„თუ ტექნიკის რაოდენობის და ხარისხის თვალსაზრისით ბალანსი იქნება, მაშინ უკრაინას ეს წარმატებას მოუტანს“

„თუ ტექნიკის რაოდენობის და ხარისხის თვალსაზრისით ბალანსი იქნება, მაშინ უკრაინას ეს წარმატებას მოუტანს“

უკრაინელმა სამხედროებმა რაც ხარკოვის ოლქის დასახლებები დაიბრუნეს, ოლქიდან რუსული წარწერები და დროშები ქრება. ხარკოვისა და ხერსონის ოლქებს ოკუპანტები ტოვებენ. კრემლში ამტკიცებენ, რომ ეს ტაქტიკური უკანდახევაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტაქტიკური უკანდახევის დროს, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები რჩება, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ტყვეობაში არიან. ამბიციური გეგმა აქვს და მის აღსრულებაში დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მალე მისი სამშობლო ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

ომი მიდის თუ არა დასასრულისკენ? - ამ თემაზე for.ge სამხედრო ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

რუსმა ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს და უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ. ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის?

- ღმერთმა ქნას, რომ გამარჯვებისკენ წავიდეს, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიის 20%, ანუ დაახლოებით 120 ათასი კვ/კმ. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებული იქნა 2 ათასი კვ/კმ. შესაბამისად, წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა გასავლელი და ბევრი მსხვერპლია გასაღები. თუმცა, სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის მხარესაა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ომის დროს მართალი და ცრუ ინფორმაციების შეფასება საკმაოდ ჭირს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციები რუსეთის სამზადისის, გეგმების შესახებ. ამიტომ, ვისაც უკრაინის წარმატება სურს, ეიფორია და ტაში ცუდი სამსახურია. მეტი სიფხიზლე და მეტი სამხედრო გონიერება მართებს უკრაინას და მის პარტნიორებს. რა თქმა უნდა, გარკვეული შეფასებების გაკეთება შეიძლება. ფაქტობრივად, გარკვეულ მონაკვეთზე, ფრონტი დაახლოებით 100 კმ-მდეა გადაწეული. ეს გარკვეულ რისკებსაც ქმნის, მოწინავე ქვედანაყოფების ლოგისტიკის მხრივ. მსგავსი რუსეთს დაემართა კიევთან. იმედია, უკრაინა თავის პარტნიორებთან ერთად რისკებს აფასებენ.

უკრაინამ ამ წარმატებას რის ხარჯზე მიაღწია?

- რაც შეეხება, თავად ამ წარმატების მიზეზს, აქ ორ მომენტს გამოვყოფდი - ერთი, დასავლური დახმარების გააქტიურება. ომის დასაწყისში უკრაინა რუსეთს დამოუკიდებელი ძალებით უმკლავდებოდა. ვიხილეთ რუსეთის სწრაფი შემოჭრა და ტერიტორიის მეხუთედის დაკავება. ამ ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინა რეზერვს აქტიურად ამზადებდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში, პლუს ტექნიკის მხრივ, საკმაოდ სერიოზულ დახმარებას იღებს. ომის დაწყების პირველ თვეებში ვამბობდი, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მეტი მძიმე ტექნიკა, მეტი შეიარაღება. აღნიშნული შეიარაღება ნელ-ნელა მოდის და ბრძოლაში ერთვება. დახმარების მასშტაბებმა ბოლო პერიოდში იმატა. უკრაინელები რუსებს ბრძოლისუნარიანობაში არ ჩამოუვარდებიან. ასევე მათ მორალური უპირატესობა აქვთ, ისინი საკუთარ მიწაზე იბრძვიან და საკუთარ მიწას ათავისულებენ. თუ ტექნიკის რაოდენობის და ხარისხის თვალსაზრისით ბალანსი იქნება, მაშინ უკრაინას ეს წარმატებას მოუტანს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით დახმარების გაძლიერება. მუდმივად ვიღებთ ინფორმაციებს ფინანსური დახმარების გამოყოფაზე - დამატებით 11,2 მილიარდი დოლარი ჯო ბაიდენმა გამოყო უკრაინისთვის და ალბათ, დახმარებები შემდგომშიც გაგრძელდება. სამხედრო ტექნიკის გამოყოფის მხრივ ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნები გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს. ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია და რა გეგმები აქვს რუსეთს. ფრონტი ძალიან დიდია. ამ ფრონტისთვის იქ არსებული ჯარი არაა საკმარისი, ამიტომ რუსეთს უწევს რეზერვების გადასროლა ერთი მიმართულებიდან მეორეზე. იგივეს აკეთებს უკრაინაც, მაგრამ ბოლო პერიოდში უკრაინამ მოახერხა რეზერვის მობილიზება. პლუს არ უნდა დავივიწყოთ სამხედრო ხელოვნება. მთელი თვის განმავლობაში ყველა ელოდა ხერსონის მიმართულებით უკრაინის მხრიდან კონტრშეტევას და ეს კონტრშეტევა დაიწყეს. რუსეთს მოუწია ხერსონისკენ აღმოსავლეთის ფრონტიდან რეზერვების გადასროლა და შემდეგ ვიხილეთ უკრაინის შეტევა აღმოსვლეთის მიმართულებით. როგორც ჩანს, ეს მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთისთვის. რუსეთს უკან მოუწია ძალების გადმოსროლა, თუმცა დროში დააგვიანდა. ე.ი. ამ ნაწილში უკრაინის სამხედრო ტვინმა უკეთ იმუშავა.

