„თამაშიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადგილი ონლაინ რეჟმში, შესაძლოა, დავით არახამიამ დაიკავოს“

„თამაშიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადგილი ონლაინ რეჟმში, შესაძლოა, დავით არახამიამ დაიკავოს“

„თამაშიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადგილი, ონლაინ რეჟიმში, შესაძლოა, დავით არახამიამ დაიკავოს, რომელიც ცდილობს ბელადის პასიურობა გააბათილოს თავისი აქტიურობით“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ექს-პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო ბედს for.ge-თან ინტერვიუში.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა სამმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბა და არ გამორიცხავენ, რომ პარტიაც შექმნან. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სამივე დეპუტატი „ოცნებას“ „კბილებით“ იცავდა, ახლა მათი მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

- ისინი მმართველ გუნდს პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოსაზრებების გამო არ გამოჰყოფიან. გარკვეულწილად, მათი პოზიციის მესმის, რადგან მოქმედ ხელისუფლებას დასავლელ პარტიორებთან მიმართებაში გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული. ეს ეხება როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოს საკითხებსაც. სამწუხაროდ, ამ საკითხების ირგვლივ ცალკეული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება იქმნება. ამის ნათელი გამოხატულება ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო, რომელმაც გაითვალისწინა საქართველოსთან მიმართებაში არაობიექტური თემები. მმართველ გუნდში კი არსებობს დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც არ სურთ დასავლელი პარტნიორების თვალში ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში წარმოაჩინონ. მეორე მხრივ ისინი გრძნობენ, რომ საზოგადოება ითხოვს კითხვებზე უფრო მკაფიო პოზიციის გამოხატვას. ისინი გამოეყვნენ მეგობრებს, რათა საზოგადოებასთან ერთად იმ უსამართლობის პულსზე ხელი ეჭიროთ და შეეძლოთ უფრო ღიად დააფიქსირონ საკუარი პოზიცია და ამით გამოხატონ საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციაც, რასაც ადგილი უკვე ჰქონდა იგივე ღია წერილების სახით ელჩის, კელი დეგნანის მისამართით. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ეს წერილები არ იყო უადგილო. ეს წერილები კონკრეტულ მარტივ კითხვებს მოიცავდნენ, რომლებზეც საზოგადოების სახელით, ეს დეუტატები კელი დეგნანის მხრიდან მარტივ პასუხებს ითხოვდნენ, რაც გარკვეულწილად, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. თუ საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა, რომ ეს ჯგუფი საქართელოს დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე უფრო კრიტიკული იყოს, ვიდრე გარკვეული წნეხის ქვეშ მყოფი ხელისუფლება, მაშინ აღნიშნული დაკვეთა უფრო ფართო მასშტაბის იქნება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდმა პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ სამ დეპუტატს კიდევ გაჰყვებიან სხვებიც და ჯამში იქნება 5 დეპუტატი, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, ამის წინაშე შეიძლება დადგეს „ოცნება“?

- ღმერთმა არ ქნას და, თუ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააგრძელეს უსამართლო, არაობიექტური შეფასებები ხელისუფლებასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ამ ვითარებით უკმაყოფილო მმართველი გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ისინი გადავლენ იმ ფრთაში, რომელიც ჯერჯერობით საზოგადოებრივ მოძრაობის სახელს ატარებს.

ეს თავად „ქართული ოცნებისთვის“ რამდენად იქნება მისაღები?

- „ქართული ოცნების“ ძირითადი გუნდი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, თანამიმდევრულია თავის პროდასავლური პოლიტიკის გატარებაში. თანამიმდევრული იმიტომ, რომ 2017 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებები კონსტიტუციაში აისახა - ჩრდილოატლანტიკური და ევროინტეგრაციის კურსის ხაზით. თანმიმდევრულია იმით, რომ ასოცირების ტრიოს შემადგენლობაში საქართველო რეფორმების გატარების კუთხით პირველია. ეს სახელისუფლებო მიდგომა გაგრძელდება, რადგან არავინ აპირებს ამ კურსზე უარი თქვას. არავინ არ აპირებს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებულ შესრულებაში რაიმე შეფერხება შეიტანოს. თუ ეს ყველაფერი დასავლელმა პარტნიორებმა ვერ დაინახეს და თუ იქიდან უნდობლობის ახალი ტალღა წამოვიდა, ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, დეპუტატების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე იგრძნო თავი დამცირებულად და ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ცოტა უფრო თავისუფალი ყოფილიყო. შეიძლება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს იყოს სერიოზული სიგნალი. სიგნალი იმისა, რომ დამოკიდებულება მათი მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ცოტა არ იყოს და, არაობიექტურია.

რატომ შეცვალა დასავლეთმა „ქართული ოცნების“ მიმართ რიტორიკა, რა არის ამის მიზეზი?

