„არ ველოდები, რომ „ყირიმ-კონგოს“ ვირუსი საგანგაშო ხასიათს მიიღებს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იქნება იმაზე, ვირუსი რამდენად იცვლის სახეს“

„არ ველოდები, რომ „ყირიმ-კონგოს“ ვირუსი საგანგაშო ხასიათს მიიღებს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იქნება იმაზე, ვირუსი რამდენად იცვლის სახეს“

ბოლო 7 თვის სტატისტიკით, საქართველოში „ყირიმ-კონგოს“ 42 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გარდაიცვალა 2 პაციენტი. სპეციალისტების შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში „ყირიმ-კონგოს“ შემთხვევები მომატებულია. შესაბამისად, მედიკოსთა ნაწილი საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ ან ატარონ სამედიცინო პირბადე. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეციალისტების ნაწილი ამ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის საგრძნობლად მომატებას ნაკლებად ელოდებიან, რადგან „ყირიმ-კონგოს“ გადამდებლობა ნაკლები აქვს. 

„ყირიმ-კონგო“ ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან ვრცელდება. დღეის მდგომარეობით, პაციენტები „ყირიმ-კონგოს“ დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში, ძირითადად სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან არიან გადმოყვანილები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ყირიმ-კონგო“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი.

პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრისას ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ იმ ენდემურ ზონებში, სადაც „ყირიმ-კონგოა“ გავრცელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.

„მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მუშაკები კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულები დაავადების ადრეულ სიმპტომებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ექიმი და ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კონტროლი იყოს აეროპორტებში, რომ ქვეყანაში ვირუსის შესაძლო შემოტანის პრევენცია მოხდეს. ამასთან, სპეციალისტი საზოგადოებას პირბადის ტარებას ურჩევს დახურულ შენობებში.

„ნებისმიერ ვირუსულ ინფექციაზე გარდაცვალების რისკი არსებობს, სამწუხაროდ. მოგეხსენებათ, გრიპის დროსაც რამდენი გარდაცვლილია ხოლმე. აშშ-ში 500 ათასს აღწევს ხოლმე, უბრალოდ, გრიპით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების შემთხვევები. ძალიან შემოგვეჩვია ეს ვირუსები, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სიფრთხილით უნდა იმუშაონ აეროპორტში, გარედან ინფექციის შესაძლო შემოტანის პრევენციისთვის.

ადრინდელივით ჯარიმების და რეგულაციების მომხრე არ ვარ, მაგრამ მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ერიდოს თავშეყრის ადგილებს, მით უმეტეს, როდესაც დახურულ სივრცეში ხდება შეკრებები. გამოიყენონ პირაბდე ლიფტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და ა.შ. ვირუსი იმით არის ცუდი, რომ მის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული წამალი ვერ გამოიგონეს. 

პანიკა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ამ ვირუსზე არ ველოდები, რომ რაიმე საგანგაშო ხასიათს მიიღებს, რადგან რაოდენობა ნელა პროგრესირებს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს დამოკიდებულია იქნება იმაზე, ვირუსი რამდენად იცვლის სახეს. თავიდან ძალიან ნელა მიმდინარეობს ხოლმე პასაჟირების პროცესი და რაც უფრო მეტი იქნება გადამდებლობა, უფრო მეტი საშიშროება შეიქმნება, რომ ვირუსი გაძლიერდეს. დრო უნდა, რომ გარკვეული ნიშნები და თვისებები გამოავლინოს და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, პროგნოზის გაკეთება, ჯერ ადრეა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე საზოგადოებას ურჩევს, ამ პერიოდში განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინონ და „ყირიმ-კონგოს“ დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

„ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს და ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ, რომლებმაც შეიძლება ცხოველებს ტკიპა მოაცილონ და გაჭყლიტონ. ასეთი შემთხვევები ხშირი გვაქვს და ამ შემთხვევაში ხდება ამ საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექციის გადაცემა. თუკი ასეთი შემთხვევა იყო და ცხელება, ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს, რომ დროულად მოხდეს დაინფიცირებულის დიაგნოსტირება“, - აღნიშნა ენდელაძემ.