„შეიძლება არ არსებობდეს კოლექტიური დანაშაული, მაგრამ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა - როდესაც სახელმწიფოს დანაშაულზე ხმას არ იღებ, შენ ამაზე პასუხისმგებელი ხარ“

„შეიძლება არ არსებობდეს კოლექტიური დანაშაული, მაგრამ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა - როდესაც სახელმწიფოს დანაშაულზე ხმას არ იღებ, შენ ამაზე პასუხისმგებელი ხარ“

ევროკავშირში რუსების შესვლის აკრძალვის იდეას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ნაციზმის გამოვლინებას უწოდებს. მისთვის ეს იდეა რუსოფობიად აღიქმება.

შოიგუს თქმით, ესტონეთსა და ლატვიაში ომის დამნაშავეებს ძეგლებს უდგამენ, ლიეტუვის ქალაქების ქუჩებში ღიად ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში 30-31 აგვისტოს დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელეს.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ საერთო აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ კვიპროსი, საბერძნეთი, გერმანია. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ეს არის არა რუსი ხალხის, არამედ პუტინის ომი“.

უკვე ცნობილია, რომ პორტუგალიაც არ დაუჭერს მხარს რუსი ტურისტების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ოფიციალურ ლისაბონში აცხადებენ, რომ აუცილებელია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების და რუსული არმიის გამიჯვნა. კერძოდ, სანქციების მთავარი მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის.

სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, დახურონ შენგენის ზონა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხუთმა ქვეყანამ გაიზიარა მისი აზრი. შენგენის ვიზების გაცემა აიკრძალა ესტონეთში, ლიეტუვაში, ჩეხეთში, ფინეთსა და დანიაში.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ურჩევს სერგეი შოიგუს, ისევე, როგორც ყველა რუს კრიტიკოსს, ვისაც არ მოსწონს რუსი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, კარგად ჩაიხედონ იმ მოტივაციაში, რასაც ევროკავშირი უდებს საფუძვლად თავის აკრძალვას.

„მე, მაგალითად, ვთვლი, რომ აქ რუსოფობიური არაფერი არ არის, ეს არის სრულიად ობიექტური შეფასება, რასაც რუსი საზოგადოება აკეთებს თავისი ხელმძღვანელობის მიმართ, როდესაც აძლევს ხელში მანდატს, აკეთოს ყველაფერი, მათ შორის, ის საშინელი დანაშაულები, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში რუსების ჩასვლა აიკრძალება თუ არა, ეს თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ რადგან ევროპელები ამას აკეთებენ, ამას თავისი არგუმენტები აქვს. ყველაფერ ამაში რუსოფობიის დანახვა ყველაზე მარტივია, რაც კრიტიკის სრულიად მიუღებელი მეთოდია“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა for.ge-სთან საუბარში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ დღეს თუ ვინმე ნაცისტია, ეს არის რუსი. შეიძლება არ არსებობდეს კოლექტიური დანაშაული, მაგრამ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა, როდესაც სახელმწიფო ჩადის დანაშაულს და შენ ამაზე ხმას არ იღებ, თუნდაც ეს იყოს ტოტალიტარული და ავტოკრატიული სახელმწიფო, შენ ამაზე ასევე პასუხისმგებელი ხარ. ასეთივე პასუხისმგებელი იყო ნაცისტური გერმანიის რეჟიმსა და ნაცისტურ დანაშაულებზე ის გერმანელი საზოგადოება, რომელიც ჩუმად იჯდა, უყურებდა ამ აგრესიას და არ იღებდა ხმას.

„იმ პერიოდში კიდევ დაფარული იყო ბევრი ინფორმაცია, მაშინ ჯერ კიდევ არ გამოდიოდა, რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში, დღეს, 21-ე საუკუნეში ყველა ინფორმაცია ცნობილია, რა მოხდა ბუჩაში, ირპენში, რა მოხდა საქართველოში, ამის შემდეგ რომ მაინც რუსეთის ხელისუფლებას მწვანე შუქს აუნთებს რუსეთის მოქალაქე და მხოლოდ იმიტომ გარბის საკუთარი ქვეყნიდან, რომ დისკომფორტი იგრძნო სანქციების გამო, ამაში ის უბრალო რუსიც არის პასუხისმგებლობის გამზიარებელი. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს უნდა შეუზღუდონ გადაადგილება. სამწუხაროდ, რუსი ხალხი ჩუმად არის იმ ნაციზმსა და დანაშაულებზე, რასაც რუსეთი ახორციელებს. არადა, ეს გულისხმობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს მთელ რუსეთს“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას გიორგი კობერიძე.