აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი. შესაბამისი დოკუმენტი სენატის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ანალოგიური რეზოლუცია წარდგენილია წარმომადგენელთა პალატაში და როგორც მოსალოდნელია, მისი აქტიური მხარდამჭერია სპიკერი ნენსი პელოსი. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების უფლებამოსილება სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია.
აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას; ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებაში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საქართველოს როლზე უფრო ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველო გეოპოლიტიკაშია ჩართული და ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს.
„საქართველოს უნდა თუ არა, მსოფლიო გეოპოლიტიკაშია ჩართული, ამიტომ საჭიროა ცოდნა თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ასე რომ, ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე ესა თუ ის ქვეყანა რა რეზოლუციას მიიღებს, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატური იყოს. ასეთ დროს ჩვენი ქვეყნის პოზიცია ერთადერთია - სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყოს, არავითარი იდეოლოგიური შტამპები და არავითარი ორიენტაციები, რადგან ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრაგმატული და საღი პოლიტიკა სჭირდება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით აშშ-ს სენატის გადაწყვეტილება არც ევროპაზე იმოქმედებს და ამას შემდეგნაირად ხსნის: „აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებაზე ევროპა ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს, რადგან ევროპა დამოუკიდებელი მოთამაშე არაა. იგი აკეთებს იმას, რასაც ანგლოსაქსური ელიტა ქმნის. ევროპას ისედაც საკუთარი თავის საზიანო პოლიტიკა აქვს არჩეული და მათ თავიანთ თავზე იფიქრონ, ეს ჩვენ ნაკლეად გვაწუხებს“, - განუცხადა გიორხელიძემ for.ge-ს.
ანალიტიკოსის თქმით, არც რუსეთი მოიმოქმედებს რამეს. მისივე განცხადებით, დღევანდელი სენატის გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის, ეს მხოლოდ დღევანდელი აშშ-ს ხელისუფლების ინტერესია.
„დღევანდელი აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებაზე რუსეთი არაფერს არ მოიმოქმედებს. ამერიკელები არ წყვეტენ მსოფლიოში რა იქნება, რადგან ანგლოსაქსური ელიტა უკვე უმცირესობაშია. დღევანდელი ამერიკის ქმედება რამდენად გონივრულია და რით დასრულდება, ამას ნოემბერში ნახავთ. დღეს აშშ-ს ხელისუფლებაში ვინც არის, ამ ელიტის ინტერესები გასაგებია, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს ინტერესებში არ არის, ამას არავინ გაიზიარებს, ისევე როგორც არ გაიზიარეს სანქციები მსოფლიოს არც ერთმა დიდმა მხარემ, გარდა ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა, რომელიც უმცირესობაშია. ამიტომ, ამერიკა რუსეთს გამოაცხადებს-არ გამოაცხადებს ტერორისტად, არაფერს შეცვლის“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის ეკონომიკური კრიზისის შესაქმნელად ხსნის.
„ამერიკის სენატის გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთს ეკონომიკური ზიანი მიაყენოს, რადგან სანქციები დიდ გავლენას ვეღარ ახდენს. თუ მოხერხდა ის, რომ რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს, შემდგომში მასთან სხვა სახელმწიფოებს ურთიერთობა გაურთულდებათ. შესაძლოა, ქვეყნების არეალი გაფართოვდეს, სანქციებს შეუერთდნენ, ან რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს შეწყვეტავენ. ამ გადაწყვეტილების რეალობაში მიღება საკმაოდ რთული იქნება. რუსეთი მსოფლიოში მეორე ბირთვული ქვეყანაა და ამხელა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა გამოაცხადო ტერორისტად, ამაში საღ აზრს ვერ ვხედავ“- აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით ამ შემთხვევაში, ორი დიდი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა დაუპირისპირდა ერთმანეთს, თუმცა ბირთვული ომი არ იქნება, რადგან ორივე ქვეყანამ იცის, რომ არავინ გადარჩება.
„ამერიკის სენატს კი სურს, რომ რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს, მაგრამ არც მისი არ ეშინია, რადგან იცის, რომ ბირთვული ომი თვითმკვლელობას ნიშნავს. ამ შემთხვევაში პუტინის გამონათქვამი გავიხსენოთ, სადაც დასავლეთს ეუბნება - „თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით, ჩვენ კი სამოთხეში“. ფაქტია, ყველა იმაზე ვთანხმდებით, რომ ბირთვული იარაღის ამოქმედებით ყველა დავიღუპებით. აქამდე არსებული არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღეს ჩამოიშალა. ამ არქიტექტურას იმიტომ აშენებდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი ბირთვულ იარაღზე. ახლა ვდგავართ იმ ამოცანის წინაშე, რომ რაღაც ახალი უნდა შეიქმნას. ამ ახალს რაზე დააფუძნებენ? დააფუძნებენ იმაზე, რომ ორიდან ერთ-ერთი ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო მეორეს ტერორისტად გამოაცხადებს და ეს უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას?! რაღაც ეჭვი მეპარება“, - განუცხადა ამირან სალუქვაძემ for.ge-ს.