უკრაინა-რუსეთის ომი გრძელდება, პარალელურად, რუსეთი კონკრეტულ პოზიციებს თმობს და უკან იხევს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ სამხედრო შეტაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება, პირიქით - მოსკოვს გამძლეობის სერიოზული რეზერვი აქვს, რომელსაც ახლა იყენებს. ექსპერტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა შესაძლოა, ორი წელიც კი გასტანოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 12 „ჰაიმარსის“ სისტემა უკვე მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამ კვირაში კიდევ ოთხი ასეთი სისტემის გადაცემას აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა საკუთარ „ტვიტერ“ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის. მან აღნიშნა, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და შეამცირებს ეკონომიკურ ზეწოლას ევროპაზე.
„მარტივი ლოგიკაა: რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების შანტაჟი. HIMARS - რუსული ამპარტავნების მშვენიერი „გადამრთველი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინა უკან დახევას არ აპირებს. რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებლობა დღეს რეალურად არსებობს, რადგან აქამდე მას უკან დახევა უკვე მოუწია.
„უკრაინა უკან დასახევ ნაბიჯს არ გადადგამს. ამ მომენტში ამის გაკეთების არც შანსი და არც პერსპექტივა არ ჩანს. რუსეთი კი, შესაძლოა იძულებული გახდეს პოზიციები დათმოს, მან ბევრი პოზიცია უკვე დათმო. მის მიერ გაცხადებული მიზნებიდან პრაქტიკულად ვერაფერს მიაღწია და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
ომი გარკვეული ხანი მაინც გაგრძელდება, მალე დამთავრების იმედი, სამწუხაროდ, აღარ მაქვს, რადგან რუსეთი, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წავიდა, მან ტოტალურად ყველაფრის მობილიზება დაიწყო, რაც კი გააჩნია. ამ უზარმაზარ ქვეყანას კიდევ ექნება შანსი, სისხლი გაუშროს უკრაინას და მსოფლიოს.
მქონდა განცდა, რომ რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. რუსეთს გამძლეობის ძალიან სერიოზული რეზერვი აქვს და იყენებს კიდევაც მას. რუსეთისთვის ეს ომი დამანგრეველია და მისი ეკონომიკის აღდგენას წლები დასჭირდება. შედეგი რუსეთისთვის კატასტროფული იქნება“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა. ზელენსკის თქმით, პირად საუბრებში ოკუპანტებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
„ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც ჩვენ პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, 28 ივლისს - პირველად, ასეთი სასტიკი ომის დროს, დონბასში რვაწლიანი ომის შემდეგ, მაგრამ ჩვენ აღვნიშნავთ, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ. მხოლოდ მათ, ვინც არ იცის ისტორიის ჭეშმარიტება და ვერ გრძნობს მის მნიშვნელობას, შეუძლია, ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტოს. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა! ახლა ერთიანობის შენარჩუნება, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ და ამიტომ, ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ადრე ვერ გააკეთეს.
ეს ეხება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენს თავდაცვას, ჩვენს კურსს ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო. ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ ამას. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვესმის ეს მათ საუბრებში მუდმივად, თუ რას ეუბნებიან საყვარელ ადამიანებს, როდესაც მათ უკავშირდებიან. ამიტომ, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს და როგორც ყოველდღე, ხუთი თვის განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ხოო.... ხოო........ საცაა უკრაინა მოსკოვს აიღებს...
ველოდები ტაივანის გაგიჟებას.....მერე უფრო მოეხაზება რუსეთს