ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით, რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. 184 ჰექტარზე, რომელიც რუსეთის საკუთრება გახდა, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი (№8, 9 და 10) და დამხმარე ნაგებობებია, მათ შორის აუზები, რესტორნები, მიწისქვეშა კომპლექსიც, რომელთაც ერთმანეთთან ლიფტი აკავშირებს.
იქვე, მიუსერაში არის ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გობრაჩოვის სახელმწიფო აგარაკიც, რომლითაც აფხაზი სეპარატისტების ლიდერები სარგებლობენ და „აფხაზთა პრეზიდენტის რეზიდენცია“ დაარქვეს. როგორც ირკვევა, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა, მაგრამ ცნობილი მხოლოდ 11 ივლისს გახდა, მაშინ, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს.
ამ გასაიდუმლოებულმა გარიგებამ აფხაზები აღაშფოთა. ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას, ყველაზე მეტად ბიჭვინთელები აპროტესტებენ. 1 670 ადამიანმა მოაწერა ხელი საპროტესტი წერილს ასლან ბჟანიას სახელზე, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია 184 ჰექტარის გადაცემა მაშინ, როცა ამ ტერიტორიაში ექცევა ბიჭვინთელების საკუთრება.
მოსახლეობის სამართლიან კითხვას კითხვითვე უპასუხა თავად დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, რომლის განცხადებით, რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, მაგრამ გაძლებს თუ არა რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთი? მისი თქმით, ეს არის მთავარი კითხვა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ბჟანიამ ოჩამჩირეში მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ვრცლად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აგარაკი რუსეთის ფედერაციის სარგებლობაშია 1995 წლიდან და იქ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურია განთავსებული.
„ბოლო დღეებია, ეს საკითხი აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ხელმოწერილ შეთანხმებასთან ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეთანხმების ხელმოწერა შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. არიან ისეთებიც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. 2010-2020 წლებში ამ სახელმწიფო აგარაკთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობამ არაერთხელ მიმართა აფხაზეთს და არაერთხელ სთხოვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები მათ საკუთრებაში გადაეცათ. ეს საკითხი განიხილებოდა თავად პრეზიდენტ პუტინთანაც 2020 წელს.
არსებითად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობა-ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს და მე მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ობიექტს გადავცემთ არა ბიზნესსტრუქტურებს, არა შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, ჩემი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. სწორედ მისი მოსვლით, აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა. ობიექტის საზღვრების შეცვლას არავინ აპირებს. ობიექტის სტატუსი მუდმივად იყო შენარჩუნებული. მთელი ეს წლები იქ იმყოფებოდნენ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და დარჩენილია მისი რატიფიცირება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იცის, როდის გაიტანენ ამ საკითხს ე.წ. პარლამენტის სესიაზე, რადგან ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, ეს არის ოკუპაციის შედეგი და არა მხოლოდ ბიჭვინთის, არამედ მთლიანად აფხაზეთის პრობლემა.
„ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სწორედ ოკუპაციის შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ბიჭვინთის, არამედ მთლიანად აფხაზეთის პრობლემაა, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ. აქაც გამოსავალი არის გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლაში და იმაში, რომ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს ვაჩვენოთ, რა პერსპექტივა აქვთ მათ ერთიან საქართველოში“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და მოუწოდებს რეაგირებისკენ. „ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს. ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული.
„საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არ არის არანაირი ძალის მქონე. როცა აფხაზეთში რუსეთის ოკუპაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ყველა ფსევდოსამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები უგულებელყოფილი და გაბათილებული იქნება.
ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში არის ძალიან დიდი გაღიზიანება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთში პრორუსული განწყობების შემცირებას და პირიქით, ანტირუსული განწყობების დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, ეს კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აფხაზური საზოგადოების პროტესტის რეალურ მიზეზად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იმ ზოგად გაღიზიანებას ასახელებს, რომელიც მოსკოვის მიმართ აქვთ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მისი თქმით, წელს, საკმაოდ ბვერ ტურისტს ელოდებიან რუსეთიდან და თვლიან, რომ ტურიზმის გარეშე აფხაზეთი ვერ იცხოვრებს, მაგრამ არ მოსწონთ რუსი ჩინოვნიკების მოქმედება. რაც შეეხება ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკს, როგორც არეშიძე აცხადებს, აღნიშნული აგარაკი დიდი ხანია რუსეთს აქვს მითვისებული, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად არ აქვს გაფორმებული.
„იურიდიულად გაფორმების საკითხი დააყენეს ბევრად უფრო ადრე. ბჟანია ფეხს ითრევდა იმიტომ რომ, იცოდა, რა რეაქციაც მოჰყვებოდა. მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მერე პუტინმა სთხოვა პირადად, რომ ეს საკითხი მოეგვარებინა. რასაკვირველია, ოკუპაციიდან გადავიდნენ უკვე ანექსიაზე და პირველი ნაბიჯი იყო ბზიფის ტერიტორიის მითვისება, რომელიც გაიფორმეს. აფხაზურმა საზოგადოებამ გადასარევად იცოდა, რომ ეს აგარაკი ისედაც ჰქონდა მითვისებული რუსებს, უბრალოდ გაფორმებული არ ჰქონდათ.
გავიხსენოთ რა ნაბიჯები გადადგა რუსეთმა იმისათვის, რომ ანექსიისათვის მომგებიანი სიტუაცია შეექმნა? - გახსოვთ ის ცნობილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამართლებრივი თვალსაზრისით აფხაზურ სივრცეს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. ეს ხელშეკრულება ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, პრაქტიკულად, რუსების ხელში გადავიდა ამის კონტროლი. ვითომ ერთობლივია, მაგრამ აფხაზებს ამის არც რესურსი აქვთ, არც ტექნიკა და არც გამოცდილება. გავიხსენოთ საზღვრის საკითხი - რუსი მესაზღვრეებისთვის შეღვათიან პირობებში მიწების გადაცემის საკითხი, რაზეც ხელი მოწერილი აქვს აფხაზეთის წინა ხელისუფლებებს“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, როდესაც რუსეთი მიხვდა, რომ ღია მოლაპარაკებებით, რომელიც დაკავშირებულია მიწების კომერციულ გადაცემასთან, შედეგს ვერ მიიღებდა და გაუჭირდებოდა შედეგის მიღება, გადავიდა მოქმედების სხვა ფორმაზე, რომლის მიხედვით, აფხაზური საზოგადოების ინტერესები არის მეასეხარისხოვანი.
„მოსკოვი მუდმივად აშანტაჟებს მათ. დღევანდელი აღშფოთება არის ჭიქაში ქარიშხალი, ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ ახლა გადაირივნენ. თან ამის სულის ჩამდგმელი არის აფხაზური ოპოზიცია, რომელიც, როცა თვითონ იყო ხელისუფლებაში, იგივეს აკეთებდა და ასე იქნება მუდმივად. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც სილის გაწნას, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯებს რუსეთი დგამს იმისათვის, რომ დაშალოს აფხაზური საზოგადოება და საერთოდ მოსპოს. დღეს მიმდინარეობს აფხაზური ცნობიერების ეთნოციდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ბიჭვინთის საკითხი არის ერთ-ერთი კომპონენტი. დარწმუნებული იყავით, რომ ხვალ სხვა იქნება. არავითარი აზრი არ აქვს ამ პროტესტს. დავუშვათ, ბჟანია შეეწირება ამ ამბავს, ხვალ სხვა მოვა და იგივეს გააკეთებს. ვიდრე არ შექმნიან საკუთარ ეკონომიკას, მანამდე გამოსავალი არ აქვთ, თუმცა საკუთარი ეკონომიკის გაკეთების საშუალებას რუსეთი არ მისცემს, რაც ნელ-ნელა გაიგო აფხაზურმა საზოგადოებამ და კარგად ჩანს სოციალურ ქსელში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.