განვლილმა 6 თვემ ანახა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგენს ისტორიულ მოვლენას, რაც ეპოქათა შეუქცევადი და უკვე დასრულების სტადიაში შემავალი ცვლის მაუწყებელია.
ქართული კლუბი მძიმე გულისტკივილით აღნიშნავს: ამ ომით ხდება პოსტ-ჰუმანისტურ ცივილიზაციაში კაცობრიობის საბოლოო გადასვლა, რაც სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგსაც (თუკი მას წესრიგი შეიძლება ეწოდოს) მოასწავებს. ეს „ახალი წესრიგი“ არაადამიანურად სასტიკი ჩანს, რადგან საბოლოოდ უკვე არა სამართალს (ქართული ტრადიციით - სჯულს) არამედ ოდენ ძალას დაემყარება; ხოლო უძლიერესთათვის - ბირთვული შეკავების იმპერატივით განსაზღვრული ხელშეუხებლობის უპირობო გარანტიებსა და ამ გარანტიებიდან გამომდინარე, რეალურად არაფრით შეზღუდულ პრივილეგიებს - საკუთარი ნება გამოგვიცხადონ „ახალ სჯულად“.
როგორც ჩანს, განმანათლებლობიდან დაწყებული დიდი ეპოქა ჰუმანიზმისა - საბოლოოდ დასრულებულია. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, არ ვიცით, მაგრამ რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ. „კლასიკური“ ომები, რაც აქამდე ყოფილა, ისტორიას ბარდება. სამაგიეროდ, გამოჩნდა ახალი პოსტ-ჰუმანისტური ეპოქის, „ახალი თაობის“ პოსტ-ომების უარესად ამაზრზენი სახე.
ქართული კლუბი ამ 6 თვის მანძილზე დიდი მწუხარებითა და ღრმა შეშფოთებით აკვირდებოდა მიმდინარე ომს და განზოგადოებული დასკვნების სახით, საზოგადოებას განსასჯელად ვთავაზობთ 7 ძირითად თეზისს, როგორც ერთგვარ „პოსტ-ომის ფენომენოლოგიას“:
- პოსტ-ომი წარმოადგენს გლობალური და პერმანენტული ჰიბრიდული ომის, რაც პოსტ-ჰუმანისტურ ეპოქაში არა განსაკუთრებული და საგანგებო, არამედ უკვე ჩვეული მდგომარეობა ხდება - „ცხელ ფაზას“; ჰიბრიდული ომის მდგომარეობაა, როდესაც ომი პოლიტიკის „სხვა ხერხებით“ გაგრძელება კი აღარ არის, როგორც ეს გამოიყურებოდა ჰუმანიზმის ეპოქაში და მანამდეც, როცა კაცობრიობა ველური მდგომარეობიდან გამოვიდა და ცხოვრების ცივილურ წესს შეუდგა, არამედ პირიქით: პოლიტიკა ხდება მუდმივად ჰიბრიდული ომის წარმოების საშუალება. ამ დროში პოლიტიკის მიზანი გლობალურად და ტოტალურად საომარია - მოწინააღმდეგის ნების დათრგუნვა, განადგურება და არარად ქცევა. ეს უკვე ხდება ყველა პოლიტიკურ -გლობალურ, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეებზე, მთელს მსოფლიოში და ყველა სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური „პოლარიზაცია“ და ესკალაცია ჩვეულებრივი პრაქტიკა ხდება. ასეთ სახელმწიფოთა რიცხვი მუდმივად იზრდება და მათ რიგს მიეკუთვნება მსოფლიო ჰეგემონი - აშშ და ასევე, სმწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოც. ეს მდგომარეობა გლობალურად შექმნა სამართლის ინსტიტუტის გაუფასურებამ, სამართლის ღირებულებითმა დევალვაციამ, მისი იმპერატიული მნიშვნელობის დაკარგვამ, სამართლებრივმა რელატივიზმმა და თანმდევმა ნიჰილიზზმა, რასაც მოჰყვა აქამდე არსებული ჰუმანისტური წესრიგის რღვევა, ავად თუ კარგად წესრიგის უზრუნველმყოფი ინსტიტუციების როლისა და ფუნქციების დაკნინება და მათი შეუქცევადი დაქვეითება.
