„ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა, მიმართოს გარკვეულ პროვოკაციებს, რომლის მცდელობა მას მოლდოვასთანაც ჰქონდა“

„ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა, მიმართოს გარკვეულ პროვოკაციებს, რომლის მცდელობა მას მოლდოვასთანაც ჰქონდა“

„ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა რომ ნდომოდა, ეს შეხვედრები საკმაოდ ინტენსიური იქნებოდა და ეს მოხდებოდა არა 21 მარტს, არამედ გაცილებით ადრე“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც იგი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ისდაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს ომში ჩართვის საკითხი ყოფილიყო განხილული?

- შესაძლოა, აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი და ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს, ალბათ, როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის საინტერესო იქნებოდა გაეგო ელჩის პოზიციები ან მოსაზრებები ომთან დაკავშირებით, ეს ჩვეულებრივი რამ არის და რაიმე უჩვეულოს ამაში ვერ ვხედავ. 

თეორიულად რომ დავუშვათ, აშშ- მართლაც სურდა უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვა, ამით რას იგებდა, რა ბენეფიტს იღებდა აშშ?

- ამერიკა რაციონალური სახელმწიფოა და ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა. ჰიპოთეტურად, საქართველოს ომში ჩართვა ეს კიდევ ერთი თავის ტკივილი იქნებოდა მისთვის. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც  მიხეილ სააკაშვილი აჰყვა რუსულ პროვოკაციას, მაშინ ამერიკამ რუსეთს საკმაოდ მედგარი პასუხი გასცა. თავის დროზე, ისინი სააკაშვილს აფრთხილებდნენ, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა და როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, ამერიკის მთავრობის პოზიცია იყო საკმაოდ ხისტი. 

ამერიკელები ყოველთვის იმით გამოირჩევიან, რომ ყველანაირ კონფლიქტს ყოველთვის მშვიდობიანი გზებით წყვეტენ. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამიტომ, არ მგონია ამერიკა ვინმეს უბიძგებდეს ომისკენ. შესაძლოა, მან საქართველოს, უბრალოდ, შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიეღო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებში, რაც ომის გამოცხადებას ნამდვილად არ ნიშნავს. 

ბიძინა ივანიშვილი ასევე განმარტავს, რომგარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. დღეს რისკი იმისა, რომ საბოლოოდ, საქართველო ამ ომში ჩართული ვიხილოთ, კიდევ არსებობს?

- ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა, მიმართოს გარკვეულ პროვოკაციებს. მსგავსი მცდელობა რუსეთს მოლდოვასთანაც ჰქონდა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაეთრია. ჩვენთანაც რუსმა ოკუპანტებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. რუსეთი ცდილობს გარკვეულ პროვოკაციებში გამოიწვიოს საქართველო, როგორც ეს მან 2008 წლის აგვისტოში განახორციელა.

საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია აწყობს არა დასავლეთს, არამედ კრემლს. ამ ეტაპზე საქართველო რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის; საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ქვეყანაში შემოდიან უკრაინელი ლტოლვილები, ამ მხრივ, საქართველო ლიდერი სახელმწიფოა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული, ფინანსური თუ ეკონომიკური დახმარების კონტექსტში. 

ზოგადად, ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ორაზროვანი ტიპის განცხადებების გაკეთება და შემდეგ ყველა თავისებურად შიფრავს ე.წ. კოდირებულ მესიჯებს. 

თქვენ პირადად, როგორ წაიკითხეთ და გაიგეთ მისი ეს განცხადება?

- შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ, არ უშვებენ პოლიტიკიდან. ივანიშვილს თვითონ თავისი გუნდი ამყოფებს „მძევლად“ და აიძულებენ, რაღაც გავლენა მაინც ჰქონდეს, ჩართული იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელია, უნდა თუ არა, ის მაინც იქნება პოლიტიკაში. 

რამდენად რეალურია დღეს მისი თანამდებობრივად დაბრუნება პოლიტიკაში?

- თუკი დაბრუნდება თანამდებობრივად, უფრო კარგი იქნება. ბევრი რამ უფრო ღია და ხილული იქნება, ვიდრე დღეს არის. „ქართული ოცნების“ რეიტინგი მაინც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს. 

ფიქრობთ, რომ თუკი ის პოლიტიკურ ასპარეზზე კონკრეტულ თანამდებობას კვლავ დაიკავებს, „ქართული ოცნებისრეიტინგი მოიმატებს?

- „ქართული ოცნების“ რეიტინგი კვლავ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგზე დგას. თუ დაბრუნდება, ეს რეიტინგი მოიმატებს თუ დაიკლებს, ეს ცალკე საუბრის თემაა. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ის პოლიტიკაში, თანამდებობრივად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობით. შემდეგ მთლიანად „ქართული ოცნების“ რეიტინგი დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორეზე.

amo ?
2 წლის უკან