ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.
რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა სახლი და ორი მანქანა განადგურდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე ჩანს სახლების დანგრეული ფასადები და ავტომობილების სისხლით დასვრილი ფანჯრები.
მომხდარს ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს უკავშირებენ.
„კრიმინალური დაჯგუფების მიერ მთავრობის წინააღმდეგ ომის გამოცხადება“, - ასე შეაფასა ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი.
ეკვადორი ხშირად გამოიყენება როგორც სატრანზიტო ქვეყანა მეზობელი პერუდან და კოლუმბიიდან კოკაინის კონტრაბანდისთვის. ბოლო დროს, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებით გამოწვეული მკვლელობების მაჩვენებელი.