უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, შესაძლოა, მსოფლიოში ახალი დაპირისპირების წერტილი ტაივანი გახდეს. ბოლო ორი დღეა ვაშინგტონსა და ჩინეთს შორის სიტუაცია კრიტიკულია. კონგრესმენის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთსა და ამერიკას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და ამერიკის მხრიდან ამ დონის მაღალჩინოსნის ვიზიტი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა. როგორ შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორი მოვლენები განვითარდეს და რა ნაბიჯით შეიძლება ჩინეთმა ამერიკას უპასუხოს? ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს.
რა სახის გზავნილი იყო ამერიკის მხრიდან ჩინეთისთვის კონგრესმენის ტაივანში ჩასვლა და ხომ არ გამოიწვევს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობების დაძაბვას?
- ნენსი პელოსის ვიზიტი იმის განაცხადია, რომ ამერიკას ამ რეგიონში ინტერესები აქვს და ამერიკა მზად არის ტაივანს გვერდით დაუდგეს. მიუხედავად იმისა, რომ პელოსის ვიზიტი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერილი და მოწონებული არ იყო, ეს ქალბატონი ქვეყანაში მესამე პირია და ის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს.
რაც შეეხება ჩინეთის მუქარას და იმ დაძაბულობას, რაც პელოსის ვიზიტს მოჰყვა, როგორ ფიქრობთ, ჩინეთის მხრიდან რა სახის ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას?
- მსგავსი დაძაბულობა 90-იან წლებშიც იყო, როცა ტაივანის პრეზიდენტი ამერიკაში ჩავიდა. მიუხედავად ჩინეთის ძალიან დიდი ეკონომიკური შესაძლებლობისა, არა აქვს იმ დონის სამხედრო შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალებით ტაივანში სადესანტო დანაყოფი გადასვას. ეს სცენარები ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ტაივანის დასავლეთ ნაწილი, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება, საკმაოდ მიუდგომელია. დესანტის გადასმა მხოლოდ ტაივანის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არის შესაძლებელი. ტაივანმა ეს კარგად იცის და ჩინელების დასახვედრად მზად არიან. ამ მისასვლელების კარგად გამაგრება შეუძლიათ. რაც შეეხება ამერიკასთან დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ესეც გამორიცხულია.
ჩინეთს არა აქვს იმ დონის სამხედრო რესურსი, რომ ამერიკის წინააღმდეგ ასეთ წარმოუდგენელ სამხედრო კონფრონტაციაში შევიდეს. ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 200 მილიარდია, ამერიკის კი 700 მილიარდი. ამერიკას სამჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს. ჩინეთს ტაივანზე საზღვაო ოპერაციის განხორციელება და მისი ოკუპაცია სადღაც 10 წელში შეეძლება. ჩინეთიდან , რა თქმა უნდა, მუქარა და განცხადებები იქნება. წვრთნებიც - თავისთავად, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ახლა ჩინეთმა ტაივანზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღოს. არ არის ჩინეთის ხელისუფლება ასეთი უგუნური, რომ გააკეთოს ის, რაც იცის, რომ არ გამოუვა.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, როგორ ვითარდება სიტუაცია ფორნტის ხაზზე და ვის მხარეს არის ახლა უპირატესობა? არის ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამხრეთით ჯარის მობილიზებას ახდენს, რა ხდება რას ნიშნავს რუსეთის აქტიურობა?
- რუსების ქმედება იმის თქმის ვარაუდს იძლევა, რომ ისინი ომის მესამე ფაზისთვის ემზადებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს დაპირისპირება განსხვავებულ სახეს მიიღებს. ვინაიდან რუსეთი დონბასის მიმართულებაზე გაიჭედა და შეფერხდა, მათ გარკვეული გადაჯგუფება დაიწყეს. რაც შეეხება ხერსონის მიმართულებას, აქ უკრაინელებმა გააჟღერეს, რომ შეტევაზე გადასვლას აპირებდნენ, ამან კი რუსული სამხედრო დანაყოფების გადანაწილება გამოიწვია. ხერსონის მიმართულებაზე ზაპროჟიეს რაიონიდან ძალების გადაყვანა ხდება. მესმის უკრაინელების მხრიდან პოლიტიკურად ამის გაცხადება საჭირო იყო, რომ ჯარისკაცების საბრძოლო სულის ამაღლება მომხდარიყო, მაგრამ ეს სამხედროებს ხელს უშლის, რადგან გარკვეული მანევრის სივრცე ეზღუდებათ. მოსახლეობაში ზედმეტი მოლოდინები ჩნდება.
რა აქვს ახლა რუსეთს სამიზნედ ამოღებული და როგორ ფიქრობთ შესაძლოა თუ არა ომის მესამე ფაზა იყოს დონეცკისთვის ბრძოლა?
- რუსების სამიზნე ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ამას როგორ განახორციელებენ, რთული სათქმელია. მე მაინც მგონია, რომ რუსეთი თავდაცვას გააძლიერებს ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, რომ დაიცვას მის მიერ დაკავებული ტერიტორიები და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდება, რომ პოლიტიკურად ივაჭროს. რუსეთს ახლა ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასვლა ძალიან უჭირს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ რჩება. რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ბელარუსი ომში ჩაერთვება და რუსებთან ერთად კიევზე შეტევას ერთობლივი ძალებით დაიწყებენ?
- ბელარუსიის ტერიტორიას რუსები ომის დაწყებიდან საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებისთვის იყენებდნენ. თუმცა ლუკაშენკო თავს საკმაოდ კარგად არიდებს, რომ ამ ომში არ ჩერთოს. ბელარუსის ჯარების ჩართვა, თუნდაც კიევზე შეტევისთვის, რუსეთს დიდს მაინც არაფერს მისცემს. ბელარუსს ის ძალა არ გააჩნია, რომელიც ომში გარდატეხის შეტანას შეძლებს. თუმცა უკრაინის მნიშვნელოვანი ძალების მიზიდვას ბელარუსის საზღვრებთან რუსები ახერხებენ. იქ მიმდინარეობს წვრთნები, რის გამოც უკრაინა ამ საფრთხის გამო გარკვეულ ძალებს იქ აჩერებს. რა თქმა უნდა, თუკი ბელარუსი და რუსეთი კიევზე გაერთიანებული ძალებით შეტევას გადაწყვეტენ, უკრაინის სამხედრო ძალების გარკვეული რაოდენობის გადასხმა დედაქალაქის მიმართულებით მოხდება. თუმცა ლუკაშენკოსთვის, თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნამდვილად მისი მმართველობის დასასრული იქნება.