პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა, ჯეიმს მარაპემ დაასახელა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელშიც არა მხოლოდ ახალი სახეები, არამედ ახალი თანამდებობებიც გამოჩნდა.
მისი განცხადებით, ყავის და პალმის ზეთის სამინისტროების ჩამოყალიბება ხაზს უსვამს მთავრობის მიზანს, გააძლიეროს საკვანძო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები.
„ყავის მინისტრი ჯო კული უნდა კონცენტრირდეს ყავაზე, ყავაზე და ისევ ყავაზე. ყავის ინდუსტრია უნდა გაძლიერდეს, რათა ექსპორტმა კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს. პალმის ზეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საქონელია. ამ სამინისტროს ფრენსის მანეკე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა აუთვისებელი მიწების ხარჯზე პალმის ზეთის წარმოების გაზრდა იქნება“, - განაცხადა მარაპემ მთავრობის 33-წევრიანი შემადგენლობის წარდგენისას.