„ყალიბდება ახალი პარტია „ქართული ოცნების“ საფუძველზე, რითაც ცდილობს ანტიდასავლური ხმები შეინარჩუნოს“

„ყალიბდება ახალი პარტია „ქართული ოცნების“ საფუძველზე, რითაც ცდილობს ანტიდასავლური ხმები შეინარჩუნოს“

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა დატოვა. მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის მსგავსად, გურამ მაჭარაშვილმაც გადაწყვიტა, რომ დასავლეთზე მანაც „მეტი სიმართლე ილაპარაკოს“, რაც მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის პირობებში ვერ ხერხდება. იგი დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, პარტიასაც ტოვებს, რადგან ამართლებს ის პოლიტიკა, რომ ზომიერად საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდო საზოგადოებას. 

„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატებისგან 2024 წლისთვის შეიძლება „ოცნება 2“ გაჩნდეს, რომელიც პრორუსულ ამომრჩეველთა მიზიდვაზე იქნება ორიენტირებული. როგორც საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში თქვა, თუკი ეს ჯგუფი სამომავლოდ პარტიად გადაკეთდება, საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეული პერსპექტივაც ექნება. 

„მაჭარაშვილის იქით მხარეს გადასვლა აჩენს ეჭვს, რომ აქტიური მოქმედებისთვის ემზადება, ისევე როგორც ის სამეული. არ მგონია, ეს ოპტიმისტურად დაგეგმილი მოვლენა იყოს, მაგრამ თუ გამოვიდა, შესაძლოა, შეიქმნას „ოცნება 2“ იმ ინტონაციით და აქცენტებით, რაც უკვე ვნახეთ ამ სამეულში, ანუ - ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ, ანტიდასავლურ ამომრჩეველსაც მიიზიდავს.

ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ასეთი ვარიანტი შესაძლოა კარგიც იყოს 2024 წლისთვის. „ოცნების“ ყურებით მობეზრებულია ამომრჩეველი, „ნაციონალური მოძრაობას“ კი გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, 2024 წლისთვის გარკვეული პერსპექტივა ჰქონდეს ყველა ახალ ჯგუფს, მათ შორის ამ ჯგუფსაც. ქართველი ამომრჩეველი მესამე ძალას ეძებს. ვინ უფრო მოერგება ამ როლს, ვნახოთ, მცდელობები ბევრი იქნება და მათ შორის შესაძლოა ეს ჯგუფიც მოვიაზროთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დატოვების პროცესს დეპუტატები რეგიონებშიც შეუერთდებიან და ეს იქნება ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების საწინდარი. 

„ეს პროცესი რეგიონებში დაიწყეს. ეს გაგრძელდება და ალბათ, ყველა რეგიონში მოხდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარკვეული ნაწილის გამოსვლა პარტიიდან. ისინი სწორედ ამ დეპუტატებს შეუერთდებიან. ეს არის მოძრაობა, რომელიც მომავალში, იმის მიხედვით, როგორი იქნება საჭიროება, პარტიად გადაკეთდება. 

ყალიბდება ახალი პარტია „ქართული ოცნების“ საფუძველზე და იმის მიხედვით, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა და ვითარება, ეს პარტია ან დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, ან რაღაც ფორმით გააგრძელებს საქმიანობას. ამით „ქართული ოცნება“ ცდილობს ის ხმები, რომელიც ანტიდასავლურია, შეინარჩუნოს ამ პოლიტიკური ძალის მეშვეობით. ეს არის ის კატეგორია, რომელიც ადრე იყო: „პატრიოტთა ალიანსი“, „ალტ ინფოს“ და ა.შ. ამომრჩეველი, საზოგადოების ის ნაწილი, სადაც ანტიდასავლური განწყობაა.

ამომრჩეველი, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ მოსწონს, მაგრამ მისი ამომრჩეველია, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ძებნას არ დაიწყებს და სწორედ ახალ პარტიაში მოიყრის თავს, ანდა ეს პარტია ალიანსში იქნება „ქართულ ოცნებასთან“ და ძალაუფლებასაც შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გურამ მაჭარაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ მას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას უთხრას ის, რაც კულისებსა და კაბინეტებში ხდება, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფი კი ამ სტატუსისგან გათავისუფლებულია.

„ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, ერთი ფრაქცია და გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, გათავისუფლდნენ სტატუსისგან იმისთვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე მაგალითად, სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები საზოგადოებას, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი ერთიანია და ძლიერი“, - აღნიშნავს კობახიძე.

Aburjga Tasmanieli ახალი პარტია ვერ ჩამოყალიბდება! პარტია რომ ცამოყალიბდეს საჭიროა მას ჰქონდეს ორიგინალური პოლიტიკური იდეა, ორიგინალური პოლიტიკური პლატფორმა, უნდა ჰყავდეს ქარიზმატული და უაღესად საიმედო პოლიტიკური ლიდერი, ლიდერები. ამათ, რომელი ორიგინალური პოლიტიკური იდეა გააჩნიათ, რომელია მათგან ქარიზმატული?! ამ 4 ლიდერს მხარს არავინ დაუჭერს! თუ მათ გულწრფელად სურთ სამობლოს ემსახურონ უნდა მივიდნენ და მათზე უფრო ქარიზმატულ და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის მქონე "კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო"-ს შეუერთდნენ როგორც პატივსაცემი, მაგრამ რიგითი წევრები! მაგრამ ამას როგორ იკადრებენ, ესენი ხომ ქართველი პოლიტიკოსები არიან!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახალი პარტია ვერ ჩამოყალიბდება! პარტია რომ ცამოყალიბდეს საჭიროა მას ჰქონდეს ორიგინალური პოლიტიკური იდეა, ორიგინალური პოლიტიკური პლატფორმა, უნდა ჰყავდეს ქარიზმატული და უაღესად საიმედო პოლიტიკური ლიდერი, ლიდერები. ამათ, რომელი ორიგინალური პოლიტიკური იდეა გააჩნიათ, რომელია მათგან ქარიზმატული?! ამ 4 ლიდერს მხარს არავინ დაუჭერს! თუ მათ გულწრფელად სურთ სამობლოს ემსახურონ უნდა მივიდნენ და მათზე უფრო ქარიზმატულ და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის მქონე "კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო"-ს შეუერთდნენ როგორც პატივსაცემი, მაგრამ რიგითი წევრები! მაგრამ ამას როგორ იკადრებენ, ესენი ხომ ქართველი პოლიტიკოსები არიან!
2 წლის უკან
მიშა დიდი პერსპექტივა ვერ ექნება ამ პარტიას.
ჯერ ერთი, ყველამ იცის, რომ ოცნების ფილიალია (ანუ, ოცნების გარედან ამომრჩეველს ვერ მიიზიდავენ).
მეორე, არც-ერთი ეს ადამიანი არაა იმ თვისებებით დაჯილდოვებული, ქართველ მასიურ ამომრჩეველს რომ იზიდავს. მესამე, ვერც ისეთ იდეას ვერ შექმნიან, მხოლოდ მათი ექსკლუზივი რომ იყოს.
უბრალოდ, ოცნება შეეცდება ხელოვნურად მოუციცქნონ ხმები, საჭირო მინიმუმი რომ გადალახონ არჩევნებზე.
2 წლის უკან