სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ დასავლეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც ომის დაწყების წუთიდან ტაქტიკური სამხედრო დახმარების კუთხით, გვერდში არ დაუდგა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მისი თქმით, სამწუხაროდ, დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოები დღესაც აფერხებენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას და ამით ნაყოფიერ ნიადაგს უქმნიან რუსეთის ფედერაციას, რომ წარმატებული შეტევები გააგრძელოს დონბასის რეგიონში.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს ნატო-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით. ორბანის ვერსიას თუ გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ნატო-ს მხარდაჭერილი სტრატეგია შეიცავს იმ შეცდომას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის წაგება?
ვახტანგ მაისაია: ამ ეტაპზე ნაადრევია ვთქვათ სად იყო შეცდომა დაშვებული და სად არა. ბუნებრივია, რომ ვიქტორ ორბანს აქვს საკმაოდ სუბიექტური მიდგომა უკრაინის მიმართ, რადგან ტერიტორიული პრეტენზია აქვს უკრაინასთან. ასევე, უნგრეთსა და უკრაინას შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ორბანი თვლის, რომ უკრაინაში ურბანული უმცირესობის უფლებები იყო შებღალული, გარდა ამისა, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან.
ამავე დროს ბალანსირებულ პოლიტიკას აწარმოებს ბრიუსელთან, რაც მეტ-ნაკლებად გამოსდის...
- გეთანხმებით, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, გამოსდის. გავიხსენოთ რა განცხადება გააკეთა რუმინეთში, რომელიც ერთგვარად ჩაითვალა ეთნიკური შუღლის გაღვივებად. ასეთი პოლიტიკის გამო ნებისმიერ სახელმწიფოს ევროკავშირიდან გარიცხავდნენ, ან გამოუცხადებდნენ ბოიკოტს. ამავე დროს ორბანი ავითარებს ჰიბრიდულ რეჟიმს, ახდენს ხელისუფლების უზურპაციას და შესაბამისად, ახორციელებს არალიბერალურ დემოკრატიულ პოლიტიკას და ამას არც მალავს.
ავტორირატული მმართველობისკენ არის მიდრეკილი?
- რასაკვირველია, და ეს ჩანს კიდევაც მის პოლიტიკურ ნაბიჯებში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ როგორც ერდოღანი, ასევე ორბანი ცდილობენ, რომ გამოიყენონ პუტინის ფაქტორი და პუტინთან პოლიტიკური ფლირტის მეშვეობით, ბრიუსელთან დაბალანსირებული პოლიტიკა აწარმოონ, რაც საინტერესო მიდგომაა - ავტორიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ეს მარტო უნგრეთს არ ეხება. ამ პოლიტიკას აწარმოებს თურქეთი, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი რეჟიმები.
უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო, თურქეთი არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო და დასავლეთის სოციუმის განუყოფელ წევრად ითვლება. აქედან გამომდინარე კოლექტიურ დასავლეთს სჭირდება უნგრეთი და თურქეთი, რომ არ გამოიწვიოს დასავლური ერთიანობის კრიზისი.
ასევე, დასავლეთის ლიდერი სახელმწიფოები თვალებს ხუჭავენ იმ ჰიბრიდული და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნაბიჯების გამო, რომელსაც ერდოღანი და ორბანი თავიანთ ქვეყნებში დგამენ პოპულისტური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების კუთხით, შესაბამისად, მოსკოვთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ და დასავლეთთანაც. დღეს, დასავლეთი და რუსეთი იმდენად დაპირისპირებულია ერთამენთთან, რომ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ მტრები არიან. ასეთ ვითარებაში ორივესთან მეგობრობდე... ალბათ, გასაგებია რაც ხდება. ჯერჯერობით ორივეს გამოსდის ეს პოლიტიკა და გამოსდით საკმაოდ ბრწყინვალედ, იმიტომ რომ დასავლეთს არ შეუძლია ერთი ხელის მოსმით მოკვეთოს თურქეთი და უნგრეთი.
რაც დასავლეთის სისუსტეზე და არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი განცხადებები უნგრეთის პრემიერის მხრიდან უკრაინის მიმართ, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ პოლიტიკაზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო აძლიერებს. მეტსაც გეტყვით, ერთი პერიოდი უნგრეთმა სამხედრო მუშტიც კი მოუღერა ომში მყოფ უკრაინას.
როგორც ჩანს, სტრატეგიული შეცდომები იქნა დაშვებული უკრაინის ფრონტზე და ამას ომის მიმდინარეობა აჩვენებს. უფრო მეტიც, სტრატეგიული შეცდომები დაშვებულია არამარტო უკრაინის, არამედ რუსეთის მხრიდან და ამითაც არის გამოწვეული რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ბურუსით მოცული გარდაცვალებები და დაკავებებიც...
