სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს თანხის გადახდა მოუწევს. სადაზღვეო კომპანიებმა 112-დან წერილი უკვე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის ბენეფიციარებისთვის სასწრაფოს გამოძახება ფასიანი ხდება. თუკი ეს მოდელი ძალაში შევიდა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სადაზღვევო პოლისების ღირებულება აუცილებლად გაიზრდება.
სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ხაზს უსვამს, რომ არავითარი დაკონკრეტება არ ყოფილა უწყების მხრიდან. შესაბამისად, არ იციან როდიდან იცვლება წესი და რა მექანიზმით.
„ეს არ არის მინისტრის ბრძანება ან მთავრობის განკარგულება. წერილი მივიღეთ 112-იდან. დღეს რომ დავრეკეთ, ვკითხეთ, ბენეფიციარი რომელიც დაზღვეულია, თუ გამოიძახებს სასწრაფოს, მას არ მოემსახურებით? თანხის გადახდა მოუწევს თუ რა ხდება? გვეუბნებიან - არაფერი. გვაინტერესებს მაშინ რა ხდება? ახლა რა მოცემულობაც გვაქვს მარტო ამის თქმა შეგვიძლია, მივიღეთ წერილი, რომლის უკანაც არ დგას არანაირი კონკრეტიკა.
ამ ეტაპზე სასწრაფო დახმარება ისევ უფასოა. ახლა დაიწყება საკითხის გარკვევა და როცა გავერკვევით, რა უნდა მთავრობას და 112-ს, მერე გაგრძელდება საუბარი. უნდა ვიცოდეთ, რა სურთ, თუ ისეთივე სეგრეგაციაა როგორიც საყოველთაო დაზღვევითაა, მაშინ უნდა ვიცოდეთ გზები. ამის მერე შეიძლება ყველა სადაზღვევომ სხვადასხვა გზა აირჩიოს. დღეს პრაქტიკა ასეთია, რომ უნივერსალური სერვისები ეზღუდებათ დაზღვეულებს. შეიძლება ესეც ასე მოხდეს, მაგრამ მე არ მაქვს ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი, განსხვავებით ჩემი კოლეგებისაგან“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ სადაზღვევოებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სამინისტროში ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესება არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.
მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განმარტებით, ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ეს განმარტება სულაც არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი სადაზღვევო სექტორისათვის. „პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილის კომენტარი ბუნდოვანია. მისი შეფასებით, წერილიდან უშუალოდ იკითხება, რომ დაზღვეულებისთვის სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ფასიანი უნდა გახდეს და ილია ღუდუშაურის კომენტარი თითქოს ამ განზრახვის გაბათილებას ეხებოდა.
„სახელმწიფო უწყებიდან გამოგზავნილ წერილში დაფიქსირებულია სახელმწიფოს განზრახვა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეული მოქალაქეებისთვის ფასიანი მომსახურება მიიღონ. ყურადღებით ვუსმინე ღუდუშაურს და ის საუბრობს, რომ ტარიფები განსაზღვრული არ არისო და ამ დროს ტარიფები წერილით განსაზღვრულია, უბრალოდ ეს ტარიფები უფრო ზუსტად, როგორ ისაზღვრება, ეგაა გაუგებარი.
ასევე, ბატონი ღუდუშაური საუბრობს, რომ არასტანდარტული მომსახურების შემთხვევაში, ამ ტარიფებით ხელმძღვანელობა მოხდებაო. არასტანდარტული შემთხვევა რას ნიშნავს, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საკუთარი ინტერესი, რას ნიშნავს სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების დროს, ესეც გაუგებარია. სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც პაციენტს გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სჭირდება და იქ რა საკუთარ ინტერესებზეა საუბარი, ჩემთვის ეს ბუნდოვანია. სახელმწიფო განზრახვა, რომ დაზღვეულებისთვის სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ფასიანი გახდეს, ამ წერილიდან იკითხება. ბატონი ღუდუშაურის კომენტარი თითქოს ამ განზრახვის გაბათილებას ეხება და ესეც ასევე ბუნდოვანია“, - აღნიშნა სოფო ლებანიძემ.
თუკი დაზღვეულებისთვის სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ფასიანი გახდება, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სადაზღვევო პოლისების ღირებულება აუცილებლად გაიზრდება.