კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სასაზღვრო ქალაქ მიტროვიცაში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. ადგილზე კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ და ისმოდა სროლის ხმაც.
არეულობა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, 1 აგვისტოდან კოსოვოში სერბეთის მიერ გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტებითა და სანომრე ნიშნებით გადაადგილება უნდა აკრძალულიყო.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს ხელისუფლებას მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა და აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაიმუქრა. მას შემდეგ, რაც პრიშტინას ამერიკის ელჩმა მიმართა, კოსოვოს ხელისუფლებამ რეგულაციები ერთი თვით გადადო.
საგარეო ურთიერთობის საკითხებში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, რათა დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდეს.
„სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, რათა დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდეს. ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა გაეროს მანდატით არსებულ ნატოს კონტიგენტს შეუძლია. მათ შეუძლიათ დაშორების სპეცოპერაცია განახორციელონ. რაც შეეხება, კოსოვოს მთავრობის განცხადებებს, ამას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ხოლო სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა და არ მგონია ამ გზიდან გადახვევა დაუშვას“, - განუცხადა კახა გოგოლაშვილმა for.ge-ს.
კითხვაზე, თუ კონფლიქტი გაღრმავდა, დასავლეთს შუამავლის როლის შესრულება რამდენად გაუჭირდება, იმის ფონზე, რომ სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ხოლო კოსოვო კი ეროპის ზოგიერთ ქვეყნას აღიარებული არ ჰყავს, ანალიტიკოსი ასე პასუხობს: „როგორც სერბეთი, ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს და ასეთ ვითარებაში ხანდახან მოსალოდნელია კონფლიქტის გაღვივება. ამასთან, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში უმეტესად სერბები ცხოვრობენ და ისინი კოსოვოს ხელისუფლებას გარკვეულწილად, უხერხულობას უქმნიან. აქ არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ჯერჯერობით მოგვარებული არ არის. ალბათ, გამოსავალი სერბებისთვის ავტონომიის მიცემა არის. ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული, კოსოვოს ჩრდილოეთის სამ პროვინციას, სერბეთის შემადგნელობაში დავტოვებდი, ხოლო კოსოვოს დანარჩენი ნაწილის დამოუკიდებლობას ვაღიარებდი. შეიძლება ეს კოსოვოსთვის მიუღებელი იყოს. თავის მხრივ, შესაძლოა, არც სერბეთისთვის იყოს მისაღები და თქვან, რომ მარტო ეს სამი პროვინცია კი არა, მთლიანი კოსოვო სურთ. სამწუხაროდ, ასეთი რთულია კომპრომისების მიღწევა“.
საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვალერი ჩეჩელაშვილს კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება და მისი აღიარება შეცდომად მიაჩნია და ამას შემდეგნაირად ხსნის:
„კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება და რიგი ქვენების მიერ მისი აღიარება შეცდომად მიმაჩნია. შეცდომა იმიტომ იყო, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები გაიხლიჩა - ნაწილმა მხარი დაუჭირა, ნაწილმა არა. დემოკრატიული სერბეთის მთავრობამ, რომელმაც ჩაანაცვლა მილოშევიჩის რეჟიმი, არ იმსახურებდა იმას, რომ ძალისმიერი მეთოდებით კოსოვო მისთვის ჩამოეცილებინათ. მით უმეტეს, მონტენეგროს მაგალითი სახეზეა - კანონიერი გზით ჩატარებული რეფერენდუმით სერბეთმა მონტენეგროს დამოუკიდებლობა ცნო. ეს კონფლიქტი კი მოხდა იმის გამო, რომ კოსოვომ გამოაცხადა 1 აგვისტოდან აღარ აღიარებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კოსოვოში სერბები ცხოვრობენ, ამიტომ ვითარება რთულია. ამერიკის ადმინსტრაციამ რეკომენდაცია გაუწია კოსოვოს ხელისუფლებას, რომ ერთი თვით გადაეწიათ თავისი გადაწყეტილების ძალაში შესვლა. ახლა, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ეს პერიოდი, რათა მოიძებნოს შექმნილი კონფლიქტისგან მშიდობიანი გამოსავალი. გამოსავალი შეძლება იყოს ის, რომ სერბები, რომლებც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობენ, მიიღონ შესაბამისი გარანტიები, რომელიც დოკუმენტურად უნდა იყოს დამოწმებული“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა for.ge-თან.
მან ასევე სერბეთი-კოსოვოს კონფლიქტში საქართველოს პოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პოზიციას რაც შეეხება, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტში ჩავერიოთ. ჩვენი პრინციპული პოზიცია არის ის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ასახულია ჰელსინკის გადაწყვეტილებაში - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. შესაბამისად, ჩვენ ვუჭერთ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპს მხარს. ამ შემთხვევაში მაინც ძირითად მოთამაშე ევროკავშირი უნდა იყოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ევროკავშირს უნდა მივენდოთ. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა შევუერთდეთ იმ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ევროკავშირი მოლაპარაკების შედეგად მიაღწევს“, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აღიარა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთის პოზიცია არაფერს ნიშნავს.
„სერბეთისა და კოსოვოს დღევანდელი დაძაბულ სიტუაციაში, აფხაზეთს რა პოზიცია აქვს, ეს ყველაზე ნაკლებად საიტერესოა. ეს არ არის სერიოზული კომპონენტი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციის ფორმირებაზე“.
ცნობისთვის, 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა მიიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტი, რამაც გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთგვაროვანი შეფასება. ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს გაეროს წევრი 193-დან 111 ქვეყანა. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, ხოლო აფხაზეთმა კი მისი დამოუკიდებლობა აღიარა.