„იმ ზონაში რამდენჯერ დავრჩენილვარ, ძალიან საშიში ზონაა - იქ ან ქორია, ან არწივი, ან ორბი, შეიძლება ვერტმფრენი ქარის გამო შეეხო კლდეს, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია“

„იმ ზონაში რამდენჯერ დავრჩენილვარ, ძალიან საშიში ზონაა - იქ ან ქორია, ან არწივი, ან ორბი, შეიძლება ვერტმფრენი ქარის გამო შეეხო კლდეს, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია“

სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 „სუპერ პუმა“ 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის იყო შესყიდული საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ შსს-ს ინფორმაციით „სუპერ პუმის“ გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში - ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად. ვახტანგ გომელაურის უწყებაში განმარტავენ, რომ ვერტმფრენი „მი-8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში, რომელსაც აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „მი-8“ გაუმართავი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.

„2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 2 „მი-8“ მტვ-1 ტიპის ვერტმფრენისთვის. ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.

სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 „სუპერ პუმა“ კი 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე იყო შესყიდული. სწორედ ამიტომ „სუპერ პუმის“ გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში. ვერტმფრენი „მი-8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთანავე გომელაურის უწყება არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი. „სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე. გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. თუმცა გამოძიების დასრულებამდე ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ტრაგედია სწორედ შსს-ს დაუდევრობის გამო მოხდა და, რომ სამაშველო ოპერაციის წინ ვერტმფრენმა შესაბამისი შემოწმება არ გაიარა. მეტიც, ოპოზიცია ამბობს, რომ ვერტმფრენი მწყობრიდან იყო გამოსული, რისი მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

სამხედრო ანალიტიკოსი მამუკა ნებიერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სანამ საჯარო არ გახდება ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებები არასერიუზული და ამავე დროს უპასუხისმგებლობაა.

„რა შუაშია აქ სახელმწიფო? თუ გაუმართავი ვერტმფრენი აფრინდა, მაშინ ეს არის კონკრეტული უწყების ბრალი და ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. სახელმწიფოს რაში ადანაშაულებენ? არავითარი ახსნა ამას არ აქვს, გარდა პოლიტიკური ომისა, რომელიც დაწყებულია სახელმწიფოს და პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი მიზანია ხალხში გამოიწვიონ უკმაყოფილობა, მაგრამ ვერ გამოიწვევენ.

დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზა დაადგენს თვითონ მოძვრა ხრახნი, თუ მოძვრა კლდეზე შეხების გამო. ამიტომ არავითარი აზრი არ აქვს პოლიტიკურ დანაშაულზე საუბარს. თუ კუდის ხრახნი შეეხო კლდეს, მაშინ სულ სხვა სახის დაზიანება ექნება და აქიდან მარტივად დაადგენს გამოძიება რა გახდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

იმ შემთხვევაში, თუ თავისით მოძვრა ხრახნი, მაშინ ეს არის ტექნიკური გაუმართაობა. ძალიან გამოცდილი მფრინავი იყო ლორია და მისი მხრიდან შეცდომა გამორიცხულია. იმ ზონაში რამდენჯერ დავრჩენილვარ, ძალიან საშიში ზონაა. როგორც წესი, იქ ან ქორია, ან არწივი, ან ორბი. შეიძლება ქარის გამო შეეხო კლდეს, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ დავით კუხალაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნამდე ყოველგვარი შეფასებები არის პოლიტიკური სპეკულაციები. რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, მისი თქმით, ამ შემთხვევაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის მიზანმიმართული დივერსიისაც.

„შეიძლება, კონკრეტულ ჯგუფს, ან კონკრეტულ პირს, რომელსაც გარკვეული შეღწევადობა ჰქონდა ვერტმფრენთან, ან ზოგადად იმ ტერიტორიასთან, მიზანამიმართულად გამოიყვანა მწყობრიდან ეს საშუალება, რომლის გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ მაინც ექსპერტის დასკვნას უნდა დაველოდოთ. რა ინფორმაციებიც გავრცელდა და ის სამუშაო სივრცე, რომელშიც მოუწიათ მფრინავებს მუშაობა, ვფიქრობ, რომ გარკვეული საფრთხის შემცველი იყო.

როგორც ღია წყაროებში აჩვენეს, მფრინავი აჩვენებდა კრიზისულ სიტუაციას ამ სივრცეში მოხვედრასთან დაკავშირებით. რაღაცა ისეთი მოხდა, რომ წამებმა გადაწყვიტა ყველაფერი. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს მაღალი რისკის ზონასთან საქმე. მე არ ვიცი, შესწავლილია თუ არა ის ადგილი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, რამდენად უსაფრთხო იყო ვერტმფრენის ამ მიმართულებით გაფრენა. ყველაფერს საბოლოოდ მაინც დაადგენს გამოძება“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გაუმართავობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს ჩატარებული აქვს გეგმიური კონტროლი.

„ყველაფერი დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც, ალბათ, იმ ადგილსაც შეისწავლის და იტყვის რამდენად სწორი იყო იმ ტერიტიტორაზე ამ ვერტმფრენის გაგზავნა, რომ დაეძლია ის პრობლემა, რაც მის წინაშე იდგა. მაგრამ დაველოდოთ ექსპერტიზას. ჯერჯერობით პოლიტიკური სპეკულაციებია, მათ შორის ყველაზე ცუდი არის ის დამოკიდებულება, რომ მაღალ ალბათობასაც კი არ კადრულობენ ე.წ. ექსპერტები, როდესაც რაიმე დასკვნას აკეთებენ. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მცდარია ზეპირი დასკვნის გაკეთება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.