ომში ითრევენ თუ არა საქართველოს, ეს თემა ზოგჯერ ღიმილის საგანიც ხდება. ბევრს არ სჯერა, რომ უიარაღო, მცირეოდენი მოსახლეობის მქონე ქვეყანას „ველური დასავლეთი“ ისე გაწირავს, რომ რუსეთთან ბრძოლას შეაკლას. ის კი არა, 42-მილიონიან უკრაინასაც არ გაიმეტებდნენ საომრად, რომ არა უკრაინის გულმოდგინება, დასავლეთისთვის გაეწირა თავი და გადაშვებულიყო უთანასწორო ომში რუსეთთან.
ომში გვითრევენ თუ არა, ეს კითხვა მხოლოდ ქართველებს არ აწუხებთ. იმავეს ეჭვობენ მოლდოვაში, სერბეთში, უნგრეთში, სადაც ფიქრობენ, რომ მათ აიძულებენ სანქციებს შეუერთდნენ და ეს უკვე შანტაჟია. მოლდოვის ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს არც ის მოსწონს, რომ, სავარაუდოდ, უკრაინას მოლდოვის გავლით დასავლური შეიარაღება მიეწოდება, რაც საომარი მოქმედებების თანამონაწილეობას ნიშნავს: „ყოველდღე ასობით ვაგონი მიდის მოლდოვის გავლით უკრაინაში. სატვირთო მანქანები დალუქულია. არ გამოვრიცხავ, იქ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი იყოს, რაც დიდი საფრთხის შემცველია. ჩვენ უნებლიედ ვხდებით უკრაინაში საომარი მოქმედებების მონაწილე“.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არა მარტო სამხრეთ კავკასიის ომში ჩათრევა სურთ, არამედ შუა აზიის, მოლდოვის, სერბეთის, უნგრეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების. ყველა ხედავს, პოლონეთში რა ამბავიცაა, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.
„დასავლეთის ინტერესებში ყველანაირად იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. გაძლიერდება ეს ზეწოლა, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება უკრაინაში ტრაგედია. უკრაინა რატომაა ამ უბედურებაში? რა უნდოდა უკრაინას, ვინ შეეხებოდა უკრაინულ სახელმწიფოს? რა უფლებით შეეხებოდნენ? ხუთი თვის თავზე ყველაფერი გაშიფრულია, უბრალოდ, ქართველების ნაწილს არ უნდა არაფრის გაგება. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში მისი კრახით დასრულდება, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათას რუს ჯარისკაცს ხომ „შევაკავებთ“ ცოტა ხნით მაინც? ეს მოიტანს იმას, რომ ექვს ყველაზე დიდ ქალაქში ყველაფერი განადგურდება და განახევრდება საქართველოს მოსახლეობა. ცხადია, ზეწოლა იქნება, დღესაც არ არის ეს ზეწოლა და საფრთხე გადავლილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც მოსაზრებებით, თავისი სისუსტის გამო შეიძლება არ ეყოს პრინციპულობა ამ საქმეში, რომ არ დაღუპოს ქვეყანა და, თავისთავად, თვითონ ხომ დაღუპულები იქნებიან. ნებისმიერი ხელისუფლება არაფრად ღირს იმ უბედურებასთან შედარებით, რაც შეიძლება ქვეყანას მოუვიდეს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, იმისთვის, რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ხდება მსოფლიოში, მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირების პრიზმიდან უნდა შევხედოთ მოვლენებს. რაც უკრაინაში ხდება, გეოპოლიტიკის შედეგია, ეს არ არის რუსეთ- უკრაინის ომი. უკრაინა არ შეიძლება იყოს რუსეთის მოწინააღმდეგე, რადგან ვერანაირი პარამეტრით ახლოსაც ვერ მივა მისი პოტენციალი რუსეთთან სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ წინასწარ განწირულ საქმეს შეეჭიდა უკრაინა, რაც დიდი ჭკუა არ არის, მაგრამ ეს იყო გეოპოლიტიკის შედეგი.
ანალიტიკოსის აზრით, უკრაინა რომ ინსტრუმენტია, ამაზე დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, მხოლოდ ქართველი ე.წ. ორიენტირებული პოლიტიკოსები რაღაცას სულელობენ. ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა, რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება რუსეთის ირგვლივ, მით უკეთესი.
„რატომ იყო და არის შუა აზიაში პრობლემები? ეს ბრიტანელების ტექნოლოგიაა, როგორმე ააფეთქონ ყველაფერი, რისი აფეთქებაც შეიძლება, მათ შორის, სამხრეთ კავკასია. რა იყო აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომი, რომელიც გაყინული რეჟიმიდან გამოყვანილ იქნა? აღმოჩნდა, რომ ბრიტანელები იდგნენ ამ ომის უკან, მათ აღადგინეს კავშირი თურქეთთან და თურქები წამოსწიეს წინა პლანზე“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ომში ჩათრევის შესახებ ეჭვი შეიძლება გაჩნდეს, ეს გასაკვირი არაა. როგორ შეიძლება, საზოგადოება ერთ აზრზე იყოს ყველაფერში, მაგრამ ეს ეჭვი ხელოვნურად არ უნდა გაჩნდეს.
„ვიღაც არესტოვიჩის გამო, რომელიც რა ფუნქციას ასრულებს უკრაინაში, ესეც გასარკვევია, მისი განცხადება არ უნდა გახდეს დასავლეთთან დაპირისპირების საფუძველი. ან კიდევ, ვიღაც „ნაცმოძრაობიდან“ უკრაინაში მოხალისედ წასვლას თუ მოინდომებს ორი დღით, ეს არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს და ამერიკის ხელისუფლებას დავწამოთ, თითქოს მათ ომში ჩვენი ჩართვა სურთ. სერბეთს რაც შეეხება, ფაქტობრივად, სერბეთი რუსული პოლიტიკის ყველაზე მძლავრი დასაყრდენია მთელ ევროპაში. უნგრეთი თავის თამაშს თამაშობს და მისი მდგომარეობაც შესაბამისადაა შეფასებული ევროპაში. უნგრეთი ბედავს იმის თქმას, ომში მითრევენო, ის უკვე ევროკავშირის წევრია და ნატოს წევრია, ჩვენ ვართ გასაწევრიანებელი. თუ თურქეთი ბედავს იმას, რომ ორმაგი სტანდარტებით იმოქმედოს, მისი ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა. პუტინი რომ ალოდინა ერდოღანმა, ამას ვერ გაბედავდა გარკვეული წლების წინ, რადგან თურქეთის რეალური მდგომარეობა არ მისცემდა ამის საშუალებას. ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშიცაა, იმ მდგომარეობიდან უნდა ამოვიდეთ“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, გააძლიეროს ეს ქვეყანა, საჭირო გახადოს ევროპისთვისაც, მთელი მსოფლიოსთვისაც და მერე უფრო თავისუფლად შეგვეძლება სპეციფიკური გადაწყვეტილებების გატანა. მანამდე კი, სხვისი სათრევი როცა ვართ და სხვის სუფრაზე ვიმყოფებით, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.