რუსეთის ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში ჰუმანისტური საერთაშორისო წესრიგის ნგრევის კრიტიკული სტადიის აშკარა სადემონსტრაციო აქტია; ამის შემდეგ საერთაშორისო სამართლის, მისი უზურნველმყოფი საერთაშორისო ინსტიტუციებისა თუ ორგანიზაციების იმედად ყოფნა, სრული გულუბრყვილობაა და ამდენად, შეუძლებელია. გამოჩნდა, რომ თუკი კაცობრიობას ურთიერთ-განადგურებისგან მომავალში რაიმე დაიცავს, ოდენ ბირთვული შეკავების იმპერატივია, ხოლო სხვა ჰუმანისტური ეპოქის იმპერატივები, მათ შორის უწინარესად სამართალი - მნიშვნელობას სულ უფრო მეტად კარგავს. კაცობრიობა „ტექნოლოგიური ბარბაროსობის“, პოსტ-ჰუმანისტურად ბნელ ეპოქაში შედის, სადაც ომი ჩვეული მოვლენა, მშვიდობა და თანხმობა კი - სრულიად უჩვეულო ხდება.
- პოსტ-ომის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ მას აუცილებლად ჰყავს ომის ობიექტი პროქსი-სახელმწიფო, რომლის კონკრეტულ ტერიტორიაზეც წარმოებს კონვენციური სამხედრო მოქმედებები (მაგ. 2008 წელს - საქართველო, შემდეგ სირია, ახლა უკრაინა და მომავალში ნებისმიერი სხვა არაბირთვული ან ბირთვულ კოალიციაში არშემავალი, რაიმე მაინც იმპერატივით დაუცველი სახელმწიფო) ბირთვული ხელეშეუავლობის სტატუსით დაცულ მეომარ მსოფლიო სუბიექტებს შორის, რომელთაც ურთიერთ-საპირისპირო გლობალური პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ. მართალია, პროქსი-ომები დამახასიათებელი იყო „ცივი ომის“ დროსაც, მანამდეც, მაგრამ პერმანენტული და გლობალური ჰიბრიდული ომის მდგომარეობა და მისი თანმდევი პოსტ-ომები თანამედროვეობის ფენომენოლოგიური ნიშანია.
- ბირთვული შეუვალობის პრივილეგიებით აღჭურვილი მსოფლიო სუბიექტები ბირთვული შეკავების იმპერატივის პირობებში ერთმანეთს მხოლოდ ჰიბრიდულად, ხოლო „ცხელ ფაზებში“ კი „პროქსი-ობიექტით“ გაშუალებული სახით ეომებიან; ომი წარმოებს არსებითად ამ ობიექტის მისატაცებლად, რაც ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიების არნახული განვითარების გამო, მსოფლიოს უკვე მუდმივი და განსაკუთრებულად დინამიური გადანაწილების, როგორც „სტაბილურად არასატაბილური“ გლობალური პროცესის, კონკრეტული სახეა. ჰიბრიდული ომის „ცხელი ფაზა“ შეიძლება მიმდინარეობდეს ოდენ ამგვარი ობიექტი სახელმწიფოს და არა რომელიმე მეომარი მსოფლიო სუბიექტის (რომელიც ბირთვული შეუვალობის სტატუსითაა დაცული), ტერიტორიაზე; ხოლო პოსტ-ომის ობიექტი იმავდროულად აუცილებლად პროქსი-სახელმწიფოა, ე.ი. სუვერენულ სუბიექტს ოდენ ფორმალურად წარმოადგენს და ჰიბრიდული ომის „ცხელი ფაზისას“ - პოსტ-ომში, უნდა განიხილებოდეს ერთ-ერთი მსოფლიო სუბიექტის საომარ რესურსად და რაც განსაკუთრებულად არაადამიანურია - ცოცხალ იარაღად; საუბედუროდ, ამგვარი პროქსი-სახელმწიფოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები და მისი სუვერენული ნება, პოსტ-ომის ნებისმიერი შედეგისას ითრგუნება და გლობალური პოლიტიკური პროცესისათვის პრაქტიკულად არარაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეუძლებელს შეძლებს და სამხედრო წარმატებას მიაღწევს საკუთრივ პროქსი-სახელმწიფო (მაგალითად, ასეთი იქნებოდა „აზოვის პოლკის“ სამხედრო გამარჯვება მარიუპოლის დაცვისას), სარგებელს მიიღებს მხოლოდ მისი პატრონი (და არა პარტნიორი) მსოფლიო სუბიექტი და ამ სუბიექტის ადგილობრივი კორპორაციული კლიენტელა. ამიტომაც ობიექტი სახელმწიფო პოსტ-ომის უმწეო მსხვერპლი და გარდაუვლად დამარცხებული მხარეა, უარესიც - იგი პოსტ-ომის ერთადერთი „კლასიკურად“ დამარცხებულია, რომლის ნება და ინტერესები ომის ნებისმიერი შედეგებისას სრულად იგნორირებულია.
