ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო პლენარულ სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 24-28 ივნისს ჩატარდება, შესაძლოა, საქართველო კვლავ მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შესაძლოა, „საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ“ გადაუდებელი დებატები გაიმართოს, რასაც რუსეთის დელეგაცია ეწინააღმდეგება. რადიო „Голос России“-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
დებატების წინადადებით „ევროპის სახალხო პარტია“ გამოვიდა, საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით კი ასამბლეამ 24 ივნისის ბიუროს სხდომაზე უნდა მიიღოს.
„რუსეთის დელეგაცია სესიაზე ამ საკითხის დაყენებას არ ეთანხმება. სიტუაციის გაუარესებაში ევროპელი დეპუტატები სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დაპატიმრებებს გულისხმობენ, რომელთაც ბრალი ედებათ კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, ჩვენი ევროპელი კოლეგები თავს იკატუნებდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის. როდესაც ცნობილი ხდება, რომ ეს ასე არ იყო, ახლა აცხადებენ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობაა. ჩვენთვის ასეთი პოზიცია გაუგებარია. საქართველოს უფლება აქვს თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმებით ებრძოლოს შესაძლო სამართალდარღვევებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში“, - განაცხადა პუშკოვმა.
მიაღწევს თუ არა „ევროპის სახალხო პარტია“, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთის ნდობა დაუბრუნოს, ან რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ამ თემებზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.
ბატონო გოგი, უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წინააღმდეგ საქართველოს ინტერესების დასაცავად სწორედ რუსული დელეგაცია გამოდის?
- ვიცით, „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს სააკაშვილის პარტიას, უფრო მეტიც, თავისი ქსელის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ქმედება უნდა დაიცვან. მათი მხრიდან სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურებოდნენ. თუმცა, მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი შეაფასონ ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებად, რადგან ეს სამართლებრივი პროცესია და მათ არ აქვთ უფლება ეს საკითხი ამხელა ტრიბუნაზე გაიტანონ.
რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ცოტა მიკვირს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამით რუსეთი ცდილობს, გარკვეული ნაბიჯი გადმოდგას დაახლოებისკენ.
თუმცა პარალელურად, მავთულხლართების გავლება განაახლა...
- ყველაფერს სჯობდა, მავთულხლართების გავლება შეჩერებულიყო და ბოდიში მაინც მოეხადათ. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ევროპატრლამენტში ჩვენი დაცვა არ არის საჭირო - გვყავს პარტნიორები ევროპაში, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ. სჯობს, რუსეთმა ახალგორში, ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაციის მოწესრიგებით გამოხატოს საქართველოსადმი პატივისცემა.
რას ნიშნავს ბოლო დროს რუსეთის გააქტიურება, მაგალითად, რუსული მედია საკმაოდ დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, „რეგნუმის“ ინფორმაციით, სამალავებში აღმოჩენილი იარაღი ახალი რევოლუციისთვის იყო საჭირო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა, თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი გარკვეულ ინფორმაციას ფლობს?
- რუსულ მედიას სენსაციური ინფორმაცია უყვარს, „რეგნუმის“ ინფორმაციას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან ამ არსენალით რევოლუციის მოწყობა სისულელე იქნებოდა. არც სამხედრო და არც პოლიტიკური რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში გადატრიალება მოახდინოს. ეს მათაც მშვენივრად იციან...
პარალელურად ვრცელდება მიხეილ ხუბუტიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლასა და ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობას აპირებს. ასეთი ტიპის განცხადებებიც ხომ არ ატარებს პროვოკაციულ ხასიათს საიმისოდ, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩეს?
- ეს ხუბუტიას პირველი განცხადება არ არის, ამასწინათ ვლადიმერ ხომერიკი იყო საქართველოში ჩამოსული, ბიზნესმენები უკვე ჩამოდიან და ეს პროცესი დაიძრა, ამაში პროვიკაციული არაფერია. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში და ბევრიც რუსეთში ჩავა - ეს ჩვეულებრივი რამაა.
რაც შეეხება საგარეო კურსს, შეგვიძლია გავიხსენოთ აშშ-ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ბოლო განცხადებები და შეფასებები, შეგვიძლია ვნახოთ ევროპის მხრიდან გაკეთებული შეფასებები თუნდაც ვილნიუსის სამიტთან, ან საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვნახავთ, დასავლეთი არ თვლის, რომ საგარეო ვექტორში ცვლილება შეიმჩნევა. ასეთი განცხადებები პირადად მოვისმინე ბრიუსელში ყოფნისას ევროპარლამენტარებისგან.
