უცხოელი ექსპერტები ქართველებთან ერთად თვეების განმავლობაში მსჯელობენ, როგორ უნდა დასრულდეს დეპოლარიზაცია საქართველოში, „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ კი მარტივად გადაწყვიტეს ეს პრობლემა და დეპოლარიზაციისთვის ერთგვარი ფორმულა შემოგვთავაზეს - სააკაშვილის გასვლა და ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.
საქართველოში ყველას თავისებურად ესმის სიტყვა „დეპოლარიზაცია“. ირაკლი კობახიძისთვის დეპოლარიზაცია დეპავლიკიზაციაა, რადგან, მისი აზრით, ენმ-ს აქტივისტობა პავლიკამოროზოვობაა. გიორგი ვაშაძისთვის დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელში.
რეალურად, რამ შეიძლება დაასრულოს საქართველოში უმიზნო დაპირისპირება და ოპონენტებისგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა? მართლა ასეთი საშინელი მოვლენაა დეპოლარიზაცია, თუ, პირიქით, აზრთა სხვადასხვაობაში იბადება ჭეშმარიტება?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან გაცილებასა და ივანიშვილის დაბრუნებაში დეპოლარიზაციის დასრულებას ვერ ხედავს. მისი აზრით, სააკაშვილის პოლიტიკიდან ვითომც ჩამოშორება ეს არის მისი გათავისუფლებისთვის დაწყებული ახალი სტრატეგია. ამით „ნაცები“ ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ. გარდა იმისა, რომ მიშას გაათავისუფლებენ, კიდევ მეორე პრობლემას გადაჭრიან. კერძოდ, საზოგადოება მუდმივად აპელირებს, თუკი „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, მაშინ „ქართული ოცნებაც“ არ იქნება, რადგან „ქართული ოცნება“ დგას საზოგადოების სიძულვილზე „ნაციონალების“ მიმართ. ამით სააკაშვილმა ეს პრობლემა მოხსნა, რომ კარგით, თუკი „ნაციონალები“ არ იქნებიან, შესაძლოა, „ოცნება“ ხალხმა გადაირჩიოს. თუმცა დღეს პოლიტიკურ სპექტრში არსებობს მხოლოდ „ნაციონალები“ და არანაციონალები, რომლებიც არიან „ოცნებაში“, დანარჩენი, ამას რას დავარქმევთ, ჩიტირეკიას, „ლელოს“, „მოქალაქეებს“, თუ სხვას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„სააკაშვილმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოსაშორებლად. ეს ის არ არის, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან ვითომც მიდის, უბრალოდ, იგი სტრატეგიას ცვლის. როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი პოლიტიკიდან რომ გავიდეს? ე.ი. საფლავში უნდა ჩავიდეს? მას სხვა გზაც არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოყენებულია მსოფლიო პოლიტიკურ მაფიაში. ამიტომ ვერსადაც ვერ წავა და ქართულ პოლიტიკას არ ჩამოშორდება“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ნანა კაკაბაძე არ მალავს, რომ ასეთი არაფერი გაუგონია, კაცს აიძულებდე და ეუბნებოდე, გინდა თუ არა, უნდა დაბრუნდე პოლიტიკაშიო. არ უნდა ამ კაცს პოლიტიკაში დაბრუნება და განა შეიძლება ადამიანის იძულება, ან მოდი პოლიტიკაში, ან არ მოხვიდეო?
