უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ომის შესახებ მოსახლეობა არ გააფრთხილა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.
„ამ კვირამდე უკრაინელები თვლიდნენ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საყვედურს მიღმა იყო. ის ითვლებოდა ეროვნულ გმირად, რომელიც დარჩა კიევში, არსებული საფრთხეების მიუხედავად. თუმცა კომენტარებმა, რომლებიც მან გააკეთა The Washington Post-თან ინტერვიუში იმის თაობაზე, თუ რატომ არ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული ომის დაწყების შესახებ, გამოიწვია საზოგადოებრივი კრიტიკის კასკადი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უპრეცედენტო იყო“, - წერს გამოცემა.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რიგითი მოსახლეობა, რომელიც ომის დაწყებისას მოუმზადებელი აღმოჩნდა, ფიქრობს, რომ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში განსხვავებულად მოემზადებოდნენ ამისთვის, მეტიც, საზოგადოების ნაწილმა მომხდარ უბედურებებზე პასუხისმგებლობის ნაწილი ზელენსკისაც დააკისრა.
როგორც WP-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, ის შიშობდა, რომ უკრაინელები მიეცემოდნენ პანიკას, მასობრივად დატოვებდნენ ქვეყანას და გამოიწვევდნენ ეკონომიკის კოლაფსს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ გაუზიარა მან მოსახლეობას ინფორმაცია რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მან აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მიიღო.
„ეს ინფორმაცია რომ გაგვესაჯაროებინა, ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველთვიურად 7 მილიარდ დოლარს დავკარგავდით და როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, ისინი სამ დღეში გაიმარჯვებდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბევრ უკრაინელს არ მოეწონა ის, რომ ზელენსკისთვის ეკონომიკა მათ კეთილდღეობაზე უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა. მათი ვარაუდით, უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, თუ მთავრობა ადეკვატურად მოამზადებდა მოსახლეობას ომისთვის.
თუმცა აღმოჩნდა ბევრი ისეთიც, ვინც ზელენსკის პოზიცია დაიცვა. მათი აზრით, უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც აშშ-ის ოფიციალური პირები ომის მოახლოებაზე საუბრობდნენ, შესაბამისად, „უკრაინელები, ვინც ამერიკული სპეცსამსახურების მოხსენებებს მედიაში გაეცნო, ვერ იტყვიან, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია“, - აღნიშნულია სტატიაში.