„დიზელის საწვავზე ფასი ძალიან მაღალია, რადგან დიზელზე დეფიციტია, ორ თვეზე მეტია, აზერბაიჯანიდან ეს პროდუქტი ვერ შემოდის“

„დიზელის საწვავზე ფასი ძალიან მაღალია, რადგან დიზელზე დეფიციტია, ორ თვეზე მეტია, აზერბაიჯანიდან ეს პროდუქტი ვერ შემოდის“

საწვავის ფასი საქართველოში რეკორდულ ნიშნულზეა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სტაბილურად ნარჩუნდება მომატებული ფასები საწვავზე, რაც ყველა პროდუქტის გაძვირებაზე აისახება. ცხადია, არავინ მოელის, რომ საქართველოშიც ისეთივე იაფი იქნება საწვავი, როგორც ვენესუელაში, სადაც სახელმწიფოს სუბსიდირების ხარჯზე ლიტრი პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი 8 თეთრს უტოლდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის დაპირების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოტანილ საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებდა.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ანტიმონოპოლიურ სამსახურს ორკვირიან ვადაში ნავთობზე ფასის მატების შესწავლა დაავალა?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ცდილობენ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფას შედარებით იაფი საწვავით. მაგალითად, ბაიდენი სერიოზულ ვიზიტს მართავს, თუ მან მოახერხა ირანის და საუდის არაბეთის შერიგება, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ მხრივაც, რომ ამან შეიძლება ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოუტანოს დემოკრატებს, რადგან აქ მთავარია ნავთობზე ფასების დაცემა.

„მაგრამ ჩვენ ნუ გაგვიხარდება, საქართველოში მაინც არ დაეცემა საწვავზე ფასები. რატომ არის, რომ რუსეთი 50%-იანი დისკონტით ყიდის ნავთობს ინდოეთში, ანუ 50%-ით იაფად, ამ დროს კი ჩვენ სანქციებს არ მივერთებივართ რუსეთთან, გვაქვს ვაჭრობის უფლება და მაინც არ ვყიდულობთ ნავთობს იაფად. იქნებ, ვყიდულობთ და ჩვენთან მაინც 4 და 5 ლარი ღირს საწვავი? ჩვენ ხომ გვაქვს კანონიერი უფლება, მოვითხოვოთ ფასების დაწევა? თითქოს ჩვენმა პრემიერმა რაღაც დავალება მისცა ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ორკვირიან ვადაში შეესწავლათ ნავთობზე ფასების მატება, სამი თვე გავიდა მას მერე, ვინმემ გვითხრა ამის შედეგი რა იყო?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზებია. ფასების მატება ხდება უმსხვილესი იმპორტიორების ინტერესებით, რაც ხელისუფლების ინტერესთა ჯგუფებია, განსაკუთრებით, ენერგომატარებლების სფეროში, ამიტომ არანაირი რეგულაცია, კონკურენციის კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიური მოსაზრებები არ არსებობს. ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე დიდი ფულის „მოხსნა“. შეიძლებოდა, ასეთი არასტაბილური და მუდმივად მზარდი ფასები არ ყოფილიყო საწვავზე, მაგრამ როცა არავინ უშლის და, პირიქით, დაინტერესებულნიც არიან ფასთა მატებით, ისინი წარმატებით ძარცვავენ ადამიანებს.

„საწვავზე ასეთი მაღალი ფასები არ ყოფილა მაშინაც კი, როდესაც 145 დოლარი ღირდა ბარელი ნავთობი. რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის ურთიერთობას, დასაწყისში იყო 30%-იანი დისკონტი, ესეც დროებითი იყო, რადგან გადაწყობა სჭირდებოდათ, ინდოეთის მსხვილმა ფირმებმა ისარგებლეს სიტუაციით და ულტიმატუმი წაუყენეს რუსეთს, ვიყიდით ნავთობს, თუ დისკონტირება იქნება. 30% არ არის ნორმალური დისკონტი, როგორც წესი, მაქსიმუმ, 8-10%-ის ფარგლებშია დისკონტი. ცხადია, ჩვენც შეგვეძლო რუსეთთან გვევაჭრა, საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე რომ ეფიქრათ. თუმცა ფული იოლად იშოვება საწვავსა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდით, საკუთარი წარმოება უმწირესია, ათასობით ჰექტარი საქართველოში დაუხნავ-დაუთესავი დარჩა. რაში სჭირდებათ სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, როცა არის სახელმწიფო შესყიდვები, უზარმაზარი იმპორტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმპორტი? ამაზე დიდი ფული კეთდება“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

მანვე განმარტა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც პრემიერმა დაავალა საწვავის ფასების დარეგულირება, ეს არის ფორმალური სამსახური, სადაც არავინ არაფერს აკეთებს. როცა ეს სამსახური შეიქმნა და ძალიან კარგი ხელმძღვანელიც ჰყავდა, მან გადადგა ნაბიჯები და 50-მილიონი აჰკიდა საწვავის შემომტან ფირმებს, მაგრამ რა უქნეს? ის წესიერი კაცი გააგდეს სამსახურიდან და 50-მილიონიც გააუქმეს. ამის შემდეგ ის კაცი ფარმაცევტულ სექტორში აპირებდა შესვლას, მაგრამ ხელისუფლებაში იფიქრეს, ეს უკვე ნამეტანიაო და გააგდეს სამსახურიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთიდან ძირითადად ჩვენთან შემოდის საწვავი - რეგულარი, რომლის ფასებიც იწყება 3 ლარიდან ( 3.10 ლარი, 3.20 ლარი), ეს საკმაოდ დაბალი ფასებია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებში, მცირე და საშუალო ქსელებში. დიდ კომპანიებს კი შედარებით მაღალი ფასი აქვთ.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, რუსეთი ამ კატეგორიის საწვავს ფიქსირებულ ფასად გვაძლევს, პირობითად, საქართველომდე ეს პროდუქტი ჯდება სადღაც ათას დოლარამდე, როდესაც მისი საერთაშორისო ფასი შეიძლება იყოს 1200 დოლარი და უფრო მეტიც. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნავთობი რუსეთიდან რეალურად ფასდაკლებით შემოდის და ეს 3 ლარი და ოდნავ მეტიც სწორედ ამის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში, იმავე კატეგორიის პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნებიდან რომ შემოგვეტანა, ის ფასდაკლებით ვერ შემოვიდოდა და სადღაც 3.60-3.70 ლარიდან დაიწყებოდა მისი ფასი.

„მას შემდეგ, რაც პრემიერმა ანტიმონოპოლიურ სამსახურს დავალება მისცა, სიტუაცია გამოსწორდა, ვინაიდან ალტერნატიული ბაზრები არსებობს. თუმცა დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან მოდის საერთაშორისო ფასებით პროდუქტი და ეს ქვეყნები ფასდაკლებით არ გვაძლევენ პროდუქტს. როდესაც კომპანიებმა რუსეთიდან პროდუქციის შესყიდვა დაიწყეს, მათ გაუჩნდათ რესურსი, ფასი შეემცირებინათ რეგულარის ტიპის ბენზინზე. მე „პრემიუმს“ და „სუპერს“ არ ვეხები, რადგან ის ევროპიდან შემოდის და ფასდაკლებული არ არის. დიზელი ცალკე თემაა, დიზელის საწვავზე ძალიან მაღალი ფასია, დიზელის ფასი იწყება 4.50-დან და 4.80 ლარამდეა. საერთოდ, დიზელზე დეფიციტია, რადგან აზერბაიჯანიდან ორ თვეზე მეტია, პროდუქტი ვერ შემოდის, რაც მოდის, ისიც საერთაშორისო ფასით მოდის. ამიტომ დეფიციტს ემატება საერთაშორისო ფასიც და დიზელზე რთულადაა საქმე. აზერბაიჯანში ქარხნის გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს და ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე, დიზელის მოწოდება შეჩერებულია“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე შეფასებით, რუსეთს ვერ შევევაჭრებით და ფასს ვეღარ დავაკლებინებთ საწვავზე. ასე არ არის, რომ რუსებს უჭირთ პროდუქტის გაყიდვა და შეიძლება შევევაჭროთ, სინამდვილეში, მათ არ უჭირთ. რასაც გვაძლევენ, ისედაც უკვე ფასდაკლებული პროდუქტია. რუსები ფიქსირებულ ფასად გვაძლევენ ნავთობს.

„გამორიცხულია, მეტი ფასდაკლებით რუსეთი აღარ მოგვყიდის ნავთობს. დიდ კომპანიებსაც კი, თუკი ისინი რუსულ პროდუქტს ყიდიან, შედარებით დაბალი ფასები აქვთ, ფასდაკლებასაც სთავაზობენ მომხმარებელს, ლოიალურ მომხმარებლებს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.