„სააკაშვილმა ჯერ მოიხადოს სასჯელი და მერე იმოქმედოს იმ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლის მოქალაქეცაა“

„სააკაშვილმა ჯერ მოიხადოს სასჯელი და მერე იმოქმედოს იმ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლის მოქალაქეცაა“

რამდენად საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ხმაურიანი წერილები, რა პოლიტიკური მახის წინაშე დგას ქვეყანა, რა აღიარებითი ჩვენება მისცა მიხეილ სააკაშვილმა და შეიცვლება თუ არა ამერიკის ელჩი იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რასაც მას პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფი უყენებს? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge-ს თავის პოზიციას უზიარებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.

ბატონო ლადო, რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე გააქტიურდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხი. რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ იმ დროს, როცა გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი არ დამდგარა, მისთვის სასჯელის გადავადება იმ პირობით, რასაც ადვოკატები აჟღერებენ - სააკაშვილი თანახმაა და მზადყოფნას გამოთქვამს აღარ ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში სასჯელის გადავადების და ამ პირობით გათავისუფლების შემთხვევაში?

- ეს საკითხი მრავალწახნაგოვანია. ჯერ ერთი, კითხვაში სავსებით სწორად აღნიშნეთ, რომ არის რამდენიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ისიც არ ვიცით, როდის და რა სასჯელი იქნება სასამართლოს მიერ დადგენილი. აქედან გამომდინარე, ის, რაც ჯერ არ არის დადგენილი, ვერ გადავადდება. ამიტომ საუბარია იმის გადავადებაზე, რაც მისჯილი აქვს. ამასთან ერთად, ამ საკითხის საკმაოდ საჩოთირო მხარეც გააჩნია. ის განცხადება, რომ სააკაშვილი არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში და ამიტომ სასჯელი უნდა გადაუვადდეს, ეს თვითონ სააკაშვილს, რამდენედაც ვიცი, ჯერჯერობით, თავად არ უთქვამს, ამას იძახიან მისი ადვოკატები. რა თქმა უნდა, ადვოკატები ნდობით აღჭურვილი პირები არიან და ისინი, როგორც წესი, აჟღერებენ იმას, რასაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სთხოვენ და რაც მათ ინტერესებშია. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც მოდის მიხეილ სააკაშვილისგან. მაგრამ აქ არის სერიოზული პოლიტიკური მახე - თუ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი იმ მოტივით გადაუვადდება, რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, გამოდის, ამჟამად ის მართლაც პოლიტპატიმარი ყოფილა.

პრაქტიკულად, ამის ირიბი აღიარება იქნება სახელმწიფოს მხრიდან...

- პრაქტიკულად, იქნება აღიარება, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა ის მუხლები, რომლითაც მას სასჯელი აქვს მისჯილი, არც ერთი არ არის პოლიტიკური, ყველა არის რეალური დანაშაული, რომელსაც ის წლების განმავლობაში სჩადიოდა. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმით, არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელი აქვს მისჯილი იმ ბოროტების დამნერგავი სისტემის შექმნისთვის, რომელიც, პრაქტიკულად, 9 წლის განმავლობაში მოქმედებდა და, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა. მაგრამ განცხადება, რომ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს ირიბად ნიშნავს იმის აღიარებას, რომ თუ მას შეიწყალებენ ან სასჯელს გადაუვადებენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა. ეს კი ის სცენარია, რასაც აწვება რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ ამის გაკეთება უდიდესი შეცდომა იქნება. ამ საკითხს არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე მხარეც აქვს: თუ მიხეილ სააკაშვილი იძახის, რომ აღარ ჩავერევი ამ ქვეყნის პოლიტიკაში და ამიტომ გადამივადეთ სასჯელი ან შემიწყალეთო, მაშინ გამოვიდა შემდეგი - მან აღიარა, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. კერძოდ, ის აღიარებს, რომ აქამდე ერეოდა, მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში, როგორც უცხო ქვეყნის, უკრაინის მოქალაქე. მას კი ამის უფლება არ ჰქონდა, რადგანაც თავისივე ნებით აღარ არის საქართველოს მოქალაქე. რატომ არ ხდება ამ დარღვევის წამოწევა და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დაფიქსირება და მოკვლევის დაწყება?! კიდევ ერთი მომენტი - ჩვენ შევეჩვიეთ იმის გამუდმებულ ყიჟინას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობა და რა გამოვიდა - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და აღიარებს, რომ ერეოდა და ერევა ჩვენი ქვეყნის შიგა პოლიტიკაში - ყოფილა მთელი რადიკალური ოპოზიციის არაფორმალური მმართველი. გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები იძლევიან აღიარებით ჩვენებას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი წლებია, როგორც რადიკალური ოპიოზიციის არაფორმალური მმართველი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამის კანონმდებლობას!

პიარ-ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, „ქართული ოცნება“, ცალკეული შემთხვევების გარდა, აშკარად ჩამორჩება „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, ეს ვისი და რისი ბრალია, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, „ქართული ოცნება“, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში, არ არის სათანადო გაჟღერებული. იმავდროულად, რადიკალური ოპოზიცია ძალიან კარგად იყენებს თავის პიარ-ტექნოლოგიებს, პირად კავშირებს და ვიცით, თუნდაც ევროპარლამენტმა რა გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რა დასკვნები კეთდება და საქართველოს რა სირთულეები ექმნება თავის განვითარების გზაზე.

სააკაშვილის დედამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი შვილი ძალიან ავადაა და გამოჯანმრთელების შემთხვევაში ის უკრაინის პოლიტიკაში იქნება, რადგა ის უკრაინის მოქალაქეა.

- ჯერ მოიხადოს სასჯელი და მერე იმოქმედოს იმ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლის მოქალაქეცაა. როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და განსაკუთრებით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავისი დინამიკური ხასიათიდან გამომდინარე, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა ვერასდროს. პრეზიდენტის კაბინეტშიც უჭირდა რამდენიმე საათი გაჩერება. ახლა წარმოიდგინეთ როგორ უნდა გრძნობდეს თავს გისოსებს მიღმა, გინდაც ციხეში, გინდათ საავადმყოფოში დაპატიმრებული. მას ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს. მაგრამ მარტო მას უჭირს?! ყველა ადამიანისთვის ციხე არის თავისუფლების შეზღუდვა, რის გამოც სერიოზული პრობლემები ექმნება. თვენახევარში ერთი წელი შესრულდება, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია და შეუძლებელია მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს მის ჯანმრთელობაზე არ ასახულიყო. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა მიეცეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოწვეული იყვნენ უცხოელი სპეციალისტებიც, რომელთაც ექნებათ მაქსიმალური ნდობა. ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს სამედიცინო სფეროს ისეთი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მაღალი რეპუტაციის სარგებლობს. მნიშვნელოვანია სანდოობა და ეს სპეციალისტები უშუალოდ საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს. აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ, როგორც ეკონომისტი ყოველთვის განვიცდიდი და ახლაც განვიცდი, რომ ეკონომიკა არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან - გინდა არ გინდა, ეკონომიკა სულ იმყოფება პოლიტიკის წნეხის ქვეშ და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ ძნელად წარმოვიდგენდი, რომ მედიცინაც იქნებოდა პოლიტიკიური წნეხის ქვეშ. ფაქტია, რომ საქართველოში მედიკოსების გარკვეული წრე თავის სამედიცინო დასკვნებს პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მრჩება, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, არამედ რადიკალურ პოლიტიკურ ინტერესებს მორგებული სამედიცინო დასკვნები კეთდება.

სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაშვების შემთხვევაში, ინტერესთა შეთანხმება ხელისუფლებასთან და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს შორის აშკარად გამოიკვეთება?

- თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა ამაზე წავა, მაშინ საკმაოდ სერიოზული პრობლემა ექნება „ქართულ ოცნებას“ თავის ამომრჩეველთან. ამომრჩევლის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, რომ სამართლიანობა არ იქნა აღდგენილი, ხოლო სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის იმ ცნობილი დანაშაულების გამო, თუნდაც შემსუბუქებული ვარიანტით, სასჯელის მოხდა, რომელიც აქვს მისჯილი ყოფილ პრეზიდენტს.

თქვენ კრიტიკულად შეაფასეთ მმართველი გუნდის პიარი. მნიშვნელოვანწილად სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარის მიზეზით ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან მიმართებით გაკეთებულმა განცხადებებმა - მიცვალებულის ფერი აქვს, კუნთების ატროფია, ფეხზე დგომა უჭირს, ამან შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ იმუშაოს? ქვეყანას დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება და თან ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა აქვს შესასრულებელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

- ის, რომ ექსპრეზიდენტი ციხეშია და სასჯელს იხდის, საქართველო ამ მხრივ უნიკალური არ არის. უბრალოდ, ამას კარგი ახსნა სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, განსაკუთრებით - საერთაშორისო დონეზე. წარმოვიდგინოთ ასეთი ჰიპოთეტური სცენარი, რომ რაღაც მექანიზმებით მოხერხდა სააკაშვილის გასვლა საზღვარგარეთ. სავარაუდოდ, 2 კვირა ან თუნდაც 2 თვე იქნება ჩუმად და მერე, რა გააჩერებს? ჩვენ რა, არ ვიცით მისი ტრადიციული თვალთმაქცობა? არ გახსოვთ პრეზიდენტი რომ იყო, შევიდოდა გაჭირვებული ხალხის ოჯახში და ტიროდა. ის იქ მართლა ტიროდა, რადგანაც მას გარდასახვის შესანიშნავი უნარი აქვს. შემდეგ მომენტში ეს პრობლემა საერთოდ არ ახსოვდა და ის საკითხი მნიშვნელოვანი აღარ იყო.

რაც შეეხება ბრიუსელიდან მიღებულ 12 პუნქტს, მერამდენედ ვიმეორებ - როდესაც ბრიუსელმა განაცხადა, რომ უკრაინას იმიტომ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომ ომშია ჩართული, რომ მოლდოვა დგას ომის საფრთხის წინაშე, ხოლო საქართველოს არ მიენიჭა, ბუნებრივია, ყველას გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოც რომ ყოფილიყო ამ ეტაპზე ომში ჩართული, მასაც მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნაა, რომელიც არც ჩვენი ქვეყნისთვის არის კარგი და არც ბრიუსელისთვის. ამიტომ არტიკულაციაში მარტო ჩვენ კი არ მოვიკოჭლებთ, სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ ბოლო დროს სერიოზული დაპირისპირება აქვს ოთხეულს წერილებისა და განცხადებების დონეზე, თან დასავლეთის მხრიდან კრიტიკაც ძლიერდება. ალბათ, ესეც გარკვეული საფრთხის შემცველია.

- რა თქმა უნდა. თან ეს ძალიან გასაფრთხილებელი თემაა და ცოტა ქვემოთ გეტყვით რატომაც. ახლა რაც შეეხება დაპირისპირებას, პირველ რიგში, ის დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს და ასე ვთქვათ, აირჩიეს უფრო კრიტიკული პოზიცია, აშშ-ის საელჩოსთან თუ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს მათი წმინდა პოლიტიკური არჩევანია. ეს ნაბიჯი ჩემ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება და სწორია, რომ ეს ადამიანები მმართველი გუნდის შემადგენლობიდან გამოვიდნენ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათ თავიანთი პარტია შექმნან, მაგრამ რა კითხვებსაც აჟღერებენ, ეს კითხვები საზოგადოებას მართლაც აწუხებს. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ძალიან ბევრი რამით სწორედ დასავლეთზე ვართ დამოკიდებული. ანბანურ ჭეშმარიტებას ვიტყვი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთადერთი რეალური გარანტორი სწორედ აშშ-ია. ევროკავშირს თავისი ეგზისტენციალური პრობლემები აქვს, ხოლო ნატოს კარები ჩვენთვის „ღიაა“, თუმცა მასში მაინც ვერ შევდვართ... რეალობაა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქმედითი გარანტორი მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ია. ამიტომ მივესლამები იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, რაიმე კრიტიკული გამოთქმა აშშ-ის საელჩოს მიმართ არ გაუკეთებია. ეს არის აბსოლუტურად სწორი პოზიცია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატების და საკრებულოს წევრების იმ მცირე ჯგუფს, რომელიც „ქართული ოცნებას“ გაემიჯნა, აქვს თავისი პოლიტიკური ამოცანები და ამ ჯგუფის წევრების მიერ დასმული კითხვები სულაც არ არის ყურით მოთრეული.

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული ოთხეული ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი ქ-ნი კელი დეგნანი რეალურად მხარს იმ რევოლუციურ სცენარს უჭერს, რომელიც ბაკურიანში განიხილებოდა. გასაგებია, რომ საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზს ატარებს. თუმცა, ისე წარმოჩინდება, რომ დეგნანი არ ითვალისწინებს დეპარტამენტის ინტერესებს და დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო...

- შეუძლებელია მან სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. მე მგონი, აქ გაუგებრობასთან უფრო გვაქვს საქმე. ამასწინათ ვუსმინე ქალბატონ დეგნანს, რომელიც გამოვიდა „ფორმულას“ ეთერში. თავისთავად ის, რომ ამ ტელევიზიის ეთერში გამოვიდა, უკვე ბევრ კითვას ბადებს - ეს ოპოზიციური პარტიული არხია. ამიტომ მიზანშეწონილია დიპლომატები მიდიოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. არ ვიცი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიწვია ქ-ნი დეგნანი თუ არა... ესეც საკითხის მნიშვნელოვანი ასპექტია. საერთოდ, რას ვერ ვხვდები, აგვისტოში ხელისუფლების მხარდამჭერ ტელევიზიებს რატომ აქვთ პოლიტიკური გადაცემები გაჩერებული, მაშინ როცა არც ერთ ოპოზიციურ არხს ეს არ გაუჩერებია. ვხედავთ, თუ როგორი სერიოზული მუშაობა მიდის პარლამენტში 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არის ბრიუსელიდან გამოგზავნილი, ვხედავთ, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოვიდა 12 პუნქტის შესატყვისი შენიშვნები, ანუ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი არხები კი აშკარად ჩამორჩებიან ოპოზიციურ სატელევიზიო არხებს პოლიტიკური ცხოვრების ადეკვატურ გაშუქებაში. საკვირველია, რომ ოპოზიციური არხების წამყვანი სახეები არ დაღლილან და აქტიურად მუშაობენ, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი არხების წამყვანი ჟურნალისტები კი... ისვენებენ. ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყენაში სულაც არ არის „საზაფხულო არდადეგებზე“ გასული!

ეს ოთხეული ელჩისგან ითხოვს კითხვებზე დასაბუთებულ პასუხს. უშვებთ, რომ ამ ფონზე აშშ-ის ელჩი შეიცვალოს?

- ჩემი წარსული პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ელჩები არ არიან ვალდებული და არც არის გამართლებული ყოველთვის ღიად ლაპარაკობდნენ ყველა საკითხზე. პირიქით, ძალიან ბევრი რამე არ არის პირდაპირ საჯაროდ სათქმელი. ცნობილია, რომ ელჩები დახურულ კარს მიღმა ხშირად საკმაოდ ღია ტექსტით ეუბნებიან თავისი მთავრობის პოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრს თუ მის მოადგილეებს, ასევე ქვეყნის პირველ პირებს. ელჩს თუ მიიწვევენ, მივა პარლამენტში და იქ დახურულ კარს მიღმა შეიძლება ძალიან ბევრი რამე ითქვას, მაგრამ ღია ტექტსით ელჩები, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ. ამიტომ აშშ-ის ელჩი, როცა თავის ვადას ამოწურავს, აუცილებლად შეიცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტში იტყვიან, რომ მოხდა ჩვეულებრივი როტაცია, ხოლო ის, თუ სამსახურებრივად როგორ შეფასდება მისი საქართველოში მოღვაწეობა, ეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა. ამის შესახებ ირიბად გვეცოდინება იქიდან გამომდინარე, თუ მომავალში როგორ გაგრძელდება ელჩის დიპლომატიური კარიერა.

ბოლო შეფასებებს შევეხოთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან მიმართბაში. საქართველოს მართლაც უკუსვლა აქვს გარკვეული მიმართულებებით და ჩავარდნები სასამართლოს და ადმიანის უფლებების მიმართულებით? ეთანხმებით დასავლეთის ბოლო შენიშვნებს?

- აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ უჩვენოს, მართლა არის უკუსვლა თუ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. როცა ისინი წერენ უკუსვლას, ეს მათი აღქმაა, რაც შეიძლება იყოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტურიც. საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა სწორედ ეს გააქარწყლოს და, სადაც აუცილებელია, შექმნილი სიტუაცია გააუმჯობესოს.

აი, ამის პარალელურად საჭიროა თუ არა მაგალითად, სამთავრობო გუნდის განახლება? ალბათ ამ უკუსვლის, თუ ჩავარდნების გამოსასწორებლად ახალი სისხლიც მნიშვნელოვანია.

- პირადად, მე, არ ვთვლი, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობიდან წასვლა, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, გამართლებულია. პირიქით, დღეს პრინციპულია მისი ამ პოსტზე ყოფნა. რაც შეეხება მის გუნდში ცვლილებებს, მთავრობა ცოცხალი ორგანიზმია - ვიღაც მიდის და ვიღაც მოდის, ეს ჩვეულებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გვყავს რამდენიმე წევრი, რომელიც ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და ხალხის სათანადო ცნობადობაც აქვს. ჯერჯერობით სწორედ ისინი ქმნიან მთავრობის პოლიტიკურ სახეს. იმავროულად, ამ მთავრობის შემადგენლობაში არიან ისეთი წევრებიც, რომლებიც უფრო ტექნოკრატიული მთავრობისთვის შესაფერისები არიან. ისინი ცალკეულ სფეროებზე არიან ორიენტირებულნი და ხშირად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ვინაა ამა თუ იმ დარგის მინისტრი. ეს არც თუ იშვიათი მოვლენაა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის პირობებში კი ამ ტიპის მინისტრებისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ თავისი წარმატებული საქმიანობით პოტენციურ ამომრჩეველს გაკეთებული საქმეებით თავი პოზიტიურად გააცნონ.