თავისუფლება პოლიტიკის სანაცვლოდ

თავისუფლება პოლიტიკის სანაცვლოდ

მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა მედიასთან მამის საქართველოში დაბრუნება დიდ შეცდომად შეაფასა და აღნიშნა, რომ მას საქართველოს მომავალ პოლიტიკურ ლიდერად ვეღარ ხედავს, ვინაიდან ხალხში მისდამი ასეთი განწყობა აღარ არსებობს.  უმცროსი სააკაშვილი ამბობს, რომ ეს სურვილი მამასაც ვერ შეატყო, რადგან ის ძირითადად უკრაინულ არხებს უყრებს და ქართული პოლიტიკის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული.

ედუარდის ამ განცხადებას თავად პარტიაშიც და მის მომხრეებშიც დაპირისპირება უკვე მოჰყვა. ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

სააკაშვილის შვილის ეს სკანდალური განცხადება კი მისმა ადვოკატმა, ფაქტობრივად, დაადასტურა. სწორედ ამან გააჩინა დამატებით იმის ვარაუდი, რომ სააკაშვილის ვაჟი ამ პოზიციას მამასთან შეთანხმებით ახმოვანებს.

„ქართული პოლიტიკისადმი ინტერესი აბსოლუტურად დაკარგული აქვს. რამდენჯერმე, როცა ქართული პოლიტიკის მომენტები იყო და მცდელობა გვქონდა, ხელი ჩაიქნია და თქვა, რომ ქართული პოლიტიკა ჩემი ინტერესის მიღმა არისო.

მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ არ მოხდა მისი სასჯელის გადავადება, არ გაიარა მაღალი კვალიფიკაციის კლინიკებში მკურნალობა, მისი სიცოცხლე დასრულდება. სიცოცხლესა და პოლიტიკას შორის არჩევანი მას გაკეთებული აქვს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

„პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით მიხეილ სააკაშვილს ებრძვით“ - ასე კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მხარდამჭერების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც მას ღიად აკრიტიკებენ. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნიკა მელია ამბობს, რომ სააკაშვილს დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა ემოციური შეძახილები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკმაყოფილო მხარდამჭერების დარწმუნებას ცდილობენ და ამბობენ, რომ პარტია ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან დასახსნელად. კრიტიკა მათი მისამართით პარტიის წევრებისთვის გასაგებია, რადგან, მათი შეფასებით, პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათ შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ.

ვის გულისხმობდა ნიკა მელია „განზრახ მავნებლებში“ და ვის მიუძღვნა სკანდალური წერილი, უცნობია, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკაზე ბევრს არ საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ამ წერილის შინაარსი იცის, თუმცა უფლებადამცველებთან პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„წერილი ჩვენთან არ შეუფასებია, როგორც ვიცი, წაიკითხა“, - ამბობს ადვოკატი ერთ-ერთ მედიასთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის აქცენტები, რომელიც ედუარდ სააკაშვილმა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ დასვა, საკამოდ საყურადღებოა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილის ვაჟი ასეთი ტიპის განცხადებით პირველად გამოვიდა, რადგან ადრე მსგავსი არაფერი უთქვამს. ამიტომაც მას აქვს ვარაუდი, რომ სააკაშვილის ოჯახი და მისი მომხრეების გარკვეული ნაწილი შესაძლოა იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საჭიროა ხელისუფლებას ისეთი შეთავაზება გაუკეთონ, რომელზეც უარს არ იტყვის.

„რა იქნება ისეთი წინადადება, რომლზეც შესაძლოა, ხელისუფლებამ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი არ თქვას? ხელისუფლება უფრთხის იმას, რომ, თუ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებს, თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებს, ფრთებს გაიბერტყავს, ცოტას მოიხედავს, ისევ პოლიტიკას დაუბრუნდება და საქართველოში ისევ დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას დაიწყებს. ამ შემთხვევაში, ედუარდ სააკაშვილის განცხადების უკან რაღაც ჯენლტმენური შეთავაზება დავინახე - თუ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება, რაც საერთაშორისო გარანტიებითაც ზურგამაგრებული იქნება, მაშინ შესაძლოა, დათანხმდნენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მას, რადგან პრეზიდენტს უფრო კარგი წინაპირობები შეექმნება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობ, შესაძლოა, ოჯახიდან ამ ვერსიის შემუშავება ხდებოდეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას და მის დამოკიდებულებას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს პარტიაში დაპირისპირების საგანი თავიდანვე იყო. ამის ნათელ მაგალითად კი ანალიტიკოსს სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში ვიზიტი და პარტიის მისამართით გაკეთებული საყვედური მოჰყავს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა მიხვდა ეს საყვედური ნიკა მელიას რომ ეკუთვნოდა.

„სავსებით ნათელი იყო და ნიკა მელიაც ამას ძალიან რეალისტურად უყურებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების თემის წინა პლანზე წამოწევა, ენმ-ისთვის წამგებიანი ნაბიჯი იყო. პარტიას ელექტორატს აკარგვინებდა და საშუალებას არ აძლევდა, რომ მიტინგებზე მონაწილეების მობილიზება მოეხდინა. ეს თემა მოსახლეობაში მიღებული და ატაცებული არ იყო, როგორც ეს ენმ-ის რადიკალურ ფრთას ეგონა. რადიკალურ ფრთას, მე მგონი, დღესაც ისევ იგივე განცდა აქვს, რომ სააკაშვილის თემა მთავარი უნდა იყოს და სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადავიდეს. როგორც ჩანს, პარტიაში ამ საკითხის მიმართ დაპირისპირება და წინააღმდეგობა კვლავ არსებობს. სწორედ ეს იყო ნიკა მელიას მიმართვის საფუძველი. სხვა შემთხვევაში ასე საჯაროდ პარტიის შიდა დაპირისპირებას გარეთ არ გამოიტანდნენ.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას და პარტიასთან გამიჯვნას, რთულია ითქვას, ვინ შეიძლება ლიდერი გახდეს, რომელიც მას ჩაანაცვლებს. არც ნიკა მელიაა ის ფიგურა, ვინც ამას შეძლებს და არც პარტიის სხვა წევრებზე არაფერს ვიტყვი. სხვათა შორის ვერც ენმ-ის ე.წ. ახალი სახეები ვერ დაიკვეხნიან, რომ გამორჩეული ლიდერები არიან. ჩემი გადმოსახედიდან, თუკი „ნაციონალებს“ პოლიტიკურ ველზე გადარჩენა სურთ, მწვავე და მტკივნეული პერიოდი აუცილებლად უნდა გაიარონ. ყველა პარტიას გაუვლია ეს პროცესი და თუკი ენმ-ს უნდა ისევ პოლიტიკაში დარჩეს, უნდა შეეგუოს, რომ ცხოვრება სააკაშვილის გარეშე გააგრძელონ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი შვილის სახელით ახმოვანებდეს იმას, რაც თავად სურს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი ნებისმიერ ფასად ცდილობს თავი გისოსებისგან დაიცვას და ფაქტია, ამისთვის ყველა ხერხს იყენებს. მისი მთავარი მიზანი ახლა ან უცხოეთში წასვლაა, ან კიდევ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალება.

„ყველაზე ლოგიკურად მისმა შვილმა, ედუარდ საააშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ მამამისის პოლიტიკაში ყოფნის მიზანს რეალურად ვეღარ ხედავს. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ვადაზე ადრე პატიმრის სამკურნალოდ გაშვება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა არსებობს. ჩვენ მანამდე ვნახეთ, რომ სააკაშვილის პირადი ექიმებიც კი გაურკვეველ დიაგნოზს სვამდნენ. ეს ფსევდოშიმშილობა და გაუგებარი დიაგნოზები დამაჯერებლი არ არის. სხვათა შორის სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის ინიციატივა „გირჩს“ ეკუთვნის და ეს მოსაზრება პირველებმა მათ გაახმოვანეს. სააკაშვილის გარეთ გაშვების ორი გზა არსებობს: უმძიმესი ავადმყოფობა და პრეზიდენტის დისკრეციის გამოყენება, რომ მან შეიწყალოს. ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ მოხდება. თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუდებენ უტყუარ სამედიცინო დასკვნას, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია და მისი უცხოეთში მკურნალობაა საჭირო, შესაძლოა, შეიწყალოს. ესეც მისი პირადი უფლებაა“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაღვივებულ დაპირისპირებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით, აბაშიძე ამბობს, რომ ფაქტია, მელია კობა ნაყოფიას პარტიაში დაწინაურების გამო უკმაყოფილოა. არ ჩანს ის, რომ მელია პარტიაში მთავარი ფიგურა იყოს და ახლა მხოლოდ ნომინალურ პერსონას წარმოადგენს.

„დავუშვათ, სააკაშვილმა გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. პარტია იერარქიულად და ფინანსურად სააკაშვილზეა დამოკიდებული. ენმ-ს მარტო კობა ნაყოფია არ აფინანსებს. ამიტომ პარტიაში ფინანსების არქონის გამო მას ბევრი დატოვებს. პარტიის პოლიტსაბჭო მოირყევა და დაიშლება. ამიტომ პარტიის წევრები შეეცდებიან, რომ სხვადასხვა პარტია შექმნან, არ არის გამორიცხული, პარტია ნაწილ-ნაწილ დაიშალოს“, - ამბობს აბაშიძე.