- სტრატეგიული შეცდომა დაშვებული იქნა მაშინ, როდესაც კრემლი შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ოკუპაცია. შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას გამოეჩინა მეტი მოთმინება, მეტი მანევრირება, რომ ომამდე არ მიეყვანა სიტუაცია და ეს სხვა საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკრაინას თავისი პოლიტიკური პრინციპები ჰქონდა. უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ყირიმის გამოკლებით, დონბასის სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენგან განსხვავებით უკრაინამ შეძლო ანტიტერორისტული ოპერაციის და მერე სპეცოპერაციის მიმართულებით განეხორციელებინა საინტერესო მიდგომები რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, იგი ამარცხებდა რუს სეპარატისტებს დონბასის რეგიონში და ამიტომაც განახორციელა პირდაპირი შეჭრა რუსეთმა. როგორც ჩანს, რუსეთს შეეშინდა, რომ უკრაინას მართლა არ დაებრუნებინა ეს ტერიტორიები და მოიგონა, რომ თითქოს, იქ ადგილობრივი რუსი ეროვნების მოსახლეობის გენოციდი ხდება, რაც 2008 წელს გააკეთა საქართველოში. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, უკრაინამ შეძლო გამოეყენებინა სამხედრო ძალა და ისე შეეტრიალებინა სიტუაცია, რომ უკრაინას ჰქონოდა უფრო მომგებიანი მდგომარეობა. უკრაინა აკონტროლებდა დონეცკის სეპარატისტული რეგიონების 60%-ს, ხოლო და 40%-ს კი - სეპარატისტები. ლუგანსკში 50-50-ზე იყო. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ასეთი სიტუაცია გვქონოდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში!
ომიდან 157-ე დღეს თქვენ ხედავთ ნატოს მიერ დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებს?
- ჯერჯერობით ნატოს მხრიდან დაშვებული არ არის სტრატეგიული შეცდომები. პირველი შეცდომა ის არის, რომ ნატომ თავიდანვე არ აღმოუჩინა უკრაინას დახმარება და ეს მხოლოდ განახორციელა სამხედრო კამპანიის მეორე ეტაპზე, როცა დასავლეთმა დაინახა რა ბარბაროსულ ქმედებებს ახორციელებდა რუსეთი უკრაინის მიმართ. შესაბამისად, დაინახა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო უკრაინის სრული ოკუპაცია. ამის მერე გამოფხიზლდა და დაიწყო უკრაინისთვის შეიარაღების მიცემა, რამაც გარკვეული გარდატეხა შეიტანა ამ ომში.
შეცდომა იყო, რომ თავიდანვე დასავლეთი გვერდში არ დაუდგა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სწორედ ტაქტიკური სამხედრო დახმარების კუთხით. ამ ეტაპზე სხვა სტრატეგიულ შეცდომებს ვერ ვხედავ. გასგებია, რომ დასავლეთმა ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთის ფედერაციას და იზოლაციაში მოაქცია, მაგრამ ტაქტიკური შეცდომა იყო ის, რომ დასავლეთმა თავიდანვე არ აღმოუჩინა უკრაინას ის რეალური დახმარება, რომელსაც ახლა ახორციელებს. სამწუხაროდ, დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოები დღესაც აფერხებენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას და ამით რუსეთის ფედერაციას ნაყოფიერ ნიადაგს უქმიან, რომ გააგრძელოს წარმატებული შეტევები დონბასის რეგიონში, ბუნებრივია, ესეც შეცდომაა.
რასაც ვაკვირდებით, რუსეთმა ვერ მიაღწია ძირითად მიზანს - უკრაინის ოკუპაციას. გასაგებია, ქალაქები განადგურებულია, მაგრამ სტრატეგიული ამოცანა შეუსრულებელია. როგორ ფიქრობთ, იმ სამხედრო დახმარების ფონზე, რომელსაც უკრაინა ღებულობს დასავლეთისგან, რუსეთს მაინც შესწევს უკრაინის ოკუპაციის ძალა?
- მე ასე ვიტყოდი - რუსეთს თავიდანვე ჰქონდა განზრახული უკრაინის ოკუპაცია, ოღონდ ავღანური სცენარით - ფარული ინტერვენცია. ანუ, პუტინი შეეცადა უკრაინაში „შტურმი 333“-ის ოპერაციის განმეორებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა განახორციელა ავღანეთში შეჭრა და ქვეყნის ოკუპაცია. მოხდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების ფარული ინტერვენცია, ხელისუფლების შეცვლა და მოვიდა პროსაბჭოური ავღანური მარიონეტული ხელისუფლება, რომელმაც შემდგომში თავის ქვეყანაში მოიწვია საბჭოთა ჯარები, რომელიც დიდი ხანი იყო ავღანეთში. ეს სცენარი იყო პუტინის იდეაფიქსი და მიზანი. იმ შემთხვევაში, თუ მოახდენდა ზელენსკის ხელისუფლების დამხობას და მოიყვანდა მარიონეტულ რუსულ ხელისუფლებას, ბუნებრივია, რომ მათი ძალა-უფლება გავრცელდებოდა დასავლეთ და ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ანტირუსილი განწყობა ჭარბობს. ეს გეგმა ჩაიშალა, ამიტომ ახლა პუტინის მიზანია დაიბრუნოს დნეპრის მხარე და როგორც თავად ამბობს, რუსული ქალაქები და ამით უკრაინა გახლიჩოს ორ ქვეყანად - ანუ, დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად. შესაბამისად, აღმოსავლეთ უკრაინაში აღადგიონოს ისეთი ვარიანტი, როგორიც იყო აღმოსავლეთ გერმანიაში - გედეერის მსგავსი მოდელი. სხვათა შორის, რუსები უკვე იწყებენ მარიონეტული შეიარაღებული ძალების ფორმირებებს, უკვე შეიქმნა ოდესის ბრიგადა, ასევე ქმნიან ადგილობრივ პრორუსულ რეჟიმს. პუტინს აქვს ორი მიდგომა - აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი მიუერთოს რუსეთს, ხოლო მეორე ნაწილი დატოვოს ერთგვარ ბუფერულ ზონად და იქ შექმნას პრორუსული უკრაინული მთავრობა. აი, ეს არის კრემლის დღევანდელი მისია.