შესაძლოა თუ არა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგეს? - ვაშინგტონსა და პეკინს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ამერიკა გააფრთხილა კონგრესმენი ტაივანში არ ჩასულიყო, შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში მაინც ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გაააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.
უკრაინის შემდეგ, მსოფლიო რუკაზე შესაძლოა ახალი ცხელი წერტილი ტაივანი გახდეს. ოფიციალურ პეკინსა და ტაიბეის შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ჩინეთმა ტაივანის მოსაზღვრე პროვინციაში სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო, ჩინური გამანადგურებლები კი ჰაერში არიან აწეული. სამხედროების გადასროლის პარალელურად, პეკინმა სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე - სანაპირო ზოლზე დამსვენებლებთან ერთად ახლა მძიმე ტექნიკა გადაადგილდება. ტაივანთან ახლოს ჩინეთმა განალაგა „დიეფ 16“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც, რომელთა ფრენის სიშორე ათას კილომეტრს აღწევს. დროს არ კარგავს ტაივანიც, რომელზეც ტერიტორიულ პრეტენზიებს ჩინეთი ჯერ კიდევ 1949 წლიდან აცხადებს. ოფიციალურმა ტაიბეიმ თავშესაფრების მოწყობა დაიწყო, ქვეყანაში კი განგაშის მეორე დონეა გამოცხადებული.
კიდევ ერთი სერიოზული კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად პეკინსა და ვაშინგტონს შორის რამდენიმე სატელეფონო ზარი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ტაივანს ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, ჯო ბაიდენმა თავის ჩინელ კოლეგას მოუწოდა, თავი შეიკავოს კუნძულის სტატუსის ძალადობრივი შეცვლისგან.
პალატის სპიკერი ნენსი პელოსი დელეგაციაში 40 პირთან ერთად იმყოფება. ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება პეკინი და აფრთხილებს ამერიკას, რომ პელოსის ვიზიტს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება.
ჩინეთს ორი მილიონ 35 ათასზე მეტი აქტიური სამხედრო ჰყავს, ტაივანს კი 300 ათასი. მსოფლიო სამხედროთა რეიტინგში ჩინეთი მე-3, ტაივანი კი 21-ე ადგილს იკავებს.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის საპასუხოდ ჩინეთმა შესაძლოა ბევრი ნაბიჯი გადადგას, მათ შორის ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაც კი განახორციელოს. სწორედ ამის რისკი რომ არსებობდა და ამერიკას არ სურს ჩინეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, კონგრესმენი კუნძულზე ამიტომაც ჩავიდა.
„ეს ვიზიტი არ არის პროვოკაცია, ეს არის პრევენციის მცდელობა, რამდენად წარმატებული იქნება, ამას ვნახავთ. ამერიკას უნდა, რომ ჩინეთს ტაივანზე თავდასხმის საშუალება არ მისცეს. ჩინეთი რომ ემზადებოდა ამ ნაბიჯებისთვის და ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლიდა, ეს ყველასთვის ცხადი იყო. ამერიკა ცდილობს ჩინეთს კონგრესმენის ვიზიტით უთხრას, რომ არსებობს რაღაცა წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთაც არასასურველია, მაგრამ შედეგს რამდენად მოიტანს ეს ნაბიჯი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.
რაც შეეხება ახალი ომის დაწყების საფრთხეს, ამერიკასა და ჩინეთს შორის, რა თქმა უნდა, ეს თუ მოხდა, ძალიან დიდი კატასტროფა იქნება. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ჩინეთს რუსეთისგან განსხვავებით ძალიან გონიერი ხელისუფლება და მმართველი ჰყავს. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი იმოქმედებენ ემოციით და არ იაზრებდნენ ამას რა შეიძლება მოჰყვეს. აქამდე ეს ხელისუფლება აზროვნებდა სტრატეგიულად და არა ემოციურად. პუტინისგან განსხავვებით, ჩინეთის ხელისუფლების ქმედება უფრო შორსმჭვრეტელი სტრატეგიით არის განპირობებული. ამ კონტექსტში მათ ყველაზე კარგად ესმით ამერიკასთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირება რას ნიშნავს და რას მოიტანს“, - აცხადებს ფხალაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ამერიკას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას ნამდვილად გეგმავდა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამერიკამ წინმსწრები ღონისძიება განახორციელა და ჩინეთს აჩვენა, რომ ყველაფერი დიპლომატიის ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს და მოლაპარაკებას წინ არაფერი უდგას.
„შესაძლოა, ამერიკის გადაწყვეტილება და კონგრესმენის ტაივანში ვიზიტი ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყოს და პროვოკაციადაც კი შეფასდეს, მაგრამ ამერიკას იარაღი არ გამოუყენებია და სამშვიდობო ვიზიტით ჩავიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, რომ დიპლომატიური გზები მოინახოს და ეს კრიზისი განიმუხტოს. ძალიან უცნაურია, როცა ჩინეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ კონგრესმენის ვერტმფრენი უნდა ჩამოვაგდოთო. ჩინელები უგონო ხალხი არ არაა და ძალიან კარგად ხვდებიან ამას რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს. აშკარად გამოჩნდა, რომ ჩინეთი არ არის მზად არსებულ გამოწვევას მშვიდობიანად უპასუხოს. მათი მხრიდნ სამხედრო ძალის მობილიზება და მუქარა სწორედ ამის მაჩვენებელია. მგონი ამერიკამ კარგი ქცევა განახორციელა და აჩვენა, რომ შესაძლოა, პრობლემის სისხლისღვრის გარეშე მოგვარება მოხდეს. ჩინეთმა კარგად უნდა გათვალოს, რომ მისი პასუხიც დიპლომატიური იყოს და პოლიტიკის ნორმებს არ გასცდეს. სწორედ ეს იყო ამერიკის მხრიდან გაცემული მთავარი მესიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და არ მოხდა სამშვიდობო ვერტმფრენის ჩინეთის მხრიდან ჩამოგდება, რაც მსოფლიოს ძალიან დიდ დაპირისპირებამდე მიიყვანდა.
ამ ეტაპზე სიტუაცია მართალია დაძაბულია, მაგრამ რაღაცა დონეზე მაინც, ტემპერატურამ ცოტა დაიწი. მგონია, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გარკვეული შეთანმხება არსებობდა. ალბათ, ამერიკამ უთხრა, რომ კონგრესმენი გაფრენას მაინც აპირებდა და მათ რაც უნდა ის ექნათ. არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი ისეთი უგონო ხელისუფლების ხელშია, ამხელა ავანტურაზე წავიდეს და ამერიკას სროლა დაუწყოს. ამიტომ ომს არ ველი, მაგრამ ჩინეთის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგმული მაინც იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.