- ფსევდოლიბერალიზმის ფასეულობებზე დაფუძნებული ძალის ტყვეობაშია გარკვეული ამერიკული სახელისუფლებლო, ასევე ევროკავშირისა და ევროპარლამენტის გარკვეული წრეები. ევროპარლამენტთან დაკავშირებით ეს უფრო ნათელია იმ „სახალხო პარტიის სახით“, რომელიც პირდაპირი ევროპული ასლია ჩვენი „ნაციოალური მოძრაობის“. ამ ტყვეობიდან თუ არ გამოვიდნენ და ვერ მიხვდნენ, რომ დღეს, „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალიზმის ღია მხარდაჭერით, შესაძლებელია, რეგიონში პროდასავლურობის ჭეშმარიტი მხარდამჭერი საქართველო დაკარგონ, მაშინ სხვანაირად წავა ჩვენი ურთიერთობები. საქართელო არ აპირებს საკუთარი ტრადიციულობის, ქრისტიანობისა და ჯანსაღი კონსერვატიზმის დახურდავებას მისთვის მიუღებელ ფასეულობებზე.

დასავლეთის რიტორიკის შეცვლაზე უკრაინა-რუსეთის ომმა იმოქმედა?

- ჩვენ თუ მოვისმენთ დასავლელი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებას, ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ოფიციალურ დონეზე არავინ ითხოვს საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მისი სუვერენიტეტისთვის საზიანო იქნება. ჩვენ ამას მართლაც ვისმენთ და უსამართლო იქნებოდა დაგვებრალებინა, რომ ისინი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ. თუმცა ვერ ვისმენთ დამაჯერებელ გამიჯვნას იმ რიტორიკისგან, რომელიც უკრაინის სახელისუფლებლო წრეების ოფიციალური წარმომადგენლებისგან გვესმის. უფრო მკაფიოდ რომ გაგვეგო ჩვენი ოფიციალური პარტნიორების პოზიციის გამიჯვნა ამ მოწოდებებისაგან, ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან კარგი.

ასევე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით, ეს გადაწყვეტილება არის იქითკენ მიმართული, რომ მან ციხეს თავი დააღწიოს?

- ეს არის ბლეფი, ეს არის ამ ადამიანის დაუოკებელი სურვილი, რომ ყველანაირი ხერხით დატოვოს მისთვის ფსიქოლოგიურად გაუსაძლისი გარემო და თავისუფლებაზე გამოვიდეს. მით უმტეს, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ახლა რამხელა ფუფუნებას მოკლებულია. ამიტომ, ის ყველანაირ ხრიკს მიმართავს, რომ ხელისუფლება რამენაირად მოადუნოს. თუნდაც საქართველოს პრეზიდენტს გამოსძალოს შეწყალების აქტი. მაგრამ, ჩვენ მის სურვილთან ერთად ვერ ვხედავთ ვერც ერთ განცხადებას, რომლითაც ეს ადამიანი პოლიტიკურ აღსარებას ჩააბარებდა. მეტსაც გეტყვით, იმ მუხლებთან მიმართებაშიც კი, რომლის გამოც მსჯავრს იხდის, არ აღიარებს თავის ბრალეულობას და დუმს. აქედან გამომდინარე, რას უნდა დავუჯეროთ? გულწრფელი სააკაშვილი ჯერ არ გვინახავს. ვხედავთ სასოწარკვეთილს, რომელსაც ძალიან უნდა გისოსებიდან გამოსვლა და ამისთვის ყველაფრს აკეთებს.

მისმა ამ განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაყო. შესაძლებელია, რომ ეს პარტია დაიშალოს?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან ყველანაირ გამოკითხვაში მათი რეიტინგი იკლებს. მათი სიძლიერე დაფუძნებული იყო ბელადის იმიჯზე, რომელიც „არაფერს შეუშინდა“ და ჩამოვიდა. მას პრეტენზია ჰქონდა, რომ ნელსონ მანდელას დამსგავსებოდა, მაგრამ ნელსონ მანდელად ვერ ჩამოყალიბდა. დღეს მისი განცხადება, რომ ის პოლიტიკიდან მიდის, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობაში“ გაუგებრობას იწვევს. ამ პარტიის თითოეული ნაბიჯი პოლიტიკაში მის ნარატივზე იყო დაფუძნებული. ამ ფაქტორის გარეშე, ეს პარტიის მიმართ ღალატი იქნება. ამ ღალატს როგორ გაუძლებს „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, რთული სათქმელია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. ყველა ბოლო არჩევნებზე ნორმალური შედეგების მიუხედავად, არანაირი ინტერესი ამ არჩევნების შედეგების გამოყენების არ გვინახავს. მთელი მათი დედამიზანი მიმართული იყო ქვეყნის აყირავებისკენ და ბელადის დაბრუნებაზე. როდესაც ბელადი ტოვებს ბრძოლის ველს, ამ პარტიის მომავალზე რა შეიძლება ვთქვათ, ყველაფერი ნათელია.

ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება მოგვევლინოს მათ ლიდერად?

- თამაშიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადგილი ონლაინ რეჟმში, შესაძლოა, დავით არახამიამ დაიკავოს, რომელიც ცდილობს ბელადის პასიურობა გააბათილოს თავისი აქტიურობით. ბოლო დროს, არახამია საქართველოს ამბებით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნით. გამორიცხული არაა, არახამიასგან შექმნან პარტიის ახალი ლიდერის იმიჯი. მერა რა, რომ უცხოეთის მოქალაქეა, სააკაშვილიც უცხოეთის მოქალაქეა, მაგრამ წლების განმავლობაში ხელს არ უშლიდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ყოფილიყო.

ჯარჯი მოაზროვნე ექსპერტი!!!
2 წლის უკან