სავარაუდოდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის ასარევად ფსონი არახამიაზე დადო და ამიტომაც ცდილობენ, ჩაშალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება

სავარაუდოდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის ასარევად ფსონი არახამიაზე დადო და ამიტომაც ცდილობენ, ჩაშალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება

სამი ოპოზიციური პარტია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესასრულებლად საერთო პოლიტიკურ მაგიდასთან ჯდომას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ევროპული მიზნის მისაღწევად დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ. თუმცა როგორც ჩანს, მათი რეალური მიზანი სრულიად სხვაა და ამ პარტიებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება საერთოდაც არ ადარდებთ. არ არის გამორიცხული, რომ ისინი შემოდგომისთვის ქვეყანაში ისევ მასშტაბური აქციებისთვის ემზადებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ თუკი ეს სამუშაო ჯგუფი ჩავარდება და გეგმის შესრულება არ მოხდება, მაშინ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აგორებისთვის მეტი საბაბი ექნებათ. არსებობს თუ არა შანსი, რომ მათი ჩანაფიქრი შესრულდეს და რეალურად ვის სურს ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება?

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონკრეტული პარტიების მხრიდან ბოიკოტი ხელს უშლის საკანონმდებლო დონეზე დაწყებულ ინკლუზიურ პროცესს და წინააღმდეგობაში მოდის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებთან. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს მცდელობა ალტერნატიული, პარტიული პლატფორმა შექმნას, რაც პარლამენტის დელეგიტიმიზაციას გულისხმობს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს მალე უპასუხეს ადრესატებმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კანონდარღვევაში თავად შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე „ქართული ოცნების“ უარი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს.

ოპოზიციას ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნის გამო აკრიტიკებენ ის ოპოზიციონრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოქმედ ჯგუფებში აქტიურად მონაწილეობენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის სამუშაო ჯგუფისგან გამიჯვნა, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაციის საკითხს და ასევე 12 პუნქტის შესრულებას ხელს შეუშლის. ეევროპარლამენტარები ზუსტად იმას ითხოვენ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთად დასხდეს და ამ თემის გარშემო კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ. საყვარელიძე ოპოზიციის ნაწილის ამ ქცევაში კონკრეტულ მიზანს ხედავს. მისი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ეს გეგმა ჩავარდება, მაშინ შემოდგომაზე ხალხის ქუჩაში გამოყვანის უფრო მეტი შანსი და მოტივი ექნებათ.

„თუ დავაკვირდებით ამ განცალკევების მომხრე ის პარტიები არიან, რომლებიც ადრეც რადიკალური ქმედებებით და განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ისინი ქუჩაში იდგნენ და, როგორც ჩანს, ისევ ქუჩის იმედი აქვთ. ფიქრობენ, რომ თუკი ოპოზიცია გაიყოფა და ცალ-ცალკე იქნებიან, იმის დიდი შანსია, რომ ევროპარლამენტარებმა თქვან, 12 პუნქტის შესრულება ვერ მოვახერხეთო. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება ვინაა დამნაშავე. მთელი პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებაზე გადადის. ესენი ყვირილს ატეხავენ, რომ ხელისუფლებამ ისევ ევროპას დაგვაშორა და ქუჩაში გამოდითო. ამ პარტიების ნაწილის დისტანცირება ამ სამუშაო ჯგუფისგან შემოდგომის აქციისთვის და გარკვეული არეულობისთვის მზადებას უფრო ჰგავს. კარგი, გავყვეთ ოპოზიციის ამ ნაწილის ლოგიკას, რომ „ოცნებას“ არ ენდობიან, რადგან თუ მას მიზეზი სჭირდება, ამ 12 პუნქტს მაინც ჩააგდებს, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ შენ დაანახე, რომ ამის მიზეზს არ აძლევ, აჩვენე ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ ეს მიზეზი „ოცნებამ“ იპოვა და შენ არ მიგიცია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა ძალიან თანხვედრაში მოდის უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას ბრალდებებთან და ჩნდება განცდა, რომ ოპოზიცია რაღაცისთვის ემზადება. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ სწორედ არახამიაა ის ფიგურა, რომელიც მათ გარედან ქვეყანაში არეულობის დასაწყებად ეხმარება. ამიტომაც მას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ემზადება რადიკალური ქმედებებისთვის და არა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის. მათ ინტერესში ქვეყანაში დეპოლარიზაცია არ შედის, ამიტომაც სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფისგან დისტანცირდა. თუ მას ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება სურს, მაშინ დასახულ გეგმას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან ერთად უნდა მიჰყვეს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისევ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, მათ ვერ შეიგნეს, რომ ქვეყანა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ზემოთ უნდა დააყენონ, ამიტომაც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და არავის მისცეს იმის თქმის საბაბი, რომ მათ ეს 12-პუნქტიანი გეგმა ჩააგდეს.

