ვაშინგტონი და მოსკოვი პატიმრების შესაძლო გაცვლაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრ დარჩიევმა განუცხადა.
„აშშ-ის და რუსეთის პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გაცვლის საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა, ეს პროცესი ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ დასახული არხებით მიმდინარეობს. ბუტის, გრაინერისა და უილანის სახელები ამ დიალოგში ნამდვილად ფიგურირებს. რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას. დეტალებზე მუშაობა პროფესიონალებს უნდა მივანდოთ“, - განაცხადა დარჩიევმა.
27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.
31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.
2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
2012 წელს ამერიკულმა სასამართლომ რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.