„მე, მაგალითად, სააკაშვილს დავსჯიდი ისე, როგორც ბერლუსკონია დასჯილი. მას მისჯილი აქვს სასჯელი საზოგადოებრივი სამუშაოების სახით. ყოველ დილას ბერლუსკონი მიდის, ცოცხს დაიჭერს და ქუჩებს ხვეტს. ასეთნაირად შეიძლება ყოველ დილას სააკაშვილი გამოვიდეს. თუ სერიოზულად შევხედავთ ამ საკითხს, ვერავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ მყარი სამართლებრივი მოცემულობა არსებობს, ის მსჯავრდებულია, რომლის ადგილიც ციხეშია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
თავის დროზე თქვენ წამოაყენეთ იდეა, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან შეიძლება გათავისუფლებულიყო იმ დათქმით, რომ ქართულ პოლიტიკას შეეშვებოდა და, თუკი მისი ბუნებიდან გამომდინარე, ამ პირობას მაინც დაარღვევდა, სოლიდური ჯარიმა დაეკისრებოდა. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებმა თქვენი რჩევა „გაითვალისწინეს“ და დაცვის სტრატეგია ამ ვერსიაზე ააგეს. რამდენად სწორად შერჩეული სტრატეგიაა და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას შეელევა?
- ეს არის მისი ადვოკატების მხრიდან გაუგებარი სტრატეგია, რადგან სააკაშვილის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთისა, თუკი პრეზიდენტი მას შეიწყალებს. პრეზიდენტის მხრიდან კი ეს ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია. ამიტომ ყველა ასეთი ვერსია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკას თავს ანებებს, სპეკულაციაა. ცხადია, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება განხილულ იყოს მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში ვგულისხმობ, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, შეიძლება სჯობდეს კიდეც სააკაშვილის გათავისუფლება, ვიდრე ის, რომ სააკაშვილი გვყავდეს ციხეში, მუდმივად აწუხებდეს საზოგადოებას, არეულობას და მუდმივ დესტაბილიზაციას იწვევდეს.
მაგრამ თქვენ მაშინ ერთ-ერთ გარანტორად განიხილავდით ფულად კომპენსაციას. ქართულ პოლიტიკაში ისევ ჩართვის შემთხვევაში, თუკი მას სოლიდურ თანხას დააკისრებდნენ, ის ნამდვილად გახდებოდა აპოლიტიკური, თორემ ასე სიტყვაზე მისი ნდობა და იმის დაჯერება, რომ ქართულ პოლიტიკას დაეხსნება, შეუძლებელია.
- კი ბატონო, შეიძლება ფულადი დათქმის ჩადება ამ გარანტიებში. თუმცა პოლიტიკური მიზანშეწონილობა რომ რაღაც გარანტიებში გაცვალონ, ამას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. დღეს ასეთი საფუძველი არ არსებობს. ამის პერსპექტივაც არარეალურია. ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილის ადვოკატების სტრატეგიას, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში გადაიტანონ ეს საკითხი, არავითარი გაგრძელება არ ექნება, რადგან სამართლებრივად ყრუ კედელთან გვაქვს საქმე. აქ მთავარია, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მას მისჯილი აქვს, მსჯავრი გამოტანილია, ის დამნაშავეა და, ჩვენი კანონმდებლობით, დამნაშავის ადგილი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია.
სააკაშვილის გამო კანონმდებლობაში ცვლილებები მოსალოდნელია?
- თუ ახლა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, ეს არ ვიცი. ცვლილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქ დანაშაულთან მიმართებით. მე, მაგალითად, სააკაშვილს დავსჯიდი ისე, როგორც ახლა ბერლუსკონია დასჯილი, მას მისჯილი აქვს სასჯელი საზოგადოებრივი სამუშაოების სახით. ყოველ დილას ბერლუსკონი მიდის, ცოცხს დაიჭერს ხელში და ქუჩებს ხვეტს. ეს შეგიძლიათ ინტერნეტშიც ნახოთ. ასეთნაირად შეიძლება ყოველ დილას სააკაშვილი გამოვიდეს, ქუჩები დახვეტოს, ეს ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს და მერე პოლიტიკას თავს დაანებებს თუ არა სააკაშვილი, ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ თუ სერიოზულად შევხედავთ საკითხს, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობით ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, არ შეიძლება, რადგან ძალიან მყარი სამართლებრივი მოცემულობა არსებობს და მისი შეცვლა შეუძლებელია.
ფაქტია, მერაბიშვილმა, ახალაიამ გაცილებით ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, სააკაშვილი კი ციხეშიც პრობლემებს ქმნის. 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ შეიძლება სჭირდებოდეს სააკაშვილი ციხეში, მაგრამ გამორიცხავთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები პოლიტიკური მიზანშეწონილობა შეიძლება მართლაც დადგეს და სააკაშვილი აღარ დასჭირდეთ პატიმრად?
- რასაკვირველია, ამას არ გამოვრიცხავ. პოლიტიკური მიზანშეწონილობით ამ საკითხის განხილვა ნამდვილად შეიძლება, რომ რა სჯობს ქვეყნისთვის, სააკაშვილის ციხეში ყოფნა, თუ მისი გათავისუფლება?! არგუმენტები არსებობს საკმაოდ წონადი, „გირჩიც“ ასახელებს ამ არგუმენტებს, რომ დეპოლარიზაციისთვის უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი განერიდება და ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება პოლიტიკას, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებია. კი ბატონო, პოლიტიკურ სივრცეში შეიძლება მიმდინარეობდეს ამის განსჯა, რა მოხდება სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, მაგრამ არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, რადგან ამაშია მთელი ხიბლი სამართლებრივი სახელმწიფოსი, რომ ვინც რას უნდა ფიქრობდეს, ან რაზეც არ უნდა მსჯელობდეს, სამართალი უნდა აღსრულდეს, არავითარი საშუალება არ არსებობს, ვინმე სამართალს გადაახტეს. რომაული სენტენცია- აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს სამყარო, ეს არის ყველაზე მთავარი. სამართალი ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. ამიტომ ამის განხილვას შედეგი არ ექნება.
სააკაშვილმა ადრეც თქვა, საერთოდ წავალ პოლიტიკიდან და ჩემს ყვარელს მივხედავო, მაგრამ მაშინაც არ ეთმობოდა პოლიტიკა. ამჯერადაც ასეთი „წასვლა“ იქნება, „მიდის“ და ვერ წასულა.
- საქმე ძალიან მარტივადაა, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში ისედაც აკრძალულია, უარს იტყვის, თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლაც რომ იძახიან, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდისო, ის ისეთ რამეზე ამბობს უარს, რისი უფლებაც ისედაც არ აქვს. მას ეკრძალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა. პლუს, ის არის მსჯავრდებული, თავისუფლება შეზღუდული აქვს. ცხადია, რასაც ის აკეთებდა ცოტა ხნის წინ, როცა ციხიდან მართავდა პროცესებს (საპროტესტო ტალღის აგორება, მედიაშეტევები), ეს დაუშვებელი იყო. ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონს არღვევდა ციხეშიც. ახლა კი რას გვეუბნება? პირობას დებს, რომ კანონს დავიცავ და საქართველოს პოლიტიკას განვერიდებიო.
სააკაშვილის თავგადაკლული მომხრეები დღემდე მიიჩნევენ, რომ საქართველოში ჩამოსვლით მიშა გოლგოთის გზას დაადგა, განიცადა ღალატი, დამცირება, ყველა ტკივილი გადაიტანა… თუკი სააკაშვილი წავა პოლიტიკიდან, „ნაცმოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება, რადგან მისი პარტია მარტო ერთ ლიდერზე - სააკაშვილზე იყო დამოკიდებული, „ნაცებმა“ ვერ მიიღეს ვერც გრიგოლ ვაშაძე, ვერც მელია, ვერც ნაყოფია ლიდერად. რა პროცესი იწყება „ნაცმოძრაობაში“?
- სააკაშვილის „წასვლა“ პოლიტიკიდან, ეს არის საადვოკატო ტაქტიკა, რომ როგორმე სააკაშვილი დაუსხლტეს სასჯელს. თუკი ის წავა პოლიტიკიდან, მაშინვე შეიქმნება მითები, რომ ის არ წასულა პოლიტიკიდან. დაახლოებით ისეთივე მითები შეიქმნება, როგორც ბიძინას გარშემო, რომ თითქოს ბიძინა არ წასულა პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, ლენინის არ იყოს, ეს თემა გამოიყენოს და დაგვარწმუნოს, ლენინი არ მომკვდარა, მავზოლეუმში დაასვენეს და ის ცოცხალიაო. ასეთ ხატებას შექმნიან სააკაშვილთან დაკავშირებითაც მისი მიშისტი იდეოლოგები და ძალით აცოცხლებენ მიშას. როგორც მავზოლეუმში შენახული ლენინი იყო ბოლშევიკების იდეალი, სიმბოლო, ასევე იქნება პოლიტიკიდან წასული სააკაშვილიც.
ალბათ, მელიას ჩამოაშორებენ „ნაცმოძრაობას“, რადგან კარგა ხნის წინ დაწყებული ანტიმელიისტური კამპანიის მიუხედავად, ვერ მოუშორებიათ იგი. თაკო ჩარკვიანმა ახლაც არ დაიშურა მისთვის კომპლიმენტები და „დასაჭურისებული“ სტრატეგიული გეგმის ავტორი უწოდა, რომელმაც უნდა დატოვოს პარტიის თავმჯდომარეობა.
- ვერ ვიტყოდი, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია, რადგან „ნაცმოძრაობა“ საკმაოდ დიდ რესურსს ინარჩუნებს. მათ ბევრი ადამიანი ჰყავთ, რომლებიც ხელფასიანებიც არიან, კარგადაც უხდიან, საკმაოდ დიდი ფული და დაფინანსების წყაროები ისევ აქვთ. ამიტომ ასე მარტივად ვერ დაიშლებიან, ცხადია, რაიმე სერიოზულ შედეგს ვერ მიიღებენ, მაგრამ მათი აქტივობები შენიღბულ ხასიათს და ფორმას მიიღებს, ანუ გადავა ნჯო სექტორში, გადავა მედიაში. ამ სექტორში ისედაც არიან, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდებიან. საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ სახით იარსებებს თუ არა, მთავარია, იარსებებს თუ არა ნაცობა, როგორც მოვლენა, როგორც უკუღმართი პოლიტიკური ხედვა, ეს ვაშაძის პარტია იქნება, „ლელო“ იქნება, თუ სხვა პარტია, ან კიდევ, სულ არ იქნება პარტია და იქნება დიღმელაშვილი, მაქარაშვილი, ეს ერთი და იგივე მოვლენაა. ნაცობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ქართულ სინამდვილეში, მაგრამ აქვს. რატომ აქვს? რადგან აქვთ რესურსები და ამ რესურსების გამოყენების უნარი კიდევ შერჩენიათ.