გამოდის, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ მცდელობასთან გვაქვს საქმე, „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად ახალი ხელისუფლების მიზნებთან დაკავშირებით კითხვები არ ამოიწუროს. როგორ ფიქრობთ, მიაღწევს სააკაშვილი იმას, რომ საქართველოში სიტუაციის გაუარესების თემაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართოს?
- გამიკვირდებოდა კიდეც „ევროპის სახალხო პარტიას“ ასეთი პოზიცია არ დაეფიქსირებინა და ვფიქრობდი, რატომ აგვიანებდა... შეილება მიაღწიონ კიდეც იმას, რომ საქართველოს საკითხი დებატებზე გავიდეს ან ვერც გავიდეს...
კარგი იქნებოდა, „სახალხო პარტიისთვის“ შეეთავაზებინა ვინმეს, რომ თუ ასე შეწუხებულები არიან ქვეყანაში არსებული სიტუაციით, გაუპატიურების საშინელ კადრებზეც გააკეთონ შეფასება და გვითხრან, ეს რას ნიშნავს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოლო პერიოდში მისი რეიტინგი ევროპასა და ამერიკაში სერიოზულად კლებულობს. საბოლოოდ რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს არ ვიცი, მაგრამ რეიტინგს რომ ვერ აღიდგენენ, ეს ფაქტია და ამაში ვერც „ევროპის სახალხო პარტია“ დაეხმარება მათ.
რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებელია თუ არა მისი პოზიცია შეიცვალოს საქართველოს მიმართ, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგიდან ამოვარდება?
- ჩვენ მომხრე ვართ, რომ რუსეთთან განვითარდეს ურთიერთობა იმ საკითხების გათვალისწინებით, რაშიც მაინც ვერ შევთანხმდებით. ეს არის დიდი მეზობელი, რომლის გარეშეც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ გადაწყდება. ამიტომ, მტრულად განწყობილი არ უნდა ვიყოთ, რადგან ეს შემდგომში ყველანაირი ურთიერთობის განვითარებას გამორიცხავს. საკმაოდ პრაგმატული გზა ავირჩიეთ და ჯერჯერობით, ამაზე ძალზე ცივი და არასაკმარისი რეაქცია მივიღეთ მოსკოვიდან. იმედი მაქვს, რომ ესეც შეიცვლება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით რუსეთთან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მეორე მხრივ, სიტუაცია საკმაოდ აგრესიულია საზღვართან დაკავშირებით, ამავდროულად ქართული საზოგადოებისთვის მისაღებ პოზიციას აფიქსირებს ევროპაში - ფაქტობრივად, ურთიერთსაპირისპირო ქმედებებია, დიპლომატიის ენაზე ეს რას ნიშნავს?
- ეს რუსული პოლიტიკაა, რომელიც გვახსენებს, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ის არის. ის თვლის, რომ ასეთ სიტუაციას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის ხაზგასმას ახდენს. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო წლების გართულებული სიტუაციის მიუხედავად, როდესაც რუსული ბაზარი საერთოდ დაკეტილი იყო საქართველოსთვის, ჩვენ მაინც გადავრჩით. როგორც სახელმწიფო არ გავქრით და არ დავიღუპეთ - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
დღეს რუსეთთან ეკონომიკურ-კულტურილი ურთიერთობები ასე თუ ისე, წესრიგდება. წესით, ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ნაბიჯებიც, ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე სიტუაციის დათბობა.
რას გულისმობთ?
- უნდა გაიმართოს უფრო ხშირი კონსულტაციები, ურთიერთობების განვითარება უწყებებს შორის. პუტინმა ახსენა ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობა, რომელიც ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალოვან სტრუქტურებს შორის უნდა შედგეს გარკვეული ტიპის ურთიერთობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები არის ყველაზე დიდი მოწინაარმდეგე საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა დათბობისა რუსეთში, ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, ეს გარკვეული ნდობის შენებასაც გამოიწვევს. ნაკლები იქნება პროვიკაციის მოლოდინი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ერთი პირობა, რომ რაც საზღვართან ხდება ახლა, მსგავსი ქმედებები არ მოხდეს.
ცოტა ხნის წინ რუსი ექსპერტის, ალექსანდრ დუგინის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ლაპარაკია, რომ თუ საქართველო ევრაზიის კავშირში შევა, საზღვრების პრობლემა ავტომატურად მოიხსნება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსგან რუსეთი მხოლოდ დათმობებს ელოდება?
