„სუს-მა და კერძოდ, სოსო გოგაშვილმა ვახტან გაბელია დაატერორა და საბოლოოდ, ისე გადამკიდეს, რომ მოსაკლავად დამდევდა“

„სუს-მა და კერძოდ, სოსო გოგაშვილმა ვახტან გაბელია დაატერორა და საბოლოოდ, ისე გადამკიდეს, რომ მოსაკლავად დამდევდა“

პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე ამ დრომდე ბურუსითაა მოცული. გამოძიებას არ ჰყავს ბრალდებული და მეტიც, იმის მიუხედავად, რომ შარაძის მკვლელობის საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულებეზე მიუთითებს, მის დასადგენად პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს არ ატარებს. მოკლული პროფესორის შვილი, რუსუდან შარაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობა შეუკვეთა სააკაშვილმა, ორგანიზატორი იყო დათა ახალაია და შეასრულეს მეგის ქარდავას ზონდერებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ. ხოლო, გიორგი ბარათელი მკვლელობის დროს, მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

„მოყვეს სოსო გოგაშვილი ვინ ავალებდა გურამ შარაძის მკვლელობის ოქროს მოწმის დაშინება-დაშანტაჟებას, მტკიცებულებების გაქრობას, სადაა დღეს აუდიო-ჩანაწერი, სადაც მკვლელობის ორგანიზატორი - დათა ახალაია უშუალო მკვლელს ასახელებს და ვინ იცის, იქნებ ყოველდღე სანთელიც დავუნთო“, - შეგიძლიათ დეტალურად გვითხრათ რას გულისხმობთ და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს სოსო გოგაშვილს პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან?

რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობასთან სოსო გოგაშვილს შეხება არ ჰქონია, თუმცა ის თავიდან ბოლომდე კავშირშია ამ საქმის მიჩქმალვასთან, მოწმის დაშინება-დაშანტაჟებასთან და მტკიცებულების გაქრობასთან. ჩემი აზრით, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმაზეც, ვინ მოკლა მამაჩემი და კიდევ ვინ არიან ამ საქმის ირიბი თუ პირდაპირი თანამონაწილენი. ის მაინც ხომ დანამდვილებით იცის, ვინ ავალებდა არ გამოძიებულიყო გურამ შარაძის მკვლელობა?! ბატონ სოსოს არ ეგონოს, რომ რამეს თუ იტყვის, თვალდახუჭული დავუჯერებ. არავის მივცემ უფლებას, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმე სათავისოდ გამოიყენოს და ვინმეს ხელში იარაღად მაქციოს. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ აქამდე ამის არაერთი მცდელობა ყოფილა და ახლაც ბევრია ჩასაფრებული.

რამდენადაც ვიცი, დათა ახალაიასთან დაახლოებულმა, კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა ვახტანგ გაბელიამ კახა მიქაიას უთხრა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ ჰქონდა მტკიცებულებები. ის ამტკიცებდა, რომ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გადამალული ჰქონდა უკრაინაში და მზად იყო, ჩამოეტანა, დადგენილიყო მისი ავთენტურობა. მეტიც, მზად იყო დათა ახალიას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მაგრამ ამ საქმეს არ მოჰყვა გაგრძელება...

- დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, მაშინ, როდესაც ხალხს ჯერ კიდევ ჰქონდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, კახა მიქაიასთან მივიდა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დათა ახალაიას ყოფილი მარჯვენა ხელი - ვახტანგ გაბელია, ზედმეტსახელად „პაპაია“. მისი თქმით, შეეძლო, აუდიოჩანაწერის სახით, მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მამაჩემი მოკლეს სააკაშვილის ბრძანებითა და დათა ახალაიას ორგანიზატორობით. მას სხვა საქმეებზეც ჰქონდა აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები და მზად იყო, ყველაფერი მიეწოდებინა გამოძიებისთვის და ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ მათი ვარგისიანობის შემთხვევაში, დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნები. არაფერი უკანონო ამაში არ იყო. მოწმე ასევე თანახმა იყო, სასამართლოზე პირზე დადგომოდა ყოფილ უფროსს - დათა ახალაიას, მაგრამ სუს-მა და კერძოდ, სოსო გოგაშვილმა ვახტან გაბელია დაატერორა და საბოლოოდ, ისე გადამკიდეს, რომ მოსაკლავად დამდევდა.

ეს ამბავი გავიგე 2017 წელს. თავიდან, დაპირისპირება არც მიფიქრია, მაგრამ გარდაუვალი აღმოჩნდა. მოწმის დაშინების შემდეგ, უკვე დაჟინებით მოვითხოვდი შეხვედრას სოსო გოგაშვილთან, მაგრამ ის უარზე იყო. მაშინ შევუთვალე, რომ მქონდა მოწმეზე ზეწოლის შესახებ მტკიცებულებები და მაინც მოუწევდა ჩემი ნახვა, როდესაც ჟურნალისტებით და კამერებით მივადგებოდი. სწორედ, ამ დროს, გაგიჟებულმა დაურეკა კახა მიქაიას ღია ხაზით. კახას ტელეფონი იმ რეჟიმზეა, რომ ავტომატურად, ყველა საუბარს იწერს.