- გლობალური ჰიბრიდული ომის პერმანენტული ხასიათიდან გამომდინარე, პოსტ-ომში მიღწეული სამხედრო უპირატესობა ანდა ობიექტი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილობრივი კონტროლი (სრული კონტროლი თითქმის გამორიცხულია იგივე ბირთვული შეკავების იმპერატივის გამო) საბოლოო და თუნდაც „შუალედური“ პოლიტიკური გამარჯვების საკმარისი პირობა არ გახლავთ. მეტიც - პოსტ-ომში მონაწილე გლობალური სუბიექტებიდან რომელიმეს „კლასიკური“ გამარჯვება ან დამარცხება საერთოდაც გამორიცხულია, რადგან პოსტ-ომით პერმანენტული ჰიბრიდული ომი არ სრულდება, იგი სხვა ფაზაში გადადის, რასაც შესაძლოა, იმავე ან სხვა ობიექტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისევ, ნებისმიერ დროს მოჰყვეს „ცხელი ფაზის“ განახლება.
- ჰიბრიდულ ომის „ცხელი ფაზის“ - პოსტ-ომის შედეგებით დროებითი და პირობითი პოლიტიკური უპირატესობის მიღწევა სამხედრო წარმატებაზე მეტად განისაზღვრება მსოფლიო სუბიექტი მეომარი მხარის უნარით, ჰიბრიდული (უწინარესად საინფორმაციო-პროპაგანდისტული) მეთოდებით მომგებიანად გააფორმოს ეს შედეგები და გლობალურად გაასაღოს მოწინააღმდეგის პოლიტიკური ნების სულ ცოტა - შეკავებად, ანდა, თუ შეძლებს - დათრგუნვად, ძლევად და მასზე „გამარჯვებად“.
- პოსტ-ომში მონაწილე მსოფლიო სუბიექტების ძირეული და მთავარი მიზანია მოწინააღმდეგე მხარისათვის მაქსიმალური სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანის მიყენება და არა „კლასიკური“ გამარჯვება, რაც აქამდე ცნობილ ჰუმანისტურ სამართალში (რომელიც, ვიმეორებთ - სულს ღაფავს) რომელიმე მხარის „კაპიტულაციით“ ანდა რაიმე სხვა მსგავსი სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმით, მისი პოლიტიკური ნების სრული დათრგუნვისა და ამ ნების არარად ქცევის ფორმალური საერთაშორისო აქტით, თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულების ცალმხივად პრივილეგირებული პირობებით, გამოიხატება. ასეთი აქტი პოსტ-ომში, იმავე ბირთვული შეკავების იმპერატივის გამოისობით, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამდენად დევიზი: „ომი უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე“ , როცა გაურკვეველია „გამარჯვების“ განზომილება და არსი, „პუტინის ბარბაროსობაზე“ არანაკლებ, გამოხატავს ეპოქალურ გარდაქმნას, ახალი დროების პოსტ-ჰუმანისტურ, არაადამიანურად სასტიკ ხასიათს. აქ განსაკუთრებულად ამაზრზენი ხდება მორალური რეალატივიზმი, უნივერსალური ჰუმანისტური ღირებულებების (რაც აბსოლუტურად ცხადი იყო თუნდაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი - მე-2 მსოფლიო ომის დროსაც კი), რღვევა; მორალური შეფასების კრიტერიუმები სრულად ხდება დამოკიდებული შემფასებელის მიერ რომელიმე მეომარი მხარის არჩევაზე, გამოირჩევა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობით“, რაც მიუკერძოებელ შემფასებლებშიც კი უკიდურეს, პოსტ-ჰუმანისტურ რეალატივიზმსა და ნიჰილიზმს წარმოშობს.
- პოსტ-ჰუმანისტური ეპოქის მთავარი საშიშროება და საფრთხე მშვიდობით დაინტერესებული იმ სახელმწიფოებისათვის, ვინც არ არის დაცული ბირთვული ხელშეუხებლობის, რაც სინამდვილეში უსაფრთხოების ერთადერთი მყარი გარანტიაა (ვინაიდან მთავარი, რაც პოსტ-ჰუმანიზმში გადასვლით მოხდა, სამართლის (სჯულის) იმპერატიულო ნების არარად ქცევაა), „სტატუსით“ და უსაფრთოხების პრივილეგიებით, არის ობიექტი და უარესიც - პროქსი-სახელმწიფოდ გადაქცევის საბედისწერო საფრთხე, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - „უკრაინიზაცია“. საბოლოო ჯამში დედამიწა ნაწილდება ბირთვული ხელეშეუხებლობის სტატუსის მქონე მსოფლიო სუბიექტების შდარებით უსაფრთხო სივრცედ და განსაკუთრებული საშიშროების იმ სივრცეებად, რომელთა „უკრაინიზაცია“ ხდება ან ადრე თუ გვიან, უნდა მოხდეს. პოსტ-ჰუმანისტური მსოფლიო წესრიგი, თუკი მას შეიძლება წესრიგი ვუწოდოთ, პერმანენტული ჰიბრიდული ომის პიროებებში - ამ დანაწილებას და გადანაწილებას ემსახურება და მასვე გამოხატავს.
