„სააკაშვილის ოჯახში და მის გარშემო, ყველაზე ადეკვატური ადამიანი სწორედ ედუარდ სააკშვილია“

„სააკაშვილის ოჯახში და მის გარშემო, ყველაზე ადეკვატური ადამიანი სწორედ ედუარდ სააკშვილია“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა „ვივამედის“ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მამამისს გაცნობერებული აქვს, რომ საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო და რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს.

„დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა“, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტის სინანულის არ სჯერა ანალიტიკოს, გია აბაშიძეს, თუმცა მიაჩნია, რომ მის შვილს, ედუარდ სააკაშვილს სწორი პოზიცია აქვს.

„მიხეილ სააკაშვილის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. რაც შეეხება მისი შვილის განცხადებას, ოჯახის უახლოესი წევრი იტყვის მშობელზე იმას, რაც უნდა თქვას. საკითხს სხვანაირად შევხედოთ - სხვა პატიმრებზეც ვისაუბროთ, ისინიც ოცნებობენ საფრანგეთში ან ამერიკაში წავიდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ციხიდან გამოვლენ. ნებისმიერი პატიმარი ოჯახის წევრის საშუალებით თუ ადვოკატების მეშვეობით მუდმივად ცდილობს სასჯელი შეიმსუბუქოს, გამონაკლისი არც სააკაშვილია. ექს-პრეზიდენტსა და მის გარემოცვას მისი ციხიდან დაიხსნის არაერთი მცდელობა ჰქონდა და აქვს. ის, რომ სააკაშვილის მომხრეებმა მისი ჩამოსვლის დღეებშიც კი ვერ შეძლეს მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა, მეტყველეს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებშიც არ არის მძლავრი მუხტი, რასაც ჰქვია საყვარელი ექს-პრეზიდენტისადმი სოლიდარობის გამოხატვა. ისიც მესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციის მხარდამჭერებში ბევრი შეგნებული ადამიანია და იცის, რომ უკანონო ქმედებზე არ უნდა წავიდეს“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საკუთარი ქმედებებს ინანიებს. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი უკრაინაში იმდენად კარგად ცხოვრობდა, რომ ახლა ციხის კედლებს ვეღარ ეგუება.

„სააკაშვილის ოჯახში და მის გარშემო, ყველაზე ადეკვატური ადამიანი სწორედ ედუარდ სააკშვილია. დღევანდელი განცხადების გარდა, გვახსოვს რამდენიმე თვის უკან გაკეთებული განცხადებაც. მაშინ ის ამბობდა, რომ მამამისი არ უნდა ჩამოსულიყო და ასევე ის საქართველოში მის მომავალს ვერ ხედავს. ედუარდ სააკაშვილის ამ განცხადებას, გვახსოვს, ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატებისგან რა რეაქციაც მოჰყვა. როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილი თავის ქმედებას ნანობს. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ არ დაიჭერდნენ, ან არჩევნების შემდეგ რუსთაველზე გამოჩნდებოდა და „გაყალბებული აჩევნების“ ფონზე მოითხოვდა ხელისუფლების დამხობას. ვინ მისცა ეს გარანტიები ან ვისი დავალებით ჩამოვიდა, ალბათ, წლების მერე სააკაშვილი თავად იტყვის. ფაქტი ერთია, რომ ის სწორედ ამას ნანობს. სააკაშვილს, რომელსაც არაფერი აკლდა და უკრაინაშიც კარგად ცხოვრობდა, ახლა მისთვის ციხის კედლები მიუღებელია. ამიტომ ერდაერთი, რაშიც ედუარდ სააკაშვილი უნდა შევაქოთ, არის ის, რომ მას სწორი პოზიცია აქვს. ის არის ერთადერთი, რომელიც ხვდება რეალურად მამამის რა სჭირს და რა პერსპექტვა შეიძლება ელოდებოდეს უახლოეს მომავალში“, - განუცხადა for.ge-ს ბოჟაძემ.