამ საერთო გეგმაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მმართველი გუნდის სტრატეგიას რადიკალური ოპოზიცია არ იზიარებს, რომელთა ალტერნატიულ გეგმას რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა წარმოადგეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბედუროდ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესი შელახონ და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.

„საუბედუროდ დღეს პარლამენტში გვყავს ოპოზიციის არც თუ ისე მცირედ წარმომადგენელი, რომლისთვისაც პრიორიტეტები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მათ მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნიათ. მათ საქართველოს ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული. მერკანტილური და ვიწროპარტიული ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის განმაპირობებელი.

საუბედუროდ, ასეთია მათი ბუნება და ამიტომაც არის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება და შემდგომი ნაბიჯის გადადგმა, არამედ მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ. მათ არ უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეცდებიან, რომ პროცესი შელახონ, შელანძღონ გააფუჭონ და საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დრო იწურება. ქვეყანას დარჩენილი აქვს სამ თვეზე ნაკლები, თუმცა ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ სხვადასხვა გზით ხედავენ ქვეყნის ევროპულ პრესპექტივას. პარლამენტში საერთო ენის გამონახვა და ერთობლივი მუშაობა კვლავ ვერ ხერხდება. მათ შორის სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რაც 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ანალიტიკოსების განცხადებით, ოპოზიციის მიზანია შეაფერხონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგია არის როგორმე ჩაშალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესარულება და საქართველოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ მისცენ საშუალება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გამოიყენონ მთავარ არგუმენტად ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

„რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. მათი მიზანი ცხადია - რამენაირად არ შესრულდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები და დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომ როგორმე შეცვალონ ხელისულება. ეს არის მათი სტრატეგია და ტაქტიკა, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს და ბუნებრივია, რომ ისინი ეცდებიან ეს რეკომენდაციები არ შესრულდეს. იგივე ტაქტიკა აქვთ მათ მფარველებსაც, რომლებმაც ამ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა. რა თქმა უნდა, მათი გეგმა და სტრატეგია არის ნათელი - ხელიუფლების შეცვლა და ბუნებრივია, ამ აღქმას არ უნდა აჰყვეს მოსახელობა, რომლებმაც ფაქტებს უნდა დაუჯეროს და არა პროპაგანდას.

ფაქტია ის, რომ აგვისტოს ომი წინასწარ ისე გათვალეს, რომ წაგებისთვის იყო გათვლილი; ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გადავიდა რუსეთის საკუთრებაში; გარდა ამისა, უვიზო რეჟიმი რუსეთთან სააკაშვილმა დააბრუნა. შევხედოთ რა მოხდა „ქართულო ოცნების“ პირობებში - ევროპასთან ასოცირებას მოეწერა ხელი, და ასევე მოხდა ის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა ევროკომისიამ და ევროსაბჭომ. აქიდან გამომდინარე, ფაქტები მეტყველებენ, რომ საქამე პირიქით არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართული ოპოზიციის ნაწილის მიზანი რომ ხელისუფლების ცვლილებაა, ცხადია. ამის მცდელობა რადიკალურ ოპოზიციას რამდენჯერმე ჰქონდა და ყველა შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა.

„რასაკვირველია, მათი მიზანია შეაფერხონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში ერთადერთი შანსია „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში და თუ „ნაცმოძრაობა“ მოვა, გაცილებით უმტკივნეულო გახდება ინტეგრაციის პროცესი - ასეთი პოზიცია უკავიათ. ის, რომ მათთვის ხელისუფლებისკენ მოძრაობაში რაიმე ბარიერი არ არის, ეს ცხადია და ჩვენ ვნახეთ რევოლუციისკენ გადადგმული ნაბიჯები. პირდაპირ და ბევრჯერ იყო გაცხადებული, რომ რევოლუციური გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ის, რომ ქვეყნისთვის დამანგრეველია როგორც რევოლუცია, ასევე ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლა, ეს ჩვენს თავზე ერთხელ ვიწვნიეთ“, - ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არაა გამჯდარი ეგ ცნობიერება, რომ დამხობით და რევოლუციებით ხელისუფლების ცვლა მავნებელია ქვეყნისათვის.

„რევოლუცია კარგს არაფერს გვპირდება და თან დასავლეთის გამოცდილებაც ასეთია. დასავლეთის ქვეყნებში არ არის ხელშეწყობილი რევოლუციური გზით სვლა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ოპოზიციაში. რევოლუციის დროს ქვეყანა ვარდება მძიმე მდგომარეობაში. ძლივს რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობები ეწყობა ამ საქართველოზე, ტრანზიტების სახით და ახლა რომ რევოლუცია ქვეყნისთვის დამღუპველია, ამას დიდი მკითხაობა არ უნდა.

მაგრამ ასეთი ოპოზიციური პარტია გვყავს, რომელიც რევოლუციაზე ფიქრობს და არა მარტო ოპოზიცია, არამედ მათი მომხრეებიც. გადავავლოთ თვალი სოციალურ ქსელს - თითქმის ყველა ამბობს - დავამხოთ „ოცნება“ და მოვიდნენ „ნაციონალები“, მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ იმ „ნაციონალებმა“ მოიპოვონ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და ამ გზით მოვიდნენო. ჩვენს საზოგადოებაში არაა გამჯდარი ეგ ცნობიერება, რომ დამხობით და რევოლუციებით ხელისუფლების ცვლა მავნებელია ქვეყნისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli რა 12 პუნქტიანი გეგმა, რა, თავს ისულელებთ?! რატომ, რატომ ?!
2 წლის უკან