- ზუსტად ეს უნდა, კომპრომისული ნაბიჯები და ცალმხრივი დამობები - ეს რუსული პოლიტიკაა. ისიც უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ამაზე წამსვლელი არ ვართ. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ის ჯერ არ არსებობს. არსებობს დსთ, რომელიც შეფასებულია, აბსოლუტურად არაეფექტურ ორგანიზაციად. თუ ამ გზით საუბარს გავყვებით, მაინც არაფერი გამოვა, რადგან ევრაზიული კავშირი არ არსებობს. თუ შეიქმნება და ჩვენც დაგვპატიჟებენ აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან საუბარი არ სურთ (გარდა იმ ჯგუფებისა, რომელიც ჩართულია გარკვეულ პროექტებსა და სახალხო დიპლომატიის შეხვედრებში). ვიდრე ასეთი სიტუაციაა, ასეთ ალიანსებში რა ერთობლივ მონაწილეობაზეა საუბარი, არ მესმის. ამის შეცვლაში კი რუსეთი თუ არ დაგვეხმარება, ხელი არ უნდა შეგვიშალოს. მერე რაღაცაზე უკვე შეიძლება ლაპარაკი.
რუსული მხარე ასევე ავრცელებს განცხადებებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება შორეული პერსპექტივა აღარ არის. ასეთ ფონზე მოსალოდნელია აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაში ხელი არ შეგვიშალოს?
- ეს თამაშია. მათაც ესმით, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, მაპის მინიჭების შემდეგ კიდევ იმხელა გზაა გასავლელი, უახლოეს მომავალში მსგავში ვერაფერი მოხდება. ასეთ ინფორმაციასაც იმიტომ ავრცელებენ, რომ საკუთარი ნაბიჯები გაამართლონ.
დიპლომატია საკმაოდ რთული და სათუთი ფენომენია, მითუმეტეს, როდესაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს, შეგვიძლია, რაღაც დოზით მაინც გავაკეთოთ დასკვნა რა სურს დღეს რუსეთს საქართველოსგან?
- ეს იცვლება. ცოტა ხნით ადრე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველო-რუსეთის დიალოგის ინტენსიფიკაციაზე ფიქრობდა. თავიდან იყო მშრალი და ცივი რეაქცია, მერე შედარებით გააქტიურდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში, რასაც მავთულხლართებისა და საზღვრის გადმოწევის ამბავი მოჰყვა. ამან ძალიან ცუდი რეაქცია მოახდინა ქართულ საზოგადოებაში და დადგა საკითხი - რუსეთს მართლა აინტერესებს ჩვენთან ურთიერთობა თუ არა და მისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე რომ არსებობს, მისთვის ესეც საკმარისია.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ არის საქმე - ვგულისხმობ, პუტინის განცხადებას, როდესაც თქვა, საქართველომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობით დაინტერესებული არ არის. დღეს ის პერიოდია, როდესაც რაღაც ახალი ნაბიჯების მოლოდინი არსებობს.
ვთვლი, რომ სიტუაცია რთულია - რუსეთი ტესტირების რეჟიმში იმყოფება და ცდილობს გაარკვიოს, რა ტიპის ნაბიჯები შეიძლება გადაგვადგმევინოს - შეძლებს, უფრო ღრმად შეგვიყვანოს მისი გავლენის სფეროში თუ ვრჩებით დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად და ამავდროულად, გვინდა რუსეთთან ურთიერთობის განვითარება. ბოლო ვარიანტი, რაზედაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხმად ყვირის, რომ შეუძლებელია, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია. შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობა განვავითაროთ და დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად დავრჩეთ - ეს უნდა დავინახოთ.
ამისათვის ის ფორმატი რაც არსებობს აბაშიძე-კარასინს ვგულისხმობ, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და სხვა საკითხებიც დაემატოს, რა თქმა უნდა, წითელი ხაზების გათვალისწინებით. ვფიქრობ, რომ საკითხთა საკმაოდ ფართე სივრცეა დაუმუშავებელი.
ანუ თანდათანობით უნდა გამოიკვეთოს ორივე მხრიდან, ვის რა პოლიტიკის გატარება სურს?
- მგონია, რუსეთიც იმას ელოდება, რომ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში გარკვეული სტრატეგია და მოლოდინები, სცენარები ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც უნდა არსებობდეს ვრცელი დოკუმენტის სახით. რუსეთმაც უნდა დაინახოს, რა პერსპექტივა აქვს საქართველოსთან მის ურთიერთობას, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს და რისი არა. ბევრი რამ სიტყვიერად ითქმება, მაგრამ დოკუმენტის სახით არ არსებობს და ვფიქრობ, სწორედ ამის გამო ფრთხილობს რუსეთი. ვფიქრობ, ასეთი დოკუმენტის მომზადება საქართველოს მხრიდან ხელს შეუწყობდა დიალოგის განვითარებას.