„სჯობს, ხელისუფლებამ იმუშაოს იმასთან, ვინც მასთან თანამშრომლობს, რა პორბლემაა. „ოცნება“ მიზეზს ეძებს, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა ჩააგდოს? - ოპოზიციამ ამის საბაბი არ უნდა მისცეს. კი ბატონო, თუ ხელისუფლებას უნდა ნებისმიერ მიზეზს იპოვის, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ პატარა მიზეზსაც ნუ მისცემს. გაგზავნონ ამ სამუშაო ჯგუფში თავისი წარმომადგენლები და თუ უნდათ, საერთოდ, ხმაც კი არ ამოიღონ, უბრალოდ დაესწრონ, რომ ხელისუფლებას რამის თქმის საბაბი არ ჰქონდეს. ოპოზიცია კარგად რომ არ იქცევა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საბოლოო შედეგთან. საბოლოო შედეგი იქნება ის, უნდა თუ არა ხელისუფლებას ამ 12 პუნქტის შესრულება. არ მგონია, ოპოზიციას იმედი ჰქონდეს, რომ შემოდგომაზე საპროტესტო მუხტს კიდევ ააგორებენ, ეს არის ზღაპარი და თუ ამის თავად სჯერათ, კიდევ ერთ მარცხზე წავლენ. „ოცნებას“ მოვუწდებ, ის ხალხი აიყვანოს, რომლებიც ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე თანხმაა და თამაშს თავი დაანებოს. თავად იყოს მართალი და ოპოზიცია, რომ შეცდომებს უშვებს, კისერს თავად მოიტეხს. ხელისუფლების შეცდომა ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება ისევ შემოდგომისთვის ოპოზიციის ნაწილის აქციებისთვის მზადებას, ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ ხალხში ეს მუხტი გაჩნდეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მართალია ჩვენს მოსახლეობას „ოცნება“ არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციაში ხსნას ვერ ხედავს. მათ არა აქვთ ახსნა, ოპოზიციას მხარი რატომ უნდა დაუჭირონ. ეს არის სწორედ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ხალხს ვერ აჯერებენ ამ ხელისუფლებაზე უკეთესები რით არიან.

„შემოდგომაზე არავითარი მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა არ იქნება. შეიძლება ხალხის რაღაცა წყება გამოიყვანონ და მერე ისევ დაიშალონ. ხალხში არავითარი ენერგია არ ჩანს, რომ ამ ოპოზიციას გაჰყვნენ, ასეთ ოპოზიციას, ისევ „ოცნება“ ურჩევნიათ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება კი ცალკე ტრაგედიაა, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროსაც საერთო პოზიციებს ვერ ნახულობენ. მე რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან წევრი ვიყო, „ოცნებასთან“ თანამშრომლობას ავირჩევდი. გამოვა თუ არა რამე, ეს სხვა საკითხია, თუმცა მე რომ არ დამბრალდეს ამ 12 პუნქტის ჩავარდნა, ამ სამუშაო ჯგუფში მათ ადგილას დავჯდებოდი“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

Aburjga Tasmanieli ფსონი არახამიზე დადო რასნიშნავს? ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ და არახამია დანიშნონ საქართველოს პრემიერ მინისტრად თურამე სხვა აზრი დევს ამ "ფსონში"?! ნაღდად ვერ გავიგე?! არახამია ჩამოვა და აქ ღარიბაშვილს შეცვლის? ! განმარტეთ ერთ თუ ჩემი ხათრი გაქვთ?!
2 წლის უკან
trampi ფსონი ვინ დადო არახამიაზე ...დასავლეთმაააა??
ანუ მათ სურვილის შესაბამისად აქ ხელისუფლება უნდა გადააგდონ და არახამნია დაგვისვააან??
ე.ი. ეგ რა გამოდის? რა გამოდის და ქართველ ხალხს ძაღლადაც არ გვადებენ, ...........ის გამოდის ...
2 წლის უკან