„ამბობენ, კელი დეგნანსაც ეს მოუთხოვია ბიძინა ივანიშვილისგან. ამიტომ ეს არის თაღლითობა, რომ სააკაშვილი ვითომ პოლიტიკიდან მიდის, ბიძინა კი უნდათ როგორმე შემოიტყუონ პოლიტიკაში, რომ კიდევ უფრო მეტად ურტყან ივანიშვილს. არ უნდა ამ კაცს პოლიტიკა და დაანებონ თავი. ამათ აქვთ ჭკუა და ბიძინას არ აქვს?! საერთოდ, არ მესმის, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია მათი გაგებით. მათთვის დეპოლარიზაციაა, რომ ჩვენ არ ვაგინოთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალებმა“ აგინონ „ოცნებას“. ეს არის მათი „დეპოლარიზაცია“. სინამდვილეში, დეპოლარიზაცია იყო კომუნისტების დროს, ერთი კომპარტია იყო და არ იყო პოლარიზება, მაგრამ თუ მრავალპარტიული და დემოკრატიული მმართველობაა, ცხადია, პოლარიზაცია იქნება, რადგან ყველა პარტიას თავისი მიმართულება აქვს. ამიტომ აგვიხსნან, რას გულისხმობენ დეპოლარიზაციაში“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე „კარგი“ დეპოლარიზაცია იყო ერთპარტიული სისტემა საბჭოთა კავშირის დროს. ამიტომ მისთვისაც გაუგებარია, რას გვთხოვს ევროკავშირი დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები საერთოდ ავკრძალოთ? გავაქროთ ოპოზიციონრები? ეს ხომ შეუძლებელი და წარმოუდგენელია? ცხადია, პოლარიზაცია არ უნდა გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს, არ უნდა შეიქმნას ვითარება, როცა პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის სამართალს. მაგალითად, როცა გვთავაზობენ ტექნიკურ მთავრობას, უსაფუძვლო რიგგარეშე არჩევნებს, რევოლუციურ რიტორიკას. ამდენად, პრობლემა თავისთავად პოლარიზაცია კი არა, სამართლის საწინააღმდეგო მოქმედებაა.
„თორემ იყოს ეს პოლარიზაცია, არავის არაფერს არ უშლის, თუ სამართლის ჩარჩოებს არ სცდება. არის კიდევ ერთი მომენტი, პოლარიზაცია გამოიყენება მედიაში ადამიანების ბულინგისთვის, დასაშინებლად. ამით ადამიანის უფლებები ირღვევა, რადგან ეს მედიატერორია. მხედველობაში მაქვს ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა, ბულინგი, რაც სააკაშვილმაც „არ მოიწონა“, ცხადია, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი მისდევს დაცვის ახალ სტრატეგიას, რაც მისმა ადვოკატებმა ურჩიეს. როცა პოლარიზაცია საზოგადოებაზე ზეწოლისთვის გამოიყენება, ის უკვე სამართლის ზღვარზეა და, სამწუხაროდ, ჩვენი სამართალი ამასთან მიმართებით ძალზე ლიბერალურია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, რომ არც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში არ უშველის დეპოლარიზაციის მოხსნას, რადგან რაღაცნაირი ვითარებაა შექმნილი, თითქოს ბიძინას გარშემო ჯადოა.
დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს კაცი არ მონაწილეობს პოლიტიკაში, მაგრამ ბიძინათია შეპყრობილი მთელი ოპოზიციური სპექტრის გონება. ბიძინას იქით ვერ მიდიან, იმდენად არიან ბიძინადამოკიდებულები, როგორც ნარკომანი წამალზე. ბიძინა თუ არ ახსენეს, ისე პოლიტიკაში ვერაფერს აკეთებენ.
ანალიტიკოსის აზრით, დეპოლარიზაციას არაფერი მოხსნის, დეპოლარიზაცია დარჩება, მთავარია, პოლარიზაცია იყოს კანონის ჩარჩოებში და საზოგადოება ამას როგორმე გადაიტანს.
მთავარია, მედიატერორს საზღვრები დაედოს. ამისთვის საჭიროა აღდგეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონი, რომელიც 2004 წელს სააკაშვილის დროს გაუქმდა. იქ განისაზღვრებოდა პროფესიული ჟურნალისტიკის ჩარჩოები, დღეს ეს საზღვრები წაიშალა და ყველაფერი ითვლება გამოხატვის თავისუფლებად.