„რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“

„რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“

ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადმა იმატა, რამაც საზოგადოება ორად გაყო - ზოგს მოსწონს და ზოგსაც არა. თუმცა, საქმე მოწონება არმოწონებაზე აღარ არის, საქმის განხილვამ პოლიტიკურ ჭრილში და ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვა.

პარტიებმა“ „ლელომ“ და „სტატეგია აღმაშენებლმა“ რუსეთსა და ბელარუსის მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვეს, ხოლო რუსმა ტურისტებმა კი, ქართულ რესტორებსა და კაფე ბარებს ინტერნეტით შეუტიეს.

„გახსოვდეთ 08.08.08, გეშინოდეთ ჩვენი!“, „საჭმელში მოხვდა იმ ბავშვის ცხედრის ნარჩენები, რომელიც 08.08.2008-ში მოკლეს...“ - ამ და მსგავსი, მუქარის შემცველი ტექსტებით ესხმიან თავს „დედაენის ბარს“ რუსი ინტერნეტმომხმარებლები. ამის მიზეზი კი ბარის ანტისაოკუპაციო პოლიტიკაა, რომლის თანახმადაც, ბარში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებმა უნდა დაადასტურონ, რომ არასდროს მიუციათ ხმა პუტინისთვის, გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ბარის მფლობელის, დათო ლაფაურის განცხადებით, გაურკვეველმა პირებმა გატეხეს ბარის ვებ-გვერდი და რუსეთის მოქალაქეების ნაწილი „დედაენის ბარს“ გუგლსა და სოციალურ ქსელებში დაბალ შეფასებებს უწერს.

„ამ პროტესტების ობიექტური მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ბოლო დროს გახშირდა რუსების მიერ ჩვენს მიმართ ერთი ვარსკვლავის დაწერა, განსაკუთრებით იმიტომ რომ, ჩვენი ბარი დეკლარირებულად მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენზე მიმდინარეობს ამ წუთასაც კიბერთავდასხმა. ათასობით შეფასება და ცუდი კომენტარი იწერება“, - ამბობს დათო ლაფაური.

რუსი ტურისტების ატეხილ აჟიოტაჟს მმართველ გუნდშიც ეხმიანებიან. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ქვეყანაში რუსი ტურისტების თითქოს უპრეცედენტო რაოდენობაა შემოსული, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.

„ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო, თუ რამე მსგავსი საჭიროება იქნება, მსგავსი ინიციატივა ისედაც გაჩნდება. გუშინ ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მთელი წლის განმავლობაში, 2022 წელს კი შემოსულია 247 000. პირიქით, ნაკლები რაოდენობაა შემოსული, თუ შევადარებთ პანდემიამდე წლებს. ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის“ და ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვანი მიმართულებაა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძისთვის რუსი ტურისტების ქართული ბარების მიმართ კიბერშეტევა მიუღებელია.

„რუსი ტურისტების მხრიდან ქართულ ბარებზე კიბერშეტევა ძალიან ცუდია. მათი მხრიდან აღნიშნული საქციელი გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთთან მტრულ ურთიერთობაში ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სისტემები, რომლითაც საკუთარი თავის დაცვას შევძლებთ“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა for.ge-ს განუცხადა, ის არ ემხრობა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სავიზო რეჟმის შემოღებას.

„სავიზო რეჟიმის შემოღებას არ ვემხრობი, ვინაიდან ეს მოთხოვნა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ლელომ“ წამოაყენა. რუსი ტურისტების შემოსვლა დაწყებულია გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ტურისტების შემოდინება. ამან მოიტანა საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესობა. კატეგორიულად არ ვეთანხმები, ვინაიდან ჩვენ უნდა შევძლოთ იმის გაკეთება, რომ არსებული სიტუაციიდან მეტი და მეტი ეკონომიკური შემოსავალი მივიღოთ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე for.ge-თან საუბრისას ხსნის, თუ რატომ არ უნდა დაწესდეთ რუსეთისა და ბელარუსს სავიზო რეჟიმი.

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებილიც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამ ქვეყნის წინააღდეგ ბრძოლას აგრძელებენ და ცდილობენ ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დააზიანონ. დღეს, ტურიზმი ათასობით ადამიანისთვის შემოსავლის წყაროა. რაც შეეხება ატეხილ აჟიოტაჟს ვიზებთან დაკავშირებით, გავიხსენოთ, რომ სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო-რუსეთის ომის ორი წლისთავზე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ასევე, გვახსოვს 2011 წლის 9 აპრილის მემორიალიდან წასული მიხეილ სააკაშვილი ლარსზე, რომელიც რუს მოქალაქებზე საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა. ახლა ეს პოლიტიკური ძალა კიდევ ერთხელ ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ცნობილია, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, რუსეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა, რამაც ტურიზმის სექტორზე სერიოზული გავლენა იმოქმედა. ახლაც კი, როდესაც ტურიზმი აღდგენას განაგრძობს, უფრო ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასულ წლებში. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა რუსი მოქალაქე შემოსვლისას მოწმდება. თუ ვინმეს ვიზიტი ხანგრძლივია, ამ შემთხვევაში ვიზას თავისი შეზღუდვები აქვს. ბუნებრივია, არავისზე არანაირი შეღავათი არ გავრცელდება“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი ქართულ კაფე-ბარებს სოლიდარობას უცხადებს რუსი ტურისტების მხრიდან კიბერშეტევის გამო.

„რუსეთს საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს არ მოუხდენია, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დავკარგეთ. 2008 წლის ომიც ამ ოკუპაციის გაგრძელება იყო. თუმცა, აქ რიგით ადამიანებზეა საუბარი, რომლებსაც თუ რაიმე კავშირი აქვთ ოკუპაციასთან, ისინი საქართველოში ვერ შემოვლენ. რაც შეეხება, კონკრეტულ ბარზე კიბერშეტევას, ეს უკავშირდება ბარის პოლიტიკას, რომელსაც მე სოლიდარობას ვუცხადებ. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ეს მაგალითიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე წარსულს, რაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან გვაკავშირებს“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.