ასე ჩაგვივარდა ხელთ 26-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე, არის გოგაშვილის მხრიდან საქმის გარჩევა, თუ რატომ გავიგე შვილმა, რომ მამის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა. ამის შემდეგ, ერთი წელი ბრძოლაში ვიყავით. საბოლოოდ, 2018 წლის 8 აგვისტოს, ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა სოსო გოგაშვილის კაბინეტში. ის დამპირდა, რომ გამოძიებას დაეხმარებოდა, თითქოს დანაპირების შესრულებაც დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მტკიცებულებაზე საუბრობდა გაბელია და რა ინფომაციის მატერებელი იყო ის ჩანაწერი?

- ვახტანგ გაბელია ამბობდა, რომ გურამ შარაძის მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ, დათა ახალაიამ საკუთარ კაბინეტში გამართა თათბირი, რომელსაც გაბელიას გარდა, ესწრებოდნენ: ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ და კუდის ორი თანამშრომელი. გაბელიას თქმით, მან ჩაიწერა ზემოაღნიშნულ პირებს შორის საუბარი, თუ როგორ მოიშორეს „პროფესორა“, რაც მათ „პირველმა“ დაავალა. ჩანაწერში, დათა ახალაია ეკითხება თავის ზონდერებს, მკვლელი ხომ არ შექმნიდა პრობლემას, რაზეც უარყოფით პასუხს იღებს. დასახელებულია, აგრეთვე, მამაჩემის მკვლელის ზედმეტსახელიც.

24 ივლისს, „იმედის კვირის“ რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე როგორ ვაჭრობდა კომპრომატებით, მათ შორის ნაჩვენები იყო კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის აუდიოჩანაწერები. როგორ ფიქრობთ და თუ გაქვთ ინფორმაცია ვაჭრობდა გოგაშვილი გურამ შარაძის მკვლელობის საქმით და თუკი ამ ვერსიას გავყვებით, ვის ევაჭრებოდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი?

- დიახ, „იმედის კვირაში“ სოსო გოგაშვილზე გავიდა ცოტნე გეგეჭკორის სიუჟეტი - „სოცდაუცველობიდან მილიონერობამდე“, სადაც ლაპარაკი იყო, თუ როგორ თვალისდახამხამებაში გამდიდრდა სუს-ის მაღალჩინოსანი კომპრომატებით ვაჭრობის შედეგად. კადრებში, ყოველად გაუგებრად, შეპარებული იყო რამდენიმე წამი კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის ზემოაღნიშნული საუბრიდან, სადაც გურამ შარაძის ხსენებაც არ იყო და თითქოს, მიქაია და გოგაშვილი ერთმანეთში რაღაცას ვაჭრობდნენ.

ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ გოგაშვილის ინტერესში შედიოდა ამ ჩანაწერის პრესაში გავრცელება. ვიფიქრებდი, ცოტნე გეგეჭკორი ვერ გაერკვა საქმის ვითარებაში-მეთქი, მაგრამ ამავე სიუჟეტში, ნაჩვენები იყო გაბრაზებული კახა მიქაია ფიზიკურად როგორ იქაჩება ვიღაცისკენ და პოლიციელები ცდილობენ მის შეკავებას. ჟურნალისტის ტექსტის ქვეშ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ვერ გაიყვეს და მიქაია გოგაშვილისკენ იწევდა საცემად.

არადა, ეს კადრები ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს არის გადაღებული. ასეთი იაფფასიანი სიყალბე „იმედს“ არ ეკადრება. ვისთან და რით ვაჭრობდა სოსო გოგაშვილი, იმედია, გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება მამაჩემის მკვლელობის საქმის მიჩქმალვას, არავის მივცემ უფლებას, რომ სიმართლე დაამახინჯოს. არ გამოვრიცხავ, ვიღაცები ღელავდნენ, რომ გოგაშვილის რომელიმე „ეპისტოლეში“ საკუთარ გვარებს აღმოაჩენენ.

თუ ასეა, მაშინ წინასწარ ქმნიან ნიადაგას, რომ მერე გამოაცხადონ, - მანდ არაფერი არ იყო, გოგაშვილი მიქაიასთან ვაჭრობდაო. კახას არავისთან არაფერი ჰქონდა სავაჭრო - მოწმის მოთხოვნით, ყველა ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შემდეგ ეს მოწმე პროკურატურაში თავის ფეხით მიიყვანა და დღეს, როგორც გაბელიას, ისე კახას არაერთი ოფიციალური ჩვენება დევს საქმეში - ესაა ვაჭრობა?