- „უკრაინიზაციის“ საბედისწერო საფრთხის თავიდან აცილება პოსტ-ჰუმანისტურ ეპოქაში შესაძლებელია ერთადერთი გზით - მიაღწიო ბირთვული ხელშეუვალობის „იმპერატიული სტატუსით“ პრივილეგირებულ დაცულობას. უსაფრთოება - პრივილეგია ხდება რჩეულთათვის, ხოლო ამისათვის, ან თავად უნდა გაგაჩნდეს ბირთვული იარაღი, ან უნდა დათმო საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამის ფასად „შეიძინო“ უსაფრთხოება, „მიეკედლო“ ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს (ცხადია, უწინარესად - ნატოს), რომელიც თავადაა ასეთი სტატუსის დამდგენი. ე.წ. ნეიტრალიტეტი, რაც საერთაშორისო სამართლითა და შესაბამისი ინსტიტუციებით აქამდე იყო, მეტ-ნაკლებად, რეალური უსაფრთხოების გარანტია, პრაქტიკულად მნიშვნელობას კარგავს, რადგან პოსტ-ჰუმანისტურ ეპოქაში ბირთვული ხელშეუვალობის და ბირთვული შეკავების გარდა, სხვა იმპერატივები პრაქტიკულად აღარ არსებობს და ამდენად, სხვა აღარაფერი უსაფრთხოების გარანტიას აღარ წარმოადგენს.
საქართველოსთვის, ბუნებრივია, ნატოს ერთდაერთი ალტერნატივა, ვინც ბირთვული ხელშეუვალობის ასეთ „იმპერატიულ სტატუსს“ ადგენს - ოდენ რუსეთია, რაც სერიოზულად საქართველოში ვერ და არც განიხილება. საუბედუროდ, უალტერნატივო გზა, რაც კონსტიტუციითაც გვაქვს დადგენილი - ე.ი. ნატოს წევრობის მიღწევა, ასევე პოსტ-ჰუმანისტური სისასტიკის გამო, ნაკლებად პერსპექტიულია: გლობალურ სუბიექტებს, ოკეანის იქით თუ აქეთ, აშკარად სურთ ვიქცეთ ჰიბრიდული ომის ობიექტად, პროქსი-სახელმწიფოდ, გადასანაწილებელ სივრცედ, მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფ ზონად, ხოლო შესაძლებლობების ფანჯარა, გავხდეთ ნატოს წევრი სრულუფლებიანი სუბიექტები - აქამდეც ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად იხურებოდა. ვშიშობთ, ეს პოსტ-ომი ამ ფანჯარას სულაც გააუქმებს. ხოლო უფსკრული, რაც არსებობს ბირთვული ხელშეუვალობით დაცულ და დაუცველ სახელმწიფოებს შორის, უფრო გაღრმავდება.
მაშ რა ვქნათ?!
ქართული კლუბისთვის ამ პოსტ-ჰუმანისტურ უმძიმეს დროებაში, რაც კაცობრიობას დაუდგა, სხვა პასუხი არ არსებობს: გველის ჭკუა, მტრედის უმანკოება, ვირის მოთმინება, რაც მთავარია - ღვთის რწმენასა და სჯულის დაცვაში განსაკუთრებული შეუპოვრობა, საგანგებო სიმტკიცე გვმართებს. ესაა საქართვლოს მუდმივი ბედისწერა, რაც ეპოქალურ ცვლილებებს არ ექვემდებარება.
იმიტომ ვამბობ მგონი ჩვენი დირეხტორიც შვებულებაშია მეთქი
ხო იცი რამდენჯერაც პერერივი გააკეთე, იმდენი ხალხი დაგეფანტ--დაგეკარგა
ხოოდა თქვენ ერთი დეჟურნი მაინც რატო არ დაიტოვეთ?---------------
ვაააააააა ..... გამოდის რომ ყველა ოპტომ წახვედით ფრონტზე ...
არ გამოვა ეგრე საქმე...............ია ტაკ დუმაიუ