„სააკაშვილი ციხეში თუ დარჩება, მისი ბრმა ამომრჩეველი შეიძლება საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე და ეს „ნაცმოძრაობისთვის“ დიდი დარტყმა იქნება“ 

„სააკაშვილი ციხეში თუ დარჩება, მისი ბრმა ამომრჩეველი შეიძლება საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე და ეს „ნაცმოძრაობისთვის“ დიდი დარტყმა იქნება“ 

„ქართულმა ოცნებამ“ საჭიროდ ჩათვალა ისეთი ჯგუფის ფორმირება, რომელიც ელექტორატის ამ კატეგორიაზე იმუშავებს როგორიცაა „ალტ-ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ და პრორუსული მიმართულების ამომრჩეველი. რამდენად გამოუვათ, სხვა თემაა, მაგრამ ჩანაფიქრი ეს არის, -  განაცხადა ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში. 

როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნებიდანწასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან?

- პარტიას, ალბათ, შექმნიან, თუმცა ეს დამოკიდებულია იქნება იმაზე, კონსტიტუციაში შევა თუ არა ცვლილებები. თუ ბარიერმა დაიწია, მაშინ ეს პარტია შეიქმნება, თუ არ დაიწია, შეიძლება პარტიად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა. პარტიად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ის ვერ წაართმევს ხმებს „ქართულ ოცნებას“, თუმცა, იმ ამომრჩეველზე იმუშავებენ, ვინც არის „ალტ-ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ და პრორუსული მიმართულების ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა, მაგრამ არსებულ ოპოზიციურ ფლანგზე, ჯერჯერობით არ გადანაწილებულა. „ქართულმა ოცნებამ“ საჭიროდ ჩათვალა ისეთი ჯგუფის ფორმირება, რომელიც ელექტორატის ამ კატეგორიაზე იმუშავებს. რამდენად გამოუვათ, სხვა თემაა, მაგრამ ჩანაფიქრი ეს არის. 

თქვენი აზრით, პარტიის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა ის გახდეს მესამე, ალტერნატიული ძალა 2024 წლისთვის?

- ეს გამორიცხულია, არანაირი მესამე, ალტერნატიული ძალა ეს არ იქნება, არამედ ჩვეულებრივ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია იქნება. 

რადგან მესამე ძალის ფორმირების საკითხს შევეხეთ, როგორ ფიქრობთ, ქართული პოლიტიკიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკილის წასვლის შემთხვევაში, რა ძვრებს უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ფლანგზე? რამდენად არის შესაძლებელი, ვიხილოთ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება?

- სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა საკმაოდ საეჭვოა. განცხადება შეიძლება ხვალაც გააკეთოს, რომ მიდის პოლიტიკიდან, აქ საუბარი იქნება ამ განცხადების აღქმაზე ელექტორალური თვალსაზრისით. ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ღრმად მორწმუნეა, ჩათვლის, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდა? ამასთან, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის გარკვეული ბრძოლა ელექტორალური თვალსაზრისითაც და ასევე იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება სააკაშვილის პოლიტიკური შემცვლელი. 

ამას, ალბათ, შემოდგომიდან მოჰყვება გარკვეული დიფერენცირება პოლიტიკაში, ამ დროის განმავლობაში ისიც გაირკვევა, სააკაშვილის მიდის თუ რჩება ციხეში. შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, გადაჯგუფება მოხდება. ორი ჯგუფი ჩამოყალიბდება: ერთი, რომელიც თვლის, რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ პარტიას შეუძლია, სააკაშვილის გარეშეც, ჰყავდეს ელექტორატი. მეორე ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ბრმად მორწმუნე იქნება და მუდმივად ილაპარაკებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო სააკაშვილის დახსნა მარწუხებიდან და ა.შ. 

ეს გარემო თეორიულ შანსს ქმნის, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება. თუმცა, აქ კიდევ ერთი პრობლემა აქვს ოპოზიციას - ლიდერების პრობლემა. დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ძალიან დაბინძურებულია არც თუ ისე მიმზიდველი ლიდერებით, ელექტორალური თვალსაზრისით. ოპოზიცია რომ შეიკრას, მას სჭირდება არა მარტო ასეთი გარემოს შექმნა, არამედ ამ ლიდერების კულისებში გაყვანა.

კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ბევრია ასეთი, ვისი რეიტინგები ნულის ტოლია, ან მათზე საზოგადოებრივი აზრი უკვე ჩამოყალიბებულია და ა.შ. ვგულისხმობ ძველ პოლიტიკურ ლიდერებს. ახლები უნდა გამოჩნდნენ. ოპიზიციური ფიგურები ოპოზიციამ უნდა გაუშვას გვერდზე. უცებ ყველა შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელმაც პატიოსნად მოიხადა სასჯელი, პოლიტიკურად დამაზიანებელია, მაგრამ რატომ წავიდა მხოლოდ მერაბიშვილი და არა სხვები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს ჩემთვის გაუგებარია. პოლიტიკური ელიტა უნდა გადახალისდეს, თუ ამას შეძლებენ, შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, თუმცა, ჯერჯერობით, ამის შესაძლებლობა არ ჩანს. 

ოპოზიცია ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ დაიწყებენ საპროტესტო აქციას და გაზაფხულისთვის ხელისუფლებას ან არჩევნებს დაანიშნინებენ, ან საერთოდ გაუშვებენ ხელისუფლებიდან. ამას 10 წელია ცდილობენ და ვერ გააკეთეს, არც ახლა გამოუვათ, მაგრამ თუ მიხვდებიან ამას და სხვაგვარად დაგეგმავენ თავიანთ საქმიანობას, უკეთესი იქნება.

ქართული ოცნებისთვისრას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლა

- სააკაშვილს ხელისუფლება გაუშვებს მაშინ, თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე სერიოზულად დაემუქრება. თუ ფატალური შედეგისკენ მიდის მისი ჯანმრთელობა, მაშინ ხელისუფლებას ურჩევნია, რომ ის გაუშვას საზღვარგარეთ, ვიდრე დატოვოს ციხეში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია აქვს მისი ჯანმრთელობის შესახებ. 

ხელისუფლებას 2024 წლამდე სააკაშვილი აქ უფრო სჭირდება ციხეში, ვიდრე საზღვარგარეთ. თუ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, დარჩება ციხეში და „ქართული ოცნება“ მას ისევ გამოიყენებს 2024 წლის არჩევნებისთვის. ისეთი რეალობა იქმნება, რომ სააკაშვილი ამის საშუალებას მისცემს. თუ ის დარჩება ციხეში, მისი ამომრჩეველი, ბრმა ამომრჩეველს რასაც ვეძახი, შეიძლება საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე და ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დიდი დარტყმა იქნება.