რაც შეეხება, თითქოს გოგაშვილის ინტერესში იყო ამ ჩანაწერის პრესაში გავრცელება, ესეც ტყუილია, რათა დააკნინონ სიმართლე. სინამდვილეში, 2018 წლის მაისში, როდესაც ვერაფერს გავხდი, ავდექი და ჩანაწერი დავუგზავნე ხელისუფლების უმაღლეს პირებს და „ოცნების“ თითქმის მთელ ფრაქციას პარლამენტში. ჩემი მიზანი იყო, რომ თავად ენახათ, ვის ჩააბარეს სახელმწიფო. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა პრესაში, თორემ გოგაშვილს სიკვდილი ერჩივნა და ყველაფერი გააკეთა, რომ ასე არ მომხდარიყო. ჩემზე მეტად, ვინ იცის, რა ბრძოლაში ვიყავით. ვაღიარებ - ვემუქრებოდი, რომ ჩანაწერს გავავრცელებდი. იცოდა, გადაყვებოდა და გადაყვა კიდეც.

თქვენი ინფორმაციით ეს მტკიცებულება ისევ გაბელიასთან რჩება და როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება ვაჭრობდა სოსო გოგაშვილი?

- ჩემი აზრით, ვახტანგ გაბელია არაა ის კაცი, რომელიც ასეთი მნიშვნელობის მტკიცებულებებს თავისთვის არ შეინახავდა და ალბათ, თუ დასჭირდება, გამოაჩენს კიდეც. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კიდევ გავიმეორებ - კახა მიქაიასთან გოგაშვილი კი არა, ვერავინ ვერასდროს ივაჭრებდა და სხვაგან რას აკეთებდა ბატონი სოსო, ვიცი იმდენი, რაც პრესით ვრცელდება.

გვინდა თუ არა, მაინც გოგაშვილის გარშემო გვიწევს ტრიალი, ის თავად ამბობს, რომ აგროვებდა ჩანაწერებს, როგორ ფიქრობთ, რა ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყო პატიმარი გოგაშვილი?

- ნებისმიერი სახელმწიფო დგას უშიშროება-უსაფრთხოების სამსახურებზე და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის უბრალო მოადგილე არ ყოფილა, მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა მინიჭებული და გავლენით საკუთარ შეფს, ვახტანგ გომელაურს თუ არ აჭარბებდა, არც ჩამოუვარდებოდა. დარწმუნებული ვარ, სუს-ში მარტო არჩევნების გაყალბების თემაზე მტკიცებულებების მოპოვებით არ იქნებოდა დაინტერესებული და მან უამრავი რამ იცის.

გულწრფელი რომ ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაკა-დაკას კინაღამ გადავყევი და ჯანმრთელობა ლამის შემერყა, მაინც მიჭირს მასზე აგრესიულად ლაპარაკი. შემსრულებელზე ჯოხის გადატეხვა სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს და რაც მთავარია, ჩემთვის უპირველესია საქმე - შევხვდი, ხელი ჩამოვართვი, დამპირდა. მამაჩემის მკვლელობის საქმე ოღონდ გახსნილიყო, აღარ მაინტერესებდა ადრე რა იყო.

შეხვედრის დღიდან სოსო გოგაშვილის მიმართ აგრესია წარსულს ჩავაბარე და რომ მოხსნეს, მერე ხომ საერთოდ… ახლა ის ჩემთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი მოწმეა. თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მოვუწოდებ, რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს. წესით, კი უნდა ესმოდეს, რომ არავინ ჰყავს, ვინც გამოესარჩლება, მის მიერ აქამდე გავრცელებულმა „სენსაციურმა ფაქტებმა“, ხალხში ეფექტი ვერ მოახდინეს, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არჩევნების გაყალბების ყურითმოთრეული თემა არ არის და ამ საქმის გახსნაში თუ მიიღებს მონაწილეობას, ბევრ რამეს ჩამოირეცხავს.

თუ მოითხოვეთ მისი დაკითხვა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე?

- რამეს თუ იტყვის, უსათუოდ მოვითხოვ. ვფიქრობ, იქამდე აზრი არ აქვს.

როდესაც ამდენი წელი საქმე არ იძვრის, არ ჰყავს ბარლდებული, თავისთავად ჩნდება კითხვა - ვის ინტერესშია ამ გახმაურებული მკვლელობის არგამოძიება?

- გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ვეყრდნობი ფაქტებს, მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის მასალებს. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ მამაჩემის მკვლელობა შეუკვეთა სააკაშვილმა, ორგანიზატორი იყო დათა ახალაია და შეასრულეს მეგის ქარდავას ზონდერებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ. ხოლო, გიორგი ბარათელი მკვლელობის დროს, მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ჰაერზე ვერ ვიტყვი, რომ თავად სააკაშვილი ვინმეს ბრძანებას ასრულებდა, თუმცა დღეს, დიდ სენსაციად არ ჩამეთვლება იმის თქმა, რომ სააკაშვილის საერთაშორისო მფარველებს არ აწყობთ ამ საქმის გახსნა.

წლების განმავლობაში თქვენ მამის ერთ-ერთ მკვლელად ასახელებთ გია ფაჩულიას, რომელიც დღესაც ძალოვან უწყებაში რჩება და რამდენადაც ვიცი, ამ საქმის გარშემო გამოძიებას არ დაუკითხავს. ასახელებთ დათა ახალაიას, მეგის ქარდავას, სია ძალიან ვრცელია, მაგრამ ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა - ვინ და რატომ მოკლა პროფესორი შარაძე? როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჰყავს ამ საქმეს ოფიციალური ბრალდებულები ამ დრომდე?

- ამ შემთხვევაშიც, ვეყრდნობი კიდევ ერთი „ოქროს“ მოწმის, მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელის ოფიციალურ ჩვენებას, რომლის საფუძველზეც განახლდა საქმის ძიება 2014 წელს. ის ასახელებს ორ სპეცრაზმელს - თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას, რომლებმაც უშუალოდ შეასრულეს მამაჩემის მკვლელობა. თემურ ჯგერენაია, 2012 წელს, რუსეთში მოკლეს, ხოლო გია ფაჩულია, „ოცნებამ“ დააწინაურა და დღეს არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სპეცრაზმის უფროსის მოადგილე.

გია ფაჩულია დაკითხულია და პროკურორის კითხვაზე, იცნობდა თუ არა თემურ ჯგერენაიას, ოფიციალურ ჩვენებაში ასეთი პასუხი გასცა: „თემურ ჯგერენაია მუშაობდა სპეცდანიშნულების სამმართველოში რიგითად, მე მასთან მაკავშირებდა სამსახურეობრივი დამოკიდებულება. ბევრჯერ ვყოფილვართ სხვადასხვა ოპერაციებზე ერთად. როგორც ჩემთვის არის ცნობილი თ. ჯგერენაია გაათავისუფლეს სამსახურიდან რის შემდეგაც წავიდა რუსეთის ფედერაციაში სადაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჩემთვის უცნობია. სავარაუდოდ, როგორც ნათქვამიდან ვიცი თ. ჯგერენაია რუსეთის ფედერაციაში მოკლეს“.

მუშაობა რომ გაუადვილოთ პროკურატურას დაასახელეთ ვინ არიან გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზატორები და ვინ მოიყვნა სისრულეში დანაშაული?

- 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჩემმა მეგობრებმა და მე, პროკურატურას ყველაფერი გავუადვილეთ, მივიყვანეთ არაერთი მოწმე - როგორც მკვლელობის თვითმხილველები, ისე მაშინდელი სისტემის თანამშრომლები, აღარაფერს ვამბობ უამრავ ინფორმაციასა და მასალაზე, რაც მივაწოდეთ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ - ჩვენ რომ არა, საერთოდ არაფერი იქნებოდა და სააკაშვილისდროინდელი ოფიციალური ვერსია დარჩებოდა ოფიციალურ ვერსიად.

თავის მხრივ, პროკურატურამ, ასე თუ ისე, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, დაიკითხა უამრავი მოწმე, საქმეს ბევრი რამ შეემატა და ბოლო-ბოლო, ვინც ჩაიხედავს, სიმართლე ხელისგულზე დევს. თუმცა, ეს არაა საკმარისი. ჩემი აზრით, პროკურატურას დღეს მეტი არაფერი შეუძლია, ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ერთი წლის წინ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკანასკნელი ვიგინდარა, ისე ჩამოიპარებოდა საქართველოში და ხინკლის წვენით მოწუწული, ციხეში აღმოჩნდებოდა. დარწმუნებული ვარ, მოვა დღე, როდესაც გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ სიმართლე ოფიციალურად გამოცხადდება.

 

 

 

trampi ძაან კაი გოგო ხარ რომ არ ისვენებ და ეძებ შარაძის მკვლელთა ვინაობას..
შარაძე მარტო მამაშენი არ ყოფილა ..... ის საქართველოსთვის ძალიან ძალაინ ამაგდარი და საჭირო პიროვნება იყო
შენ დამკვეთი კი არა........ დამკვეთის დამკვეთი უნდა იპოვნო და გამოააშკარავო სახალხოდ
სწორედ ,,დამკვეთის დამკვეთია,, საქართველოს რომ დედას ტირობს....
ჰოოდა ზუსტად იმათ რომ ებრძოდა, იმიტომაც მოკლეს გურამ შარაძე
2 წლის უკან