გადავიდა თუ არა უკრაინა პარტიზანული ომის წარმოებაზე?!

გადავიდა თუ არა უკრაინა პარტიზანული ომის წარმოებაზე?!

გადავიდა თუ არა უკრაინა პარტიზანული ომის წარმოებაზე, რაშიც ის ყველაზე ძლიერია? ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე მომხდარი დაბომბვის შემდეგ უნდა ჩათვალონ თუ არა რუსებმა გაფრთხილებად, რომ პარტიზანულ ომში უკრაინელებს არ უნდა შეჰყვნენ?

უკრაინელები ფიქრობენ, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომის დაბომბვა ნამდვილი ჯოჯოხეთია რუსული საჰაერო ძალებისთვის, რაც კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის ტოლფასია. ფიდიოროვკასთან ავიაბაზაზე ბაზირებული რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან 15 ერთეული დაიწვა.

დასავლელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა და უკრაინას ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ლეტალური ძალა გამოეყენებინა ოკუპანტის წინააღმდეგ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია იზიარებს მოსაზრებას, რომ მანევრირებადი ომის თეორია მოიცავს პარტიზანული შენაერთების და წინააღმდეგობრივი ჯგუფების შექმნას. უკრაინას ამის გამოცდილება გააჩნია, მას ძლიერი წინააღმდეგობების ჯგუფები ჰყავდა ჯერ კიდევ სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის რეგიონებში.

„უკრაინა ამ ჯგუფებს იყენებდა რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ. უკრაინის სამხედრო დივერსიულმა ჯგუფებმა და ადგილობრივებმა თავის დროზე რამდენიმე სეპარატისტიც გამოასალმეს სიცოცხლეს და მოახდინეს სერიოზული დივერსიები, სანამ რუსები შეიჭრებოდნენ უკრაინაში. სხვათა შორის, ამის გამოცდილება საქართველოსაც გააჩნია. შინდისის გმირებმაც სწორედ სიღრმისეული რეიდის დროს მოახდინეს რუსეთის ჯარების შეჩერება და გმირულად დაიღუპნენ. აფხაზეთშიც მოქმედებდა პარტიზანული შენაერთები - შენგელია, სამუშია და სხვები. საქართველო მაშინ იყენებდა წინააღმდეგობის მოძრაობას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის განმარტებით, ჯერჯერობით რუსეთი უარყოფს, რომ ყირიმთან მიმართებით ადგილი ჰქონდა გარე ჩარევას, სარაკეტო შეტევას ან პარტიზანულ მოქმედებებს, თუმცა უკრაინას განსხვავებული პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, მარტივი ინდიკატორია ამის გარკვევის, თუკი ფიდიოროვკის აეროდრომზე გაუფრთხილებლობით მოხდა ცეცხლის გაჩენა, თანაც ასეთი მძიმე შედეგებით, როცა ავიაპარკის გარკვეული ნაწილი, სხვა ტექნიკა, სამოქალაქო ქონება, მანქანები დაიწვა და დაზიანდა, როგორც წესი, აღიძვრება ხოლმე სისხლის სამართლის საქმე მძიმე მუხლებით და შემდგომში მძიმე განაჩენებით. მით უფრო, რომ მსხვერპლიც არის, ერთი ადამიანი თუ დაიღუპა, ერთი სასჯელია, ერთზე მეტის დაღუპვის შემთხვევაში, მეორე სასჯელია. არავინ რომ არ დაღუპულიყო, მაინც ძალიან ძვირადღირებული და დიდი რაოდენობის ტექნიკაა დაზიანებული და ამაზე რუსეთში მძიმე მუხლებია. ამიტომ დროში უნდა დავაკვირდეთ, თუ ვიხილავთ ფიდიოროვკის აეროდრომის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას და, მინიმუმ, იქიდან რამდენიმე პირის დაჭერას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დიდი ალბათობით, გაუფრთხილებლობით მოხდა ცეცხლის გაჩენა. ბელარუსში ცეცხლის გაჩენაზეც იგივე შეიძლება ვთქვათ, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმეები, რამდენი ადამიანი დატოვებს თანამდებობას და წავა ციხეში“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ რუსეთს და ბელარუსს შეუძლიათ ფორმალურად ვიღაც გაათავისუფლონ ამ თემის შესაკერად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფორმალურად რამდენიმე ადამიანს ყირიმსა და ბელარუსში ციხეში ვერ გაუშვებ და საქმეს ძალით ვერ შეუკერავ.

„რუსები ბელგოროდშიც უარყოფდნენ შვეულმფრენების შეტევებს, მაგრამ შემდეგ მოუწიათ ამის აღიარება, რადგან იყვნენ თვითმხილველები. ახლაც ამბობენ, რომ რაკეტები არავის დაუნახავს, რაკეტა შეიძლება ვერც დაინახო მოხვედრის დროს, ასევე, არავის დაუნახავს იქ პარტიზანები ან დივერსანტები. როგორც წესი, რუსულ მედიაში ასეთი ინფორმაციები არ იმალება და გვამცნობენ, იქნება თუ არა ზომები მიღებული. თუ ციხეში არავინ წავა, მაშინ ეს ყოფილა გარე ზემოქმედება, ან სარაკეტო იერიში, ან პარტიზანული მოქმედებები. არც საბჭოთა პერიოდში, არც რუსეთის პერიოდში ასეთი რამ არ მიჩქმალულა. ასეთი მძიმე ხანძრები კი არა, ტყე როცა იწვის, მაშინ აღიძვრება ხოლმე სისხლის სამართლის საქმე რუსეთში“, - გვითხრა ამირან სალუქვაძემ.

 

leviko მეორე მსოფლიო ომში უკრაინაში პარტიზანები ისეთ სასტიკ რაღაცეებს ჩადიოდნენ რომ უბრალო ხალხიც ვერი იტანდა მათ ტყეში იმალებოდნენ ჩამოდიოდნენ სოფლებში და ძარცვავდნენ ხალხს მერე ისევ იმალებოდნენე და ჩანდა ისე თითქოს ფაშისტებს ებრძოდნენ
2 წლის უკან