ჩინეთ-ამერიკის გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ რუსეთის ტერიტორზე გადმოინაცვლა

ჩინეთ-ამერიკის გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ რუსეთის ტერიტორზე გადმოინაცვლა

ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან და ტაჯიკეთიდან. ჩინეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მათი მონაწილეობა წვრთნებში არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან.

გარდა ამისა, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი განზრახვა მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებაა. როგორც ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, მათი მიზანია, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერება.

წვრთნები ორმხრივი შეთანხმების ნაწილია. რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნების 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება. თუმცა, თავდაპირველად, როცა კრემლმა განცხადება სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ გააკეთა, მაშინ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი სახელმწიფოების სამხედროები ჩადიოდნენ რუსეთში.

ბოლო ასეთი წვრთნები 2018 წელს გაიმართა, როდესაც ჩინეთმა პირველად მიიღო მონაწილეობა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 300 000-მდე სამხედრო და 1000 საავიაციო ერთეული. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრებია რუსეთში. ფორმატი, რომლის ფარგლებში რუსეთში „ვოსტოკი 2022-ის“ წვრთნები გაიმართება, ეს არის შანხაის თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა და წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ წვრთნები დაგეგმილი იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინიტრი, ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ უკვირს თუნდაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთის და ჩინეთის ძალისხმევით ეს ფორმატი სწორედ ახლა რომ გააქტიურდა - მართლია, არა სამხედრო ნაბიჯებით, მაგრამ სამხედრო წვრთნებით.

„ეს უკვე გარკვეული ნიშანია იმისა, რომ ამ ფორმატის სისრულეში მოყვანა ამ წუთში მიმდინარეობს. ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირების ახალ სახეს ვიღებთ, იმიტომ რომ უკვე კარგა ხანია ეს არსებობს და მოქმედებს. ამიტომ, აქ ახალი არაფერია, მაგრამ თავისთავად სასიამოვნო არაფერია“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

როგორც ყოფილი დიპლომატი ამბობს, საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების არსებულ ფორმატებს და სტრუქტურებს უპირსპირდება ახალი წარმონაქმნები და განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი წამყვან როლს თამაშობს.

„ამიტომ, თუ შეგვიძლია საუბარი რაიმე საფრთხეზე, მხოლოდ და მხოლოდ საკმაოდ პირობითად. საკმაოდ, საიტერესო ფაზაში შევდივართ. ვნახოთ, რა მოჰყვება ამ წვრთნებს, რადგან მსგავი წვრთნები რამდენჯერმე ჩატარდა, მაგრამ ცხადია, რომ კიდევ სხვა (რაც კი არსებობს მსგავი არსებული ფორმატებიდან) რომ გააქტიურდება, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა და ხდება კიდევაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ „ვოსტოკი 2022“-ის წვერთნები დე ფაქტო ხორციელდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები არიან ჩინეთი, ინდოეთი და ტაჯიკეთი. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე საომარი კონფლიქტის პარალელურად რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, ფაქტობრივად, არის ჩინეთ-რუსეთის ერთგვარი დაპირისპირება აშშ-თან და სავსებით ლოგიკურია, რომ ამას აქვს გეოპოლიტიკური დატვირთვა.

„პრინციპში, ისინი თვლიან, რომ ნატო არის მათი მოწინააღმდეგე. ასევე, ტაივანთან არსებული სიტუაცია რაც განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში და ასევე სხვა ფაქტორები, რა თქმა უნდა, ამ კუთხით აიძულებს რუსეთს, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მჭიდრო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. თუმცაღა, ჩინეთი დამოუკიდებელ გეპოლიტიკურ თამაშს თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ძალის დემონსტრირება იგივე ამერიკის და დასავლეთის წინააღმდეგ - სამხედრო ძალების ურთიერთთავსებადობის ვითარების შექმნაა. ჩინეთი ამით ამბობს, რომ თუ რამე მოხდა, ისინი რუსეთის მხარეს დადგებიან და პირიქით, რუსები დადგებიან ჩინეთის მხარეს თუ რაიმე დაპირისპირება მოხდება ტაივანთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.