უკრაინის ბოლო დღეებში განვითარებული ასეთი წარმატების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ 200-დღიანი ომი დასასრულისკენ მიდის?

- ჩვენ ადრე მოვისმინეთ და ახლაც განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ უკრაინისთვის წამგებიან პირობებში ის მოლაპარაკებაზე არ წავა. ომის საწყის პერიოდში ეს განწყობა უკრაინას ჰქონდა, მაგრამ როდესაც დახმარებასთან დაკავშირებით მყარი დაპირებები მიიღო, დღეს ამ პოზიციაზე დგანან - ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე უკრაინა მოლაპარაკებაზე არ წავა. არც რუსეთი მიდის დათმობებზე, ამიტომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩიხურ სიტუაციაში საფრთხილოა. საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაა მნიშვნელოვანი, განსასაკუთრებით გაეროსი, რათა ეს ომი არ გადაიზარდოს სხვა უფრო სერიოზულ საფრთხეში. ომის დასრულება ყოველთვის არის დაკავშირებული ორივე მხარის სახის შენარჩუნებაზე. უკრაინასთან დამარცხება რუსეთისთვის გამოიწვევს გავლენების რღვევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა რეგიონებში, მათ შორის კავკასიასა და შუა აზიაში. ასე რომ, მოლაპარაკებების წინაპირობები ჯერ არ ჩანს.

ევროპას ელექტროენერგიის პრობლემა აქვს უკვე, დამარცხების შემდეგ შეიძლება, რომ რუსეთმა საერთოდ გადაუკეტოს ევროპას გაზი?

- ევროპა ამერიკასთან ერთად გარკვეულ ზომებს იღებს. ფასების შეზღუდვებზეა საუბარი, რაზეც რუსეთთის მხრიდან მუქარებიც იყო - თუ მათთვის მიუღებელი წინადადება იქნებოდა, გაზს საერთოდ არ მიაწვდიდნენ. რთულია დღეს პროგნოზირება თუ როგორ გავლენას იქონიებს ევროპისთვის ენერგოკრიზისი. ამ თემასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს. ევროპელი ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მძიმე ზამთარი ექნებათ. დეკემბერში რა მოხდება, ან იანვარში, დღეს რთული სათქმელია. სეზონი ახლა იწყება. გასაგებია, რომ რუსეთის გათვლა სწორედ ეს იყო - საბრძოლო მოქმედებები დროში გაეწელა, რითაც გაზისა და ელექტროენერგიის კრიზისით მოახდენდა ევროპაზე გავლენას. ამიტომაც უკრაინის გააქტიურება სიცივეების დადგომამდე, მნიშვნელოვანია, რათა ზამთრისთვის ფრონტზე მეტ წარმატებას მიაღწიონ. თუ უკრაინის სამხედრო კამპანია წარმატებული იქნება, რომელიც კონტრშეტევით დაიწყო და მან განვითარება ჰპოვა, ევროპის შიდა ვითარებაზე და განწყობებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ევროპელ ლიდერებს სათქმელი ექნებათ, რომ მიღწეული შედეგი ღირდა ამ გაჭირვების გადატანად. ამიტომ დასავლური დახმარება მეტ მასშტაბებს იღებს. ამ ბოლო დროს შვედეთმაც მიიღო გადაწყვეტილება ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ. ომის საწყის პერიოდში კი ევროპაში საპირისპირო განწყობები იყო და მაშინდელი შეფასებები ამ განწყობებზეც იყო გაკეთებული. დღეს ევროპა სერიოზულ ზომებს იღებს ეკონომიასთან დაკავშირებით. მაგალითად შვეიცარიაში ეკონომიის რეგულაციების დარღვევის გამო, კერძოდ, ბინებში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 19 გრადუსს, რაზეც 3 წლამდე ციხე, ან ძალიან მაღალი ჯარიმები დააწესეს. ასე რომ, დღეს ეს მუქარა უკვე ნაკლებად მუშაობს. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

Aburjga Tasmanieli დიდი იმედი მაქვს, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი ვერა, მაღალი ღმერთი მიაგებს მისაგებელს სულთ, ხორცით და შეგნებით ზნედაცემულ დასავლურ ცივილიზაციას! რაც მალე მით უკეთესი!
2 წლის უკან
Maverick ამინ!
2 წლის უკან