უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიო გავლენისთვის პრეტენზიის მქონე ჩინეთსაც გაუჩნდა ცდუნება, ტაივანში მოესინჯა საკუთარი შესაძლებლობები. ჩინეთის მხრიდან ეს ძალის დემონსტრირების პირველი შემთხვევა არ არის. 1995-96 წლებშიც პეკინში გაძლიერდა ტაივანის ძალით დაბრუნების სურვილი, რასაც ე.წ. მესამე კრიზისი მოჰყვა ტაივანის სრუტეში. თუმცა მაშინ ამერიკამ მიუჩინა ჩინეთს თავისი ადგილი, როცა ტაივანის სრუტეში ავიამზიდების დამრტყმელი ძალა შეიყვანა.
დღესაც ამერიკა ცდილობს, დაიცვას ტაივანი, მაგრამ რამდენად არის მზად, ტაივანის გამო ჩინეთთან სამხედრო კონფრონტაციაში შევიდეს, ეს უკრაინის მაგალითმაც დაადასტურა. დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის ხსენებაც აფრთხობს.
23-მილიონიან კუნძულ ტაივანს მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელი კოლონიზატორები მართავდნენ, შემდეგ ჩინელები მასობრივად შევიდნენ, ტაივანში გაჩნდა ჩინური მოსახლეობაც, თუმცა სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობა მანამდეც ცხოვრობდა ამ კუნძულზე. მოგვიანებით იაპონიის სუვერენიტეტი გავრცელდა ტაივანზე, მაგრამ იაპონიის მარცხის შემდეგ მეორე მსოფლიო ომში, კვლავ ჩინეთმა აიღო ეს კუნძული.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად თვლის და მის დაბრუნებას აპირებს. ტაივანი კი ეკონომიკურ სასწაულებს ახდენს და ამის გამო „აზიური ვეფხვის“ სახელითაც ამაყობს.
„ის, ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში, ის, ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ოფიციალური პეკინი მორიგ მუქარას უთვლის ამერიკას ტაივანის მხარდაჭერის გამო, რითაც გმობს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტს.
მსოფლიოში ასეთი არეულობა ხომ არ მიანიშნებს, რომ ამერიკა მსოფლიო წესრიგს ვეღარ იცავს და ამერიკის სისუსტემ არა მარტო რუსეთი და ჩინეთი გაათამამა, არამედ დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებშიც შეიძლება დაიწყოს ტერიტორიების შემოკრებისთვის ზრუნვა?! სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ყარაბაღშიც მესამე ომის საშიშროება იზრდება.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ამერიკა აღარ არის ჰეგემონი. მის ჰეგემონიას გასდის ყავლი, ვინაიდან ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს.
მოხდება თუ არა დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებშიც ურთიერთობის გარკვევა, ამის შესახებ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჩინეთის გარდა არის კიდევ სხვა ქვეყნები, თუნდაც ბრიქსის ქვეყნები, იგივე ბრაზილია, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და შეუძლია ამ პოტენციალის გამო ღირსეული ადგილი მოითხოვოს მთელ მსოფლიოში, ვიდრე დღეს აქვს. ამდენად, როდესაც ყველა ერთიანდება და იძახის, რომ აღარ არის მსოფლიო აშშ-ის სამფლობელო, ამას გარკვეული შედეგი მოჰყვება ამერიკისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. ანალიტიკოსის აზრით, ამერიკა არც უნდა ეცადოს მდგომარეობის ძალით შენარჩუნებას, რაც არაბუნებრივი იქნება, რადგან ჩინეთს უკვე ვეღარ მოახვევს საკუთარ ხმას. ეს ხაზგასმით თქვა კიდეც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, როგორადაც გყავდათ წარმოდგენილი მე-19 საუკუნეში, რომ რაც გინდოდათ, იმას გაუკეთებდით, ამჯერად პასუხი იქნება გაცემული, ვინც უნდა იყოსო.
„ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ჩინეთის პასუხი ამერიკისთვის გაცემული იქნება უკრაინაში. ამერიკა თავის დროზე მხარს უჭერდა ჩინეთს, რადგან საბჭოთა კავშირთან იყო დაპირისპირება, მაშინ ნომერ პირველი მტერი იყო საბჭოთა კავშირი და ჩინეთს იყენებდნენ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად. ახლა პირველი მტერია ჩინეთი და რუსეთი უნდა გამოიყენონ ჩინეთის შესაკავებლად. დემოკრატების პოლიტიკა, რასაც ატარებს ბაიდენის ადმინისტრაცია პირიქითაა - ჩინეთს და რუსეთს თითქოს აახლოებს ერთმანეთთან და უქსევს ამერიკას, რაც სიგიჟეა. ნენსი პელოსი ვერ შეუკავებია შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემას და ჩინეთს და რუსეთს (თუკი ისინი გაერთიანდნენ) ვინ შეაკავებს? ეს შეუძლებელია. ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ გადადგა და ისევ რესპუბლიკელები არ დაბრუნდნენ, რომელთა პოლიტიკაც უფრო პრაგმატული და მოზომილი იყო რუსეთთან მიმართებით“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი, რომლის თქმითაც, ნენსი პელოსის მოქმედება სრულიად ირაციონალური იყო და ეს უფრო ჰგავდა აფექტს, რაიმე გათვლა, პოლიტიკური მიზანი ამის უკან არ იდგა, ეს იყო ფანატიკური მოქმედების მსგავსი ქმედება, კონპროდუქტიული გახლდათ ტაივანში მისი ჩასვლა, რადგან ჩინეთს ამით გაუჩინა დამატებითი მოტივაცია.
ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ამის შესახებ დაწერა კიდეც „ნიუ იორკ თაიმსმა“, რომ ამერიკის დიპლომატიას ძალზე დიდ ძალისხმევად უჯდება ჩინეთის შეკავება, რათა მან რუსეთს არ გაუწიოს სამხედრო დახმარება უკრაინაში. თუმცა ეს ძალისხმევა შეიძლება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდეს ტაივანში პელოსის ვიზიტის გამო.
დავით ზარდიაშვილს უკვირს, რატომ კეთდება რუსეთის საქმე, ვინ დგას ამის უკან და ჩინეთი და რუსეთი კიდევ უფრო რატომ ახლოვდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ? მისი თქმით, ჩინეთს არც დასჭირდება ტაივანში ომის დაწყება, ამერიკის დასასჯელად შესანიშნავი პოლიგონი აქვს - უკრაინა. ეს ყველაფერი გადატყდება ისევ საცოდავი უკრაინის ხარჯზე, რუსეთი მიიღებს კიდევ უფრო მძლავრ მხარდაჭერას ჩინეთისგან, რომელიც ისედაც აქვს, ნებისმიერი თვალსაზრისით, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით.
ანალიტიკოსის განმარტებით, ტაივანი პატარა კუნძულია, 23-მილიონიანი კაცით, ჩინეთი მას ერთ დღეში გადაყლაპავს, თუკი შეერთებული შტატები უშუალოდ არ ჩაერთვება ამ ომში. შეერთებული შტატები კი, როგორც რუსეთთან კონფლიქტისგან იკავებს თავს, ასევე იკავებს თავს ჩინეთთან უშუალო კონფლიქტისგან. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია ტაივანში ისეთივე ომი გაიმართოს, როგორც უკრაინაში, ჩინელები უფრთხიან ტაივანში შეჭრას, როგორც ჩვენ ვუფრთხით აფხაზეთში შეჭრას, რადგან აფხაზეთში ჩვენი ხალხია, ტაივანშიც ჩინელები ცხოვრობენ.