მმართველი გუნდი ემიჯნება „სახელმწიფო ინტერესების დისკრედიტაციის პროცესს“ და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. უმრავლესობისთვის გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო. კერძოდ, პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინა. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ პირდაპირ იკვეთება პრეზიდენტის ჩართულობა და მონაწილეობა იმ ნარატივში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, რომ მოახდინოს სახელმწიფო ინტერესების დისკრედიტაცია.
თავად, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ წარუდგინა პარლამეტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატუტრა. პრეზიდენტის არგუმენტით, ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები. პრეზიდენტი თვლის, რომ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაუგებარს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, ამაში გარკვეული ხელი ურევია იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც პრეზიდენტზე ხორციელდებოდა.
„ჩვენს ანგარიშზე არის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის წარმატებული ერთი წელი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ის პოზიტიური გამოხმაურებები, რომელსაც თავად პრეზიდენტი იზიარებდა არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში. ამ ფონზე გაუგებარია ეს გადაწყვეტილება და მოტივები. ალბათ, ამაში გარკვეული ხელი ურევია იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც პრეზიდენტზე ხორციელდებოდა კონკურსთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს, ალბათ, უფრო პოლიტიკური მოტივი ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
უმრავლესობის წარმომადგენელი, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ. როგორც საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ვითარება არის საკმაოდ ბუნდოვანი და სამწუხაროდ განცხადება, რომელიც ამის ასახსნელად პრეზიდენტმა გააკეთა, აბსოლუტურად არავითარი ნათელის შემტანი არ იქნება ამ ვითარებაში.
„აბსოლუტურად არალოგიკური და არადამაჯერებელია არგუმენტად იმის მოყვანა, რაკი ორჯერ ვერ აირჩა კვალიფიციური უმრავლესობით, აქედან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება უფრო სწორი იქნებაო, მით უმეტეს, პრეზიდენტი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდარიშვილზე უკეთესები არიან კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან.
როგორც ჩანს, პრეზიდენტს უნდოდა ისეთი გადაწყვეტილება ეპოვა, რომლის გულისთვისაც ის თავიდან აირიდებდა ოპოზიციის შესაძლო კრიტიკას, თუმცა როგორც დაინახა, ოპოზიციის კრიტიკას მაინც ვერ დაუსხლტა. ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს სამომავლოდ გადაწყვეტილებების მიღებისას და ფსონი უნდა გააკეთოს სწორ გადაწყვეტილებებზე და არა ისეთზე, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური მერკანტილიზმის ნიშნებს შეიცავდეს, რომ არ გააღიზიანოს ოპოზიცია. ეს არ არის სწორი მიდგომა, აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი გადაწყვეტილება და ახსნილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია ოპოზიციისთვის. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურს, აჩვენოს საზოგადოებას, რომ არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
„პრეზიდენტი არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მისი განმარტებითაც კი, რომ ვერ მოაგროვა ორჯერ სათანადო ხმები, ამასაც ხომ პოლიტიკური სარჩული აქვს, იმიტომ რომ მისაღები არ იყო. ამიტომ შევახსენებ პრეზიდენტს, რომ ამ გადაწყვეტილებასაც უკან პოლიტიკური სარჩული აქვს“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც ცესკოს ახალ თავმჯდომარის არჩევის პროცესი იწყება.
„არათანმიმდევრულ პოლიტიკას აქვს ადგილი. ამ სამუშაო ჯგუფებს უბრალოდ აზრი არ აქვს. მათი ფუნქციონირება არის მხოლოდ იმისთვის, რომ სამუშაო გარემოს იმიტაცია შეიქმნას და შესაბამისად, ამ იმიტაციის შექმნაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცვლილებები. ამ ცვლილებებზე ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობოებთან ერთად, რომელსაც დავდებთ მაგიდაზე სექტემბრის დასაწყისში, როდესაც დაიწყება პლენარული სხდომები“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
„ლელოში“ კი თვლიან, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმისათვის მიიღო, რომ ახალი პროცესი დაიწყოს. პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კანდიდატურების ირგვლივ არ იყო ფართო კონსენსუსი, რაც აუცილებელია ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევისათვის.
„პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ახალი პროცესი დაიწყოს. ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს კონსენსუსის მიღწევას, თუმცა გვესმის, რომ „ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც კონენსუსს ეძებს ოპოზიციასთან“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების რაციონალური ახსნა უჭირთ ექსპერტებს. ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მოქმედების ლოგიკა იყო ასეთი - მესამედ რომ წარედგინა კალანდარიშვილი, ეს საზოგადოებაში, ოპოზიციაში და მის მხარდამჭერებში აღიქმებოდა როგორც სალომე ზურაბიშვილისა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი გარიგება.
„კალანდარიშვილი სარგებლობს მმართველი გუნდის მხარდამჭერით, მოსწონთ მისი საქმიანობა. მისი კანდიდატურა რომ წარწედგინა, ეს ოპოზიციას მისცემდა იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტი არაა პრინციპული, ისევ გარიგებაში შედის მმართველ გუნდათ, რაც ჩემი აზრით, არ უნდოდა დაეშვა სალომე ზურაბიშვილს. მისი საპრეზიდენტო ვადა ამოწურვისკენ მიდის და ნელ-ნელა დაიწყო დისტანცირება „ქართული ოცნებისგან“. შესაბამისად, მისი ეს გადაწყვეტილება უნდა წავიკითხოთ სწორედ ამ კონტექსტში“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების უკან რაციონალური ახსნას არ არსებობს, რადგან თამარ ალფაიძე როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ოპოზიციის სახელით მონაწილეობდა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში, რაც, მისი თქმით ადასტურებს, რომ ალფაიძის კანდიდატურა პოლიტიკური შემადგენლიდან დაცლილი არ არის.
„რევაზ ეგაძეზე ვერაფერს მოგახსენებთ, არ ვიცი მისი ბეგრაუნდი, მაგრამ ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ რადგანაც უკვე ვიცით ოპოზიციის და მმართველი გუნდის პოზიცია, ეს კონკურსი შეიძლება ჩავარდნილად გამოცხადდეს. მმართველი პარტია არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს კანდიდატურები ჩავარდება. ამიტომაც, ალბათ, მოხდება ხელმეორე კონკურსის ჩატრება და პრეზიდენტი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. მას მოუწევს დეტალური ახსნა-განმარტების გაკეთება, რატომ არ დაასახელა კალანდარიშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ექსპერტი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უმაღლესი შეაფსება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. შესაბამისად, მიზეზი - რა დააშავა კალანდარიშვილმა, არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სამწუხაროდ, ჩაერთო იმ პროცესში, რასაც ჰქვია გამართულად არ იმუშაონ სახელმწიფო ინსტიტუციებმა, რაც ევროპული საბჭოს ერთ-ერთი მოთხონაა.
„თუ პრეზიდენტი ნაწყენი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე და არ მოეწონა მისი მუშაობა, მაშინ ის მეორე ვადით არ უნდა წარედგინა. პირველი 6 თვის ვადაში ჩაატარა თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც მოჰყვა ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი ქვეყნის გარეთ, გაცილებით მაღალ დონეზე ჩატარდა, ვიდრეს ეს იყო 2020 წლის არჩევნები და ყველაზე მთავარი - ოპოზიცია შევიდა ყველა მუნიციპალიტეტში. მეორე ვადაზე კიდევ უფრო კარგად იმუშავა გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო ადმინისტრაციამ.
რაც შეეხება კანდიდატებს, მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ როგროც მახსოვს, ქალბატონი თამარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც კანდიდატი და ადამიანი თუ პოლიტიკაშია, ის როგორ შეიძლება დამოუკიდებელ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდეს? რაც შეეხება ბატონ რეზოს, მისი კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, მანამდე კალანდარიშვილი შეასრულებს მოვალეობას. ამ მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაფერი იცვლება“, - აცხადებს ბოჟაძე.
მისი თქმით, პირველი და მთავარი, რაც პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯიდან ჩანს, საზოგადოებაში დარჩა განცდა, რომ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე, სინამდვილეში მას ჰყავს მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდება, არასტაბილურობის განცდა მუდმივად ექნება იმ ინსტიტუციას, რომელიც არჩევნებს ატარებს.
„რაც ყველაზე მთავარია, გამოდის, რომ შარლ მიშელის შეთანხება რეალობაში არ მუშაობს და ისიც გადასახედია. პრეზიდენტმა ამით დაამტკიცა რომ „ქართული ოცნება“ მართალი იყო, როდესაც გენერალური პროკურორის არჩევის წესზე სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ყველაზე მთავარი - საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც გამოვედით შარლ მიშელის დოკუმენტიდან. რაც კიდევ უფრო მთავარია, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციას და არა დეპოლარიზაციას. პრეზიდენტი, რომელმაც გაცილებით ადრე დაიწყო ეს პროცესი და ლაპარაკობდა ერთიანობაზე, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს პოლარიზაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.
უნდათ
ხოოდა უნდა არ უნდა ესე ეგ ნაცების მხარეს გამოდის.....იძულებულია ნაცების მხარე დაიჭიროს, თორემ სინამდვილეში ნაცები მაგასაც ძან, ძაან არ უყვარს....
თანაცააა და მაგისთვის საქარტველოსი რა და როგორ იქნება სუ ფრანცუსკებზე არა კიდიააა?
ეს ,,გოიმი,, საქარრთველო მაგას არაფერში არა სჭირდება.......
.უბრალოდ საქართველოს დახმარებით პოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილა............... მორჩება და ისევ წაფრანცუსკდება პარიზში.....