უკრაინაში, ომის ფონზე, შიდა პოლიტიკური პროცესიც იცვლება. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელ დეპუტატებსაც შეეხო. უკრაინული მედია 225-კაციან სიას აქვეყნებს, ვინც საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობას ვერ შეძლებს.
„ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მიმართა სახალხო დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების თხოვნით და დაუკავშირდა ვერხოვნა რადას ამ პროცესის ორგანიზებისთვის. ბოლო დროს ჩვენ ვითხოვეთ დიპლომატიური პასპორტების გადაცემა ივლისის განმავლობაში. ყველა ჩვენი მიმართვა იგნორირებული იყო“, - განუმარტეს უკრაინის საგარეო უწყებაში ინტერნეტ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“.
ამასთან, აღინიშნა, რომ მივლინების შემთხვევაში სახალხო დეპუტატები დიპლომატიურ პასპორტებს შეუფერხებლად მიიღებენ.
სხვა მაღალჩინოსნებს შორის სიაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსი გონჩარენკო არიან. უკრაინული მედიის განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ დეპუტატების საქმის გარეშე დადიან საზღვარგარეთ, ომის მიმდინარეობისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან განაცხადა, ოფიციალური პირები, ომის დროს თავისუფლად არ უნდა „დასიერნობდნენ“ საზღვარგარეთ. მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების საკითხს შესაძლოა პოლიტიკური შედეგიც მოჰყვეს.
„დიპლომატიური პასპორტის სტატუსი ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. ამ პასპორტის მფლობელი სარგებლობს განსხვავებული იმუნიტეტით. აქ საუბარია საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებაზე ოფიციალური პირებისათვის. ომის დროს რომ დეპუტატები და ა.შ. თავისუფლად არ უნდა დასიერნობდნენ, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ეტყობა, მსგავსი შეზღუდვის დარღვევისათვის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ხელმძღვანელობამ. საკმაოდ დიდი რაოდენობაა ოფიციალური პირების, რომელთაც ჩამოერთვათ პასპორტები. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებზე მორალური დარტყმაა და პოლიტიკური შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ უკრაინაში ზოგიერთი დეპუტატი დაკავებული იყო საკუთარი ოჯახის წევრების გახიზვნის საქმით. მისი თქმით, შესაძლოა, სწორედ ამიტომ დადგა ეს შედეგიც.
„როგორც ვიცი, 225 დეპუტატს გაუუქმეს პასპორტი, რადგან ისინი არამიზნობრივად იყენებდნენ აღნიშნულ დოკუმენტებს. უკრაინის ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა, რადგან, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემებია. ბევრი ითხოვს ქვეყნიდან გასვლას, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანები და ალბათ, გამონაკლისი არ არიან პოლიტიკური პირებიც. რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს საზღვარზე და არ გაატარეს. როგორც ჩანს, იქაც არის გარკვეული დაპირისპირება და უთანხმოება.
პასპორტების გაუქმება სწორია, რადგან ზოგიერთი დეპუტატი დაკავებული იყო, საკუთარი ოჯახის წევრების ქვეყნიდან გახიზვნის საქმით. იასკო თბილისში დადიოდა, სააკაშვილის საქმეზე დარბოდა, როდესაც ქვეყანა ომშია. რა დროს სააკაშვილია, როდესაც ქვეყანას მეტ დახმარება სჭირდება?!“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.