მოლდოვის ლიდერი რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა და ღიად განაცხადა, რომ მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუკი კონფლიქტი უკრაინაში მის ტერიტორიაზეც გავრცელდება. როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.
„შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს. შესაბამისად, ვემზადებით კიდეც ყველა სცენარისთვის. ვითარებაში, როდესაც რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვის რესპუბლიკას, ჩვენ მოვითხოვთ დახმარებას“, - განაცხადა მაია სანდუმ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი 27 ივლისს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის ფარგლებში მაია სანდუ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
„მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ დღეს, 27 ივნისს, სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. დღის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩას და ირპინს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მოლდოვის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესიის განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა მოსკოვისგან გამორიცხული არაფერია. როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში რუსეთმა მოლდოვას შესაძლოა, შორეული სამხედრო დარტყმები მიაყენოს.
„რუსეთი იმედოვნებდა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს და ომს უკრაინაში დაასრულებდა. იმის ფონზე, როდესაც რუსეთის სამხედრო დანახარჯები 500 მილიონიდან ერთ მილიარდამდე დოლარს აღწევს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არ გააჩნია საერთო საზღვარი მოლდოვასთან, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა განახორციელოს პირდაპირი სამხედრო აგრესია მოლდოვის წინააღმდეგ. მით უმეტეს, უკრაინა-მოლდოვის საზღვარს რუსეთი არ აკონტროლებს.
შეტევის შემთხვევაში რუსეთს მოუწევს მთელი სამხრეთ რეგიონის გაკონტროლება, რომ როგორმე მოლდოვის საზღვრამდე მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელებას მოლდოვის წინააღმდეგ ვერ შეძლებს. თუმცა, მან შესაძლოა სიტუაცია არიოს დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის მე-14 არმიაა განთავსებული, ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ნაკლები შესაძლებლობაა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია განახორციელოს მოლდოვაში. ვერც შავი ზღვის მეშვეობით ვერ შეიჭრება, რადგან მას არ გააჩნია პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე. ამიტომ, ძალიან რთული იქნება რუსეთისთვის ამ ოპერაციის განხორციელება, მაგრამ მოსალოდნელია მოლდოვას გარკვეული სარაკეტო დარტყმები მიაყენოს შორიდან, რუსეთისგან არაფერია გასაკვირი.
იქიდან გამომდინარე, რომ მაია სანდუ და მისი მთავრობა პროდასავლურ კურსს ახორციელებს, რუსეთისთვის მოლდოვის დღევანდელი პოლიტიკა მიუღებელია. უარეს შემთხვევაში მოსალოდნელია სარაკეტო დარტყმები მიაყენოს მოლდოვას. რაც შეეხება ფართომასშტაბიან ომს, რუსეთს ძალიან გაუჭირდება ამის განხორციელება. თუ მოლდოვას წინააღმდეგ რაიმე აგრესია განხორციელდა, რუმინეთს ნამდვილად გააჩნია სერიოზული სამხედრო ძალა, ის ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება შესაძლოა დროში გაიწელოს და ერთი წელი გაგრძელდეს. ნიკა ჩიტაძის თქმით, დღეს მოსკოვი უკვე თავდაცვით სტრატეგიაზე არის გადასული, რაც უკრაინის უპირატესობაზე მიუთითებს.
„შესაძლოა, რომ ეს ომი მაქსიმუმ ერთი წელი გაგრძელდეს. რუსეთი თანდათან თავდაცვით სტრატეგიაზე გადადის, განსაკუთრებით ეს ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებს ეხება. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი განთავისუფლებულ იქნა რუსი ოკუპანტებისგან. ომი შესაძლოა კიდევ გაიწელოს და არ დასრულდეს უახლოეს მომავალში. უპირატესობა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა უკრაინის ხელში გადადის“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჯავშანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება წარმატებით შეუძლიათ წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად.
როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ.
„უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე.