უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუ ოკუპანტი ქვეყანა დატყვევებული უკრაინელი სამხედროების საჩვენებელ სასამართლო პროცესებს მოაწყობს. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მედიაში საკმარისად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში ამზადებენ სცენარს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, ოკუპანტების ტყვეების აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული, საჩვენებელი სასამართლო პროცესი გაიმართება. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რაც არ უნდა დაგეგმონ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად ცხადი იქნება. თუ ეს ამაზრზენი საჩვენებელი სასამართლო პროცესები გაიმართება, თუ ჩვენს ხალხს ამ სცენარში ჩართავენ, ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, თუ იქნება [მათი] შეურაცხყოფა... ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი საკუთარ თავს მოლაპარაკებებიდან მოსწყვეტს. არანაირი საუბარი აღარ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ უკვე ყველაფერი თქვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.