აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აზიაში ტურს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, პელოსის დელეგაცია ტაივანს არ ეწვევა. თუმცა, მედია ვარაუდობდა, რომ აზიაში ვიზიტის ფარგლებში, ის ტაივანსაც ეწვეოდა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების ტაივანთან გახშირებული კონტაქტი პეკინის გაღიზიანებას იწვევს. პელოსი ტაივანში ჩასვლას აპრილში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსი დაუდასტურდა და ვიზიტი ჩაიშალა. მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა.
ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც ქვეყნის ნაწილი უნდა გახდეს. პეკინი ამის მისაღწევად, მომავალში, ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. ჩინეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობაც გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ამერიკა ჩინეთს ჯერ კიდევ მაისში დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება, აშშ მზადაა სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად. ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს არის ვალდებულება, რომელიც აშშ-მა აიღო. თავის მხრივ, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით.
28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის დისკუსია ვრცლად შეეხო ტაივანის საკითხს.
„თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს“, - მიმართა სი ძინპინმა ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.
ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებაში უკვე ჩაერთო რუსეთი, რომელიც ჩინეთს ფარულად ისევ ეფლირტავება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი იზიარებს ოფიციალური პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.
„ტაივანთან დაკავშირებით რუსეთს მკაფიო პოზიცია აქვს და ის სრულიად ემთხვევა ოფიციალური პეკინის პოლიტიკას. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ერთი ჩინეთის არსებობის შესახებ უცვლელი რჩება. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩინეთის მხრიდან საკუთარი სუვერენიტეტის პრინციპის დაცვასთან“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ანალიტიკოსების განცხადებით, ტაივანი არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაიკავებს ტაივანს, ეს ნიშნავს ჩინეთის ხელისუფლებაში სი ძინპინის და ზოგადად, ჩინური იმპერიული ძალების გაძლიერებას. ამავე დროს, ტაივანი არის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოებებით, ის არის მსოფლიოს მიკროსქემების წამყვანი მწარმოებელი. გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გეოპოლიტიკურად ტაივანის კონტროლი მთლიანად ცვლის ძალთა განლაგების ლანდშაფტს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ასევე უკრაინა-რუსეთის ომში შეიტანას კორექტირებას.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ უკრაინის ომმა, ფაქტობრივად, გამოიწვია ჩინეთის თავდაცვითი პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება და კიდევ უფრო ხისტ დონეზე აყვანა, რასაც, მისი თქმით, თავისი მიზეზები აქვს - ამ ომმა, ფაქტობრივად, დაამსახვრია მსოფლიო წესრიგის სამპოლუსიანი წესრიგის მოდელი.
„ფაქტობრივად, რუსეთმა წარმოაჩინა სისუსტე. ჩინეთმა ნახა, რომ მას უნდა გაეძლიერებინა თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი. ამავე დროს, რუსეთის შესუსტების ფონზე ჩინეთის პოლიტიკური სტატუსის გაძლიერება უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის დაცულობას. ჩინეთისთვის ძალიან სენსიტიურია ტაივანის თემა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაივანმა პრობლემა გადაწყვიტა იმით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ადგილი დაუთმო გაეროს უშიშროების საბჭოში, ფაქტობრივად, ჩაენაცვლა საერთაშორისო დონეზე. თითქოს ჩინეთისთვის ტაივანის პრობლემა არადინამური უნდა ყოფილიყო და აი, ამ ფონზე ჩინეთი უკვე სულ სხვა კონტექსტში იხილავს ტაივანის თემას“, - აცხადებს მაისაია.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, საერთაშორისო დონეზე ტაივანის ნებისმიერი წარმოჩენა, მისი ინტერნაციონალური დონის გაზრდა და მისი სუვერენიტეტის პირობების კიდევ უფრო გაძლიერება, ჩინეთისათვის მტკივნეული გარემოება გახდება. აქედან გამომდინარე, მაისაია თვლის, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა შეიძლება სერიოზული სამხედრო დაპირისპირების მიზეზი გახდეს ჩინეთსა და ამერიკას შორის.
„ეს უკვე ჩინეთისთვის არის ისეთი საკითხი, რომელიც ნიშნავს ჩინეთის სუვერენიტეტის შებღალვას. ჰიპოტეტურად რომ ვთქვათ, როგორც ჩვენთვის არის მტკივნეული ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერი ოფიციალური დელეგაციის ჩასვლა, ასევე არის ჩინეთისთვის. იმედია, ბაიდენის ადმინისტრაცია იქამდე არ მიიყვანს საქმეს, რომ ჩინეთმა გამოიყენოს სამხედრო ძალა, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა არ იყოს შებღალული.
კონგრესის სპიკერის ჩასვლა საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, თუნდაც ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კუთხით. ჩინეთისთვის ტაივანის პრობლემა არის საკმაოდ მტკივნეული, როგორც ნებისმიერი იმ ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ოდესმე შეიბღალა. ეს მარტო ჩინეთს არ ეხება, ეხება საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, ეს საკითხი მტკივნეულია ევროპის ბევრი სახელმწიფოსათვის.
ამიტომ, იმედია, ომამდე არ მივა საქმე. ჩინეთი უკვე ის ჩინეთი არ არის, მისი როლი და სტატუსი შეიცვალა. უკრაინის ომმა შეცვალა ჩინეთის ამბიცები და სტატუს-კვო. რეალურად, რუსეთი ჩამოსცილდა მსოფლიო წესრიგის სადავეებს და მსოფლიო წესრიგი დღეს რეალურად ხორციელდება ჩინეთსა და აშშ-ის ხარჯზე. ამ ეტაპზე დიპოლარული მსოფლიო წესრიგი გვაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ ამერიკის მიზანი ნელ-ნელა გამოჩნდება. მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და შესაბამისად, ტაივანში ერთი ვიზიტის გამო არ შეეცდება მკვეთრად შეცვალოს ვითრება. რაც შეეხება ამ დაპირისპირებაში რუსეთის როლს, როგორც შარაშენიძე აცხადებს, ჩინეთი ფარულად აგრძელებს რუსეთის დახმარებას და ამიტომ არ ფიქრობს, რომ ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებამ რამე შეცვალოს რუსეთ-უკრაინის მიმართულებით.
„ჩინეთი ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ძალიან პრაგმატულად. ასე უცებ ტაივანში ერთი ვიზიტის გამო არა მგონია ძალიან გადაირიოს და მკვეთრად შეცვალოს ვითარება, ალბათ, დიპლომატიურ დონეზე მოჰყვება ჟესტი - შეიძლება ელჩი გამოიწვიოს ამერიკიდან. ასე მარტივად არ მგონია, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა გამწვავდეს. გაბრაზების გამო თავი დაიზიანონ - ასე არ იზამენ ჩინელები. ყველა ვარიანტში პროტესტის ჟესტი სიმბოლურად იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, მსოფლიოში არის გეოპოლიტიკური დაძაბულობის სამკუთხედი. პირველი -ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის აღმოსავლეთ ევროპაში და ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ომი უკრაინაში. მეორე - ისრაელი-ირანის დაპირისპირება, რომელიც, მისი თქმით, მით უფრო მწვავდება, რაც უფრო უახლოვდება ირანი ატომური იარაღის შექმნას.
„თავისი მასშტაბით ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია კონფლიქტური სიტუაცია მსოფლიოს ორ გიგანტს - ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტაივანის გარშემო. ამ ფონზე განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქალბატონი ნენსი პელოსის სრულიად ირაციონალური განზრახვა ოფიციალური ვიზიტით მოინახულოს ტაივანი. ქალაბატონი ნენსი პელოსის თვითმფრინავი დაეშვა ჰავაიში და მთელი მსოფლიო, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, დაძაბული ელოდება - გაფრინდება თუ არა ის ტაივანისკენ.
ჩინეთის ხელისუფლება ამ ვიზიტს განიხილავს როგორც შეჭრას სუვერენულ ტერიტორიაზე და იმუქრება, რომ მიიღებს ადეკვატურ ზომებს, რისთვისაც მიმდინარეობს ჩინური სამხედრო ძალების გადასროლა ტაივანის მიმართულებით, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული საბრძოლო წვრთნები გადაკეტილია ტაივანის სრუტეში. ჩინეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა ბაიდენი 28 ივლისს 2-საათიანი საუბრისას, რომ ის ეთამაშება ცეცხლს და არავითარ შემთხვევაში ჩინეთი არ დაუშვებს ქალბატონი პელოსის ვიზიტს ტაივანში. შეგახსენებთ, რომ ტაივანში ასეთი დონის სახელმწიფო მოხელე არასოდეს არ ჩასულა აშშ-დან, ვინაიდან აშშ მხარს უჭერს ტაივანს, მაგრამ ფორმალურად ის ცნობს ერთიან ჩინეთს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, სრულიად გაუგებარია პელოსის მოქმედების მიზნები - თუ ის ჩავა ტაივანში, გამოიწვევს მინიმუმ უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობას ჩინეთთან, სამხედრო კონფლიქტის რეალური პერსპექტივით, რაც აშშ-სთვის ნიშნავს ორ ფრონტზე ბრძოლას მსოფლიოს ორ ატომურ სახელმწიფოსთან - რუსეთთან და ჩინეთთან.
„თუ არ ჩავა, ეს იქნება აშშ-ს დამცირება მთელი მსოფლიოს წინაშე, ისეთივე, როგორც ავღანეთიდან გამოქცევა გახლდათ. ფაქტობრივად, ამ უგუნური მოქმედებით ამერიკელმა დემოკრატებმა და მათმა ლიდერმა, ნენსი პელოსმა წინასწარ წაგებული პარტია ითამაშეს თავისი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, ეს მოქმედება შიდაპოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. ბაიდენი ქმედუუნაროა, მას ხელახლა „დაუდასტურდა“ კოვიდი, ჰანტერ ბაიდენის ახალ-ახალი სკანდალური ვიდეოები ქვეყნდება, შტატებში მძვინვარებს ინფლაცია, უკრაინაში მოვლენები არ ვითარდება აშშ-სთვის სასურველი მიმართულებით. ბაიდენის შეცვლა ვერ ხერხდება კამალა ჰარისით ამ უკანასკნელის პრეზიდენტის პოსტისთვის სრული შეუსაბამობის გამო. შესაძლებელია, რომ ასეთი „შეუდრეკელი ნების“ ჩვენება ყურადღების გადასატანადაც დაიგეგმა, თუმცა არ მგონია, რომ ამისგან რამე სიკეთე გამოვიდეს. სავარაუდოდ, პელოსი არ ჩავა ტაივანში და ეს ისტორია მძიმედ დააზიანებს ამერიკულ ჰეგემონიას.
რაც შეეხება თქვენს კითხვას - ესკალაციის შემთხვევაში ბევრი რამ შეიცვლება უკრაინაში და მსოფლიოშიც, თუმცა, როგორც ვთქვი, საეჭვოა, რომ ვიზიტი შედგეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.