Reuters: პანდემიამ ჩინეთში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია

Reuters: პანდემიამ ჩინეთში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლები შემცირდა, რაც ბოლო წლებში ბავშვთა განათლებისა და მოვლის ხარჯის გაზრდას უკავშირდება, - ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით წერს.

„კორონავირუსმა აშკარა გავლენა იქონია ზოგიერთი ადამიანის ქორწინებასა და მშობიარობაზე“, - აცხადებენ დემოგრაფები და დასძენენ, რომ ამ წელს ჩინეთში ახალშობილთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე, 10 მილიონზე დაბლა დაეცემა (გასულ წელს 10,6 მილიონი ბავშვი დაიბადა).

შობადობის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად, ჩინეთის ხელისუფლებამ გასული წლის განმავლობაში შემოიღო ისეთი ზომები, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება, გაძლიერებული სამედიცინო დაზღვევა, საბინაო სუბსიდიები და დამატებითი ფინანსური დახმარება მესამე ბავშვის